ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2013


მერე, ოდესმე

მე ხომ მიწა ვარ, მიწის ჭურჭელი,
მიწით მოვედი, დღემდე მოვდივარ,
ატმის კვირტების ნაზი სურნელის
ლექსის ფურცლებით სავსე ჭურჭელი.

ლექსს სიყვარული დამაწერინებს,
მერე ცრემლებიც მთხოვენ იმავეს,
ნათელი დღე და გულცივი ღამე,
კიდევ, რა ვიცი რამდენი რამე.

მე შევიცვლები,დრო ყველაფერს ცვლის
და შეიცვლება ჩემი არსებაც,
თოვლი რომ მოვა,ფრთათეთრი ფიფქით
ლექსებსაც ურცხვად გადამიფარავს.

მე დავდუმდები, დაველოდები,
მზის სხივს და სითბოს რა შეაჩერებს...
მზისვე ნაპერწკლით ამოვენთები
მას ხელგაშლილი შევეგებები.

ყინულის ცრემლებს რაღა გაუძლებს,
ამიტირდება ლექსები, თანაც,
თოვლი დადნება და ჩემს ჭურჭელში
მიწა და ცრემლი აზელენ ტალახს.

დამძიმებული ლაფით და ცრემლით
ჩემი ლექსები მომთხოვენ ქარებს,
მეც მოვინდომებ, კვლავ გავშლი ხელებს,
ზეცას მივაპყრობ ნაზამთრალ თვალებს.

გალაქტიკიდან მოვლენ ისინი,
ოჰ, იმ გაზაფხულს რა შეაჩერებს,
როცა ლექსები ფრთებს შეისხამენ
და გაჰყვებიან ზეცაში ქარებს...

მე კი დავრჩები, მე ხომ მიწა ვარ,
მიწასვე უკან დავუბრუნდები...
მერე მიწაში ვიფიქრებ ჩემთვის...
მერე, ოდესმე განვმეორდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები