ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2013


შიში

ნეტავ  იცოდე, რა მშიშარა ვარ,
ხმელ ფოთოლსაც კი ვერ შევედრები,
სანამ ვივლი და მანამ ვისუნთქებ,
ვიცი, შიშებსაც ვერ შეველევი.
განა სიკვდილის მაწუხებს შიში,
საშინელია მხოლოდ ტკივილი
და ყველა შიშზე უფრო ძლიერი,
აუტანელი სულის კივილი...
არ მეშინია თეთრი სუდარის
და გაფითრების, სანთლისფრად კანის,
არც გაშეშება ჯერ თბილი ტანის
და საბოლოო დახუჭვა თვალის.
საზარელია მხოლოდ ხმაური,
როდესაც ისმის დასაფლავების
და ის მომენტი, როცა ქალები
ტოვებენ ადგილს დასამარების...
ზურგს ვაქცევ საფლავს, უკან ვბრუნდები,
მაგრამ მაყრუებს მქუხარე ექო,
ლამის ავიკრა ყურებზე ხელი,
სწორედ ეს არის ჩემ შიშს რომ ეყო.
როცა შეწყდება ლურსმნების ექო,
მერე იწყება ბელტების ოხვრა,
მიწა მოწყვეტით ეცემა ფიცარს,
სასახლის ხუფის იწყება მოთქმა.
ჯერ თავგანწირვით იწყებენ კივილს,
მერე თანდათან ხმა ეგუდებათ,
სხვა რაღა დარჩა, ცრემლიან მიწას
დღეს სამუდამოდ ჩაეხუტება...
როცა ვეხვევი დარდის საფარში,
ვიგონებ დროში გაწელილ ტკივილს,
რა საშინელი ხმები ქონიათ,
ლურსმნის ექოს და ფიცრების კივილს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები