ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2013


ტელეფონით მოსმენილი ამბები

-ნუ ეტყვი დე...დაუმალე!
-რა დავუმალო დედა რა!?... რაც არის იმას ვეუბნევი, სიცხე რომ არ უვარდება ხომ ხედავს?. ..ისედაც ხვდება ყველაფერს!... ექიმმა, გაიყვანეთ სახლშიო, აზრი არა აქვსო...-მისი თანდასწრებით მითხრა.  ნერვიულად უპასუხა ბიჭმა ქალს.
ჩემს მარცხნივ და წინ ისხდნენ...დედა-შვილს გავდნენ და საუბრიდანაც მასე დავასკვენი.  ბიჭი ალბათ ასე ოცდაათს გადაცილებული იქნებოდა,ქალი სამოცს, მე მხოლოდ მათ ზურგებს და პროფილებს ვხედავდი.
-სავადმყოფოსთან გამიჩერეთ!...ხმამაღლა გასძახა ბიჭმა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს  და ადგა ...ახლა მარტო მის ზურგს ვხედავდი , მანქანის ვიწრო კორიდორში მიმავალს: გამხდარი იყო, ნაზი მხრებით. მათი შემხედვარე ვერც იფიქრებდით დარდის და ვარამის ზიდვა თუ შეეძლოთ. ქალი დარჩა ადგილზე. არც გაუხედავს ჩამავალი შვილისკენ. მოკუნტული იჯდა, შვილის დარდი ჩაედო თითქოს კალთაში და ზედ დასძახოდა: -ღმერთო, გადამირჩინე, ესეც  არ მომიკლას დარდმაო!...




                        ****
ჩემს გვერდით... ტელეფონის ზარი...
ამოიღო ჩანთიდან...-ხმელი არ ეთქმოდა არც მსუქანი, რაღაცნაირი ძვალმსხვილი და მკაცრი ქალი იყო აღნაგობით.
ყურები რომც არ ამეცქვიტა , მაინც ყველა სიტყვა მესმოდა, გვერდით მეჯდა  და...
-რა იყო?...როდის მიდიხარ...რომელ საათზე გახვალ? მოვიდოდი  იქამდე!...ხმაც მკაცრი ჰქონდა ,(არ შევმცდარვარ)
იქიდან რას ეუბნეოდნენ არ მესმოდა.უდავოდ შვილი ურეკავდა. მივხვდი.
-აიღე , მანდ დევს ოცლარიანი...ვაზაში...სიგარეტი იყიდე და  ორი ლარიც გზის ფული აიღე!...ხუთ ლარში რომ ჩაეტიო ისე...გაიგე?...ტონი უფრო გაამკაცრა.
გათიშა ტელეფონი და ჩანთაში ისეთი სიფრთხილით ჩაიდო,  ძალიან ძვირფას და სანუკვარს რომ ექცევიან...ზუსტად ისე. სახეში შევხედე...-საოცარი სითბო ედგა თვალებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები