ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2013


თეთრი დილა

გამისივდა თავი, დამიმძიმდა ფეხები, გამიშრა პირი. ვყარვარ და ისე ცუდად ვარ, საკუთარი თავიც კი მეზიზღება. ასი გრამი მინდა, მხოლოდ ასი გრამი და ყველაფერი რიგზე იქნება… დღეს ბოლო დღეა, მორჩა, ბოლო დღეა... მხოლოდ ერთი ჩარტყმა... მეტი არ მინდა. ერთ ლარიანს ამოგაცლი, მარიკა, საფულედან, არ გაგაღვიძებ, ისე ჩუმად ამოვიღებ, რომ ვერ გაიგო. ეს ბოლო ლარიანი იქნება, მეტად აღარც გთხოვ და არც მოგპარავ... როგორ გეკადრება, ეს ბოლოა...

თავს მაღლა ვეწევი, წელს ვითრევ და სააბაზანოში შევდივარ.
ხუთი იქნება. ყოველთვის ამ დროს მეღვიძება... ამ სარკეს კი, ალბათ, დავამსხვრევ - გიგოსავით თვალებდასიებული ვჩანვარ.
გიგოს ფაიზაღი, ციროზი ექნება, გაყვითლებულია და თვალის გუგები ტრაკივითა აქვს გადმოდებული.
მარიკასი რომ არ მერიდებოდეს, დღესვე გადავაგდებდი. ძველი ჯობდა... ამაში გასიებული ვჩანვარ. არა და, გუშინ დიანა შემხვდა, პოლიტრა მქონდა წარტყმული, ისევ იმ ბიჭივით გამოიყურებიო, მითხრა.
მარიკამ თქვა, სულელო, ეტიკეტია ასეთიო.
მე ეტიკეტი არ ვიცი, ამ სარკეში გასიებული ვჩანვარ და, როცა იქნება, დავამსხვრევ.

მარიკა ჩემი დაა. ამ ბინაში ორნი ვცხოვრობთ. ამბობს, შენს გამო დავრჩი გასათხოვარიო, მე რომ სახლიდან წავიდე, შენ ვინ მოგივლისო.
მარიკას რომ გაეღვიძოს და ლარიანი მომცეს, ნაღდად დავუფიცებ, რომ ხვალიდან აღარ დავლევ.

ფულის შოვნის ორი ხერხი ვიცი. დღეს პირველს გამოვიყენებ: გავაღებ მარიკას საძინებლის კარს და  შევიპარები. საფულე, როგორც წესი, ჩანთაში აქვს, ჩანთა - გარდერობში. საფულეში ლარიანი, უეჭველად, ცალკე დევს.
დილით მეტყვის, არ გრცხვენია, ფულის პარვაც დაიწყეო და ნახევარსაათიანი ქადაგებით ტვინს გამიბურღავს.

მეორე ხერხი?
მარიკას საძინებლის კართან ბოლთას ვცემ და ვახველებ. მას ეღვიძება, ნახევარ საათიან წყევლა-ვიშვიშს მოყვება და ბოლოს ფულს მომცემს.
ახლა პირველი მირჩევნია, ბუზღუნის მოსმენის თავი არ მაქვს.

აბაზანიდან გამოვდივარ, ვიცვამ და მარიკას საძინებლის კარს ვაღებ. ყველაფერი რიგზეა - ლარიანი ადგილზე დევს, მარიკას კი გოჭივით სძინავს.
გოჭს ვეძახი. ბავშვობიდან ასე ვეძახი, თორემ მსუქანი არ არის.

ფუ, ლიფტი არ მუშაობს, ოთხი სართულის ჩავლა არ გინდა?! მარჯვენა ხელი გულზე მიდევს და მარცხენა მოაჯირს ეჭიდება - ფეხებს ეხმარება, რომ არ დავგორდე.

გზის იქით დარეჯანას ჯიხურია. დღედაღამ ღიაა. ეს ქალი იქ ვაჭრობს, იქ სძინავს, იქ ჭამს და იქ სვამს. მაგისი ქმარი ნოშრევანა მაგარი ჩაშვებული მასტია, არავის უყვარს. რამდენიმე წლის წინ ერთი მოთხრობა დაუბეჭდეს, თურმე დაDAთავს მწერალს ეძახის. ადრე სადღაც სხვაგან უცხოვრიათ, მერე ის ბინა მაგ ნოშრევანას თავქარიანობის გამო გაუყიდიათ. ორჯერ გაექცა დარეჯანას, მაგრამ ისევ დაბრუნდა. ეს ჯიხური ახლა მათი სახლიც არის და მაღაზიაც.

მივალ დარეჯანას წავეჩალიჩები. იქნებ პოლიტრა ნისიად მომცეს, თუ არა და ლარად ას გრამს დავასხმევინებ.

- დარეჯან, როგორა ხარ, ლამაზო?
- ლამაზო არა ისა...გასწი ფორთოჭკას მოაშორე თავი, ნუ დამახრჩე არყის სუნით!
- დარეჯან...
- არ არის საჭირო დარეჯან-მარეჯან, ნისიად არ ვიძლევი!
- მარიკა, ხვალ იღებს ხელფასს და ხო იცი?
- არაფერი არ ვიცი! ისედაც ოცდათექვსმეტი ლარის გაქვს წაღებული. მორჩა, მომშორდი!

ეჰ, როგორ აბლატავდნენ ეს ბოზები, ამათი დრო დადგა. ჩათლახების და ბოზებისაა ყველაფერი. ვაი, საქართველოვ!

- დარეჯან, აი, ლარიანი... ასი დამისხი.
- ჩამოსასხმელის გაყიდვა აგვიკრძალეს. არა მაქვს! წადი!
- ქვევით წავიდე კოლასთან? იმ სიშორეზე მიშვებ?

სხვა გზა არ არის - კოლასთან უნდა წავიდე. ამ დროს ახლო-მახლო სხვა არავინ ვაჭრობს.

- როგორ გამიმეტე, დარეჯან, მე ხომ ცოლად შენს მოყვანას ვაპირებდი.
- წადი შენი...

ფეხი ტროტუარიდან გზაზე გადამაქვს და ვბარბაცებ. ამ დროს ჩვენს ქუჩაზე მანქანა იშვიათია.
ყველაფერი უცებ ხდება: ჯერ თვალებში შუქი ელვასავით მანათებს, შემდეგ - საბურავების წივილი და დარტყმის ხმაა. ტკივილს გვიანღა ვგრძნობ.
ვტრიალდები და გულაღმა ვეცემი. დიდი არაფერი, მგონი, სარკე მომხვდა. გონებას არ ვკარგავ. ვხვდები, რომ მანქანა გაჩერდა. ამას მოჰყვა დარეჯანას ჩახლეჩილი მყივანი ხმა:
- კაცი მოკალით!

ალბათ, მარცხენა იდაყვი მომტყდა, მტკივა, მაგრამ ახლა ერთ პოლიტრაში მთელ მკლავს მოვიჭრიდი და მივცემდი.

გულაღმა ვგდივარ, მარჯვენა ხელი მკერდზე  მიდევს. ტკივილმა ცოტა გადამიარა. ყველაფერი რიგზეა... მთავარია, გულმა არ მიღალატოს.
ფეხის ხმა მიახლოვდება.
- ას თორმეტზე დავრეკოთ, - მესმის კაცის ხმა.
- რას ამბობ, სასამართლო, გამოძიება, მოწმეები... ქმარს რა ვუთხრა, დილის ხუთ საათზე შენთან ერთად რა მინდოდა? შენი ბრალია, საჭესთან არ უნდა დაგესვი.
თვალებს ვახელ... პირდაპირ ჩემს თავთან დგას... ლამაზი ფეხები აქვს...
- ამ ავარიას ჩემ თავზე ვიღებ, - ამბობს კაცი.
- მოიცა, ჯერ ნუ დარეკავ. ვნახოთ, იქნებ არც არაფერი სჭირს.
- არა, ქალბატონო, საჭესთან თქვენ იჯექით, - ამბობს დარეჯანა, - ჩემსკენ იხრება და პერანგის ქვეშ მკერდზე ხელს მიცურებს.

რა თბილი ხელი გქონია დარეჯან, შე ძუნწო. რა იყო, მოგეცა ნისიად.

- ამას რომ რამე მოუვიდეს, დავიღუპე, - ამბობს ის.

აუ, დარეჯან, გიყვარვარ, შე, ჩათლახო?!

- ქალბატონო, თქვენი ქმარია? ყველაფერზე მე ვიზრუნებ, - მესმის კაცის ხმა.
- ღმერთმა დამიფაროს, ქმარი არა... სამასი ლარის საქონელი აქვს ჩემგან ნისიად წაღებული.

აუ, დარეჯან შე ნაბოზარო, რა სამასი,  ოცდათექვსმეტი ლარი მაქვს!

- მაგ ფულს ახლავე გაგისტუმრებ, - ამბობს კაცი და ჯიბიდან საფულეს იღებს.

- რამდენია? - მესმის დარეჯანას უხეში მყივანი ხმა.
- ხუთასია და საჭესთან მე ვიჯექი.
- მე ამ კაცს არ ვიცნობ და არაფერი დამინახავს, - ამბობს დარეჯანა.

აუ, დარეჯან, შე ბოზო, შე, ჩათლაშკა!

-მკვდარია? - კითხულობს ქალი და იცუცქებს. მისი მუხლის თავები ჩემს თავთან ერთ მტკაველზეა, მინდა წამოვიწიო, მაგრამ თითქოს რაღაც მიწისკენ მეჭიდება, გულისცემის ხმა მესმის. ნეტა, ამ აურზაურს გაუძლებს, თუ გასკდება?
დარეჯანა იხრება. მკერდზე და ყელზე ხელს მისვამს.
-ამას, მგონი, არაყი უშველის, - ამბობს და მესმის მისი ფეხების ფრატუნის ხმა.

რა თბილი ხელი გაქვს, დარეჯან... დროზე ქენი, შენი დედა, შე ნაბოზარო!

- მოიცა, არაყი არა, ექიმი უნდა, - ამბობს კაცი.
- აცალე, თავისი საქმე თვითონ იცის, - მესმის ქალის ხმა და კვლავ იმედი მეძლევა.

ტუჩზე რაღაც მეხება, ნაღდად ბოთლია...

შენ გაიხარე, დარეჯან, შე ნაბოზარო.

ყლუპ, ყლუპ, ყლუპ...
ტანში სითბო მივლის, გული წყნარდება.

- ეყოფა, -ამბობს კაცი.

რა მეყოფა, შე ჩემა, რა მეყოფა?!

დარეჯანა ტუჩებიდან ბოთლს მაცლის.
- ექიმთან წავიყვანთ, - ამბობს კაცი.
- არყის ფული გადამიხადეთ! -მესმის დარეჯანას ხმა.
- რამდენი? - კითხულობს ქალი.
- ნემიროვი თხუთმეტი ლარი ღირს.

ვაი, რა ღორი ხარ დარეჯან, თხუთმეტი კი არა, რვანახევარი ღირს. ისიც მხოლოდ სამი ყლუპი დავლიე.

კაცი ჩემს წამოწევას ცდილობს. მე არ ვუძალიანდები. ეტყობა, ჯანიანია. უკანა სავარძელზე მსვამს  და უნდა ფეხები შემიკეცოს.
- მოიცა! - ვიძახი მე..
- ცოცხალია! - უხარია ქალს.
- რა გნებავთ? - მეკითხება კაცი.
- არყის ფული გადაუხადე?
- კი, - უკვირს კაცს.
- მერე სად არი არაყი? იმ ჩათლახს დაუტოვე?
- წადი, არაყი გამოართვი, - ბრძანების კილოზე ამბობს ქალი.

კაცს არაყი მოაქვს.
- რა გქვიათ? - მეკითხება ქალი.

რა მოულოდნელი შეკითხვაა. სახელის გახსენება რატომ უნდა მიჭირდეს? მგონი, ნიკოლოზი მქვია. კი, ნიკოლოზი მქვია. ნიკო, თუ ნიკა? არა ნიკოლოზი.

- ნიკოლოზი.
- ბატონო ნიკოლოზ, როგორ გრძნობთ თავს? - მეკითხება ქალი.
კაცი ბოთლს მაწვდის. რამდენიმე ყლუპს ვსვამ და ვახველებ.
- გტკივათ რამე? - თავს ჩემსკენ აბრუნებს ქალი.

ლამაზია, აუ, მაგარია. ასეთ პიდარასტს - ასეთი ქალი... ეს არის სამართალი?

ხელ-ფეხს ვიმოწმებ, წელში ვიშლები. თავზე ხელს ვისვამ. კეფაზე პატარა კოპი მაქვს, იდაყვმაც გამიარა, მაგრამ არ ვიცი, ამ ქალს რა ვუთხრა.
მანქანა ადგილს სწყდება.
- ჯერ მე მიმიყვანე და მერე ეს - ექიმთან! - ამბობს ქალი.

ბოთლი გავანახევრე. კარგად ვარ. შეიძლება ვიმღერო კიდეც.

„ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი...”- ვცდილობ, მელოდია არ შემეშალოს.
-სახლში წაგიყვანოთ თუ ექიმთან, ნიკოლოზ? - კვლავ უკან აბრუნებს თავს ქალი.

ლამაზია, ასეთ ქალთან ღირს...

- შენთან წამიყვანე, ლამაზო.

წამომცდა... ამის თქმას არ ვაპირებდი.

- სახლში გინდა თუ საავადმყოფოში? - ხმა გაიმკაცრა კაცმა.

სახლში მირჩევნია. ჩუმად შევიპარები. მარიკა ვერც გაიგებს. დავწვები, იქნებ დამეძინოს კიდეც. მალე გათენდება, მარიკა ადგება და ყავას მომიდუღებს. სანამ გაიღვიძებს, იქნებ ლარიანი მის საფულეში დავაბრუნო.

ჯიბეებს ვიქექავ და ფულს ვერ ვპოულობ. ცუდია. მარიკას ვიშვიშის მოსმენა მომიწევს.
- სახლში მინდა, მაგრამ სად არის ჩემი ფული?
კაცი თავს ჩემსკენ აბრუნებს და ფულს მაწვდის.
- ესღა დამრჩა, - მობოდიშებით მეუბნება.

ქაღალდის ფულია. ნეტა რამდენი იქნება?

ვართმევ და ჯიბეში ვიდებ.
მანქანა უკან ბრუნდება. გამოჩნდა დარეჯანას ჯიხური. გზის იქით მე ვცხოვრობ.
- გზის იქით გამიჩერეთ.
- სიარული შეგიძლია? - მეკითხება კაცი.
მანქანიდან გადმოვდივარ. ყველაფერი რიგზეა. არაფერი არ მტკივა. უკვე ინათა.

გაჩერებასთან სკამზე ვჯდები. ორ ყლუპს კიდევ ვსვამ.
გზის იქით დარეჯანას ჯიხურია.

მაგ ქალმა ჩემით მაყუთი გააკეთა. ის ფული ჩემია. აიღოს თავისი ოცდათექვსმეტი ლარი და დანარჩენი მომცეს. დიახ, დანარჩენი მე მეკუთვნის. წავალ,  ვნახავ.

მინაზე ვაკაკუნებ. დარეჯანა სარკმელს ხსნის.

-მოხვედი? ხომ კარგად ხარ? დათვერი? შემოდი.

რა უხარია ამ შობელძაღლს, ჰგონია, ფულს არ წავართმევ, თუ მაგისი ნოშრევანასი შემეშინდება?

დარეჯანა გარეთ გამოდის, წელზე ხელს მხვევს და კარისკენ მექაჩება.

რა თბილი ხელი გაქვს, დარეჯან? სად მიმათრევ?

კარს ხურავს და მკერდზე მეკვრება.

რა თბილი ძუძუები გაქვს, დარეჯან.

ხელს შარვალში მიყოფს.

მოიცა, ნოშრევანა სად არი? არაფერი მატკინო, დარეჯან.

გვერდზე ვიწევი.

ფუ, შენი. რა მომივიდა?

მოიცა, რა ხდება, რაღაც ვერა ვარ კარგად. აუ, ჩემი.. რა მომივიდა? ვერაფერს ვგრძნობ... არაფერი გამოდის... რატომ? დამერხა? კი არ დამერხა,  არ მევასება, მაგრამ რა თბილი ძუძუები აქვს...  პროსტო, საქმეზე მოვედი, ეს მკერავს და მე არ ვიკერები! აი ეს ნაღდია, მე არ ვიკერები! დიახ, მე არ ვიკერები!

- ჩემი ფული მომეცი, დარეჯან!
ხელს მიშვებს, ნაბიჯს უკან დგამს და კატასავით იბურძგლება.
კატები არ მიყვარს.
- რა ფული?
- ხუთასი ლარი... იმათგან რო აიღე!
- რა ხუთასი ლარი?!
დარეჯანა ხელს მკრავს.

ახლა უკვე გავბრაზდი, ახლა ჭკუაზე შევიშლები! დავამტვრევ, ყველაფერს დავლეწავ!

- შე, ჩათლახო შენა, მანქანამ რო დამარტყა და ფული აიღე, ის ფული მინდა!
რო გამყიდე, ის ფული მინდა!
ხელს მკრავს, ჯიხურიდან მაგდებს და წივის:
- რა მანქანამ დაგარტყა? სად დაგარტყა? ბელაია გაქვს!

ტროტუარიდან გადავდივარ და იმ ადგილას ვდგები, სადაც მანქანა დამეჯახა.

- აი, აქ დამეჯახა მანქანა. აი აქ დავეცი, შენი დედა... აი, აქ გამყიდე!
- დარეჯანას ვაგინებ, და ამ დროს ლარიანს ვხედავ.

ბელაია არა მაქვს. აი ლარიანი! მარიკას ლარიანი!..

მიხარია, ვიხრები, ვიღებ და ჯიბეში ვიდებ.

ბოზების დრო დადგა. ესენი გრიმიტობენ, მაგრამ ბოლოს ვნახოთ, ვაგრიმიტებ მე მაგას! გზის იქით გადავალ, ქვებს ავიღებ და მინებს ჩავუმსხვრევ. ჯიხურს სულ დავულეწავ. ჩათლახმა და პიდარასტმა არ უნდა გაიხაროს! მალე კაცების დრო დადგება! ჩვენი დრო დადგება! მერე ვნახოთ!

- დარეჯან, მაგრად დაგენძრევა იცოდე!
- სულ გაგიჟდი, კაცო?!


-გგონია, შენი პიდარასტი ნოშრევანა გიშველის? სული უნდა ამოგხადო, სული!
გზაზე გადავდივარ და მესმის დარეჯანას წივილი:
-ნოშრევან!

დაუძახოს, დაუძახოს, ფეხები არ მომჭამოს მაგისმა ნოშრევანამ.


ვქოშინებ, მეტი აღარ შემიძლია, გაჩერებაზე ვჯდები.

მაგ ქალთან ხვალ გავსწორდები. ახლა ძალიან მძიმედ ვარ, ინათა კიდეც, სახლში ავალ, იქნებ მარიკას მძინარეს მივუსწრო, ეს ლარიანი უკან დავაბრუნო, მაგის ბუზღუნს მაინც გადავრჩები.

რამდენიმე ყლუპიღა დარჩა, ვსვამ, ცარიელ ბოთლს ვისვრი  და სადარბაზოში შევდივარ.
-ერთი, ორი, სამი, ოთხი, - სართულებს ვითვლი და წინ მივიწევ.

გასაღები თან არ მაქვს, ეტყობა, შინ დამრჩა. ალბათ კარი ღია დავტოვე, ნამდვილად ღია დავტოვე...
არა! დაკეტილია!

როგორ არ მინდა, მაგრამ მომიწევს მარიკას გაღვიძება.

ზარს ვრეკავ, კიდევ ვრეკავ, კიდევ ვრეკავ. კარი იღება.

ეს ვიღაა? აქ რა უნდა?
შეუძლებელია!.. მარიკამ კაცი მოიყვანა?..
ნაცნობი სახე აქვს... რა უშნო სიფათია... როგორ დაღრიცა ტუჩები.

- შენა ხარ? - მეკითხება და თავს აქნევს.

ნეტა, რა თხასავით აქნევს თავს? ვინ ჩემი სირია! აქ რა უნდა?!

- მარიკას დაუძახე, გაიგე?! მარიკას დაუძახე!
-კარგი რა, ნოშრევან, მერამდენედ უნდა მოხვიდე?! რით ვერ გაიგე, აქ არ ცხოვრობ!

რა? აქ არ ვცხოვრობ?
რა? ნოშრევანო... მე ნოშრევანა ვარ?
ნოშრევანა კი არა, ნიკოლოზი ვარ! ნიკოლოზი! გაიგეთ, რომ ნიკოლოზი ვარ!!!

თავის ქალაზე შიგნიდან თითქოს ჭიანჭველები დარბიან და ტვინზე მასკინტლებენ. ვერა ვარ კარგად... ყველაფერი აირია. უნდა დავწყნარდე, ყველაფერი უნდა დავალაგო.
მოიცა, მე ნოშრევანა ვარ? ნოშრევანა ვარ?!

-ცუდად ხარ, გინდა დარეჯანს დავურეკო?

თხასავით აცანცარებს თავს. ჩემს სახლში შემძვრალა. რქები უნდა და ეშმაკია.
არა, რქებიც აქვს!

- დარეჯანას დედაც... და შენიც... გაიგე?!

ოთხი, სამი, ორი, ერთი... სადარბაზოდან გამოვდივარ და დარეჯანას ვეჩეხები.

- წამოდი, ნოშრევან, ცუდად ხარ.
მინდა შევაგინო, მაგრამ შეწუხებული სახე აქვს და მეცოდება.

მე არა ვარ საცოდავი, ხუთას ლარად რომ გამყიდა?

წელზე ხელს მხვევს. ძალიან, ძალიან თბილი ხელი აქვს. მივყვები, ჩემდაუნებურად მივყვები.

- დარეჯან, მე ნოშრევანა ვარ?
- ჰო.
- შენი ნოშრევანა?
- კი, ჩემი ნოშრევანი.

თავში ჭიანჭველები დარბიან და ტვინი მეფხანება.

მოიცა, მე ნოშრევანა ვარ? ის ნოშრევანა თხუთმეტი წლის წინ ერთი მოთხრობა რომ დაუბეჭდეს და თავს მწერალს ეძახის, მაგარი ჩაშვებული მასტი რომ არის და უბანში არავის ევასება, მთელი ცხოვრება დარეჯანასგან რომ გარბის და ვერ გაქცეულა, აი, ის ნოშრევანა ვარ?



მე ნოშრევანა ვარ.
მარიკა?..
მარიკა კარგა ხანია წავიდა და სულ მენატრება.

ნიკოლოზი?
ჩემი მოთხრობის გმირია. იმ მოთხრობისა, რომელიც დამიბეჭდეს.
ვერა და ვერ მოვიშორე ეგ კაცი.

- რა თბილი ხელები გაქვს, დარეჯან!
























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები