ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
7 ნოემბერი, 2013


ესპოზიტო (დასაწყისი)

ორი დღე ნეხვი ამინდი იდგა ქალაქში. ისეთი კი არა – ძაღლს არ გააგდებენ გარეთო; არა, პირიქით. არც თქეში წვიმა იყო და არც ქარი წაგიღებდა სადმე. ტემპერატურაც ჩვეულებრივი, ოქტომბრის ბოლოს რომ იცის თბილისში. თითქოს ალაგ-ალაგ მზეც იჭყიტებოდა “პუსტა იაქესავით” - ცივად, უგულოდ და ცალკბილად. აი ისე, ერთი კვირა გადაბმულად ნამთვრალევს, დილით: ბორჯომი გინდა? – წინა დღეს ნაგინები სიდედრი რომ დაგხედავს და გეტყვის.
ეტყობა მზესაც არ სიამოვნებდა მოჟამული ქალაქის ცქერა და ხშირად ამოიფარებდა ხოლმე, რძეში გახსნილი ჭვარტლისფერ ღრუბელს, გაზარმაცებული მხატვრის უხეში “გრუნტოვკასავით” რომ გადაჰკვროდა ზეცას.
არც ჰაერი იძვროდა, მძიმე და რაღაც ჟანგიანი ჰაერი. ბეღურებიც, უფრო ზრდილობის გულისთვის, ზანტად, ჟივილ-ხივილის გარეშე კენკავდნენ სიმინდის ღერღილს, ვიღაც მადლიანმა რომ გამოიმეტა. მანქანებიც არ ჩანდნენ ქუჩაში. სევას გადაღრძუებულ “კადილაკს” თუ არ ჩავთვლიდით - მხოლოდ საქართველოში,  ოთხი მთავრობა, ბორბალდაუტრიალებლად რომ გამოიცვალა და ოფიციალურ “რეინკარნაციამდე”, კიდევ ერთ იმდენს რომ მოესწრებოდა, უეჭველი.
ქუჩის შაბაშს, რეზის და ოთოს შიგადაშიგ საუბარი არღვევდა მხოლოდ. ისინიც, თითქოს დისჰარმონიის შეტანას უფრთხიანო, არამას ყოფილ “საპოჟნი” ბუტკასთან, დღეს - ლომბარდ “მეცენატად” რომ გადაურემონტებია რომელიღაც ქველს, ამინდის შესაფერისად, მხოლოდ 2-3 სიტყვიან, მარტივ წინადადებებს გადაუგდებდნენ ერთმანეთს.
- ის ესპოზიტოა, თუ მეშლება? – იკითხა რეზიმ, ქუჩის ბოლოდან მათკენ მომავალ, ჭაობისფერ ქურთუკმოცმულ, ვიღაც “თავგაბინტულს”, რომ მოჰკრა თვალი.
- რა ვი? ტანსაცმელი ნაღდი იმისია და შიგ , ესპოზიტოც შეიძლება იყოს.
ფილ ესპოზიტო, ეს კი არა, ის, რეალური – ვის გვარსაც, მეტსახელად ატარებდა სავარაუდოდ ის, ჭაობისფერი ქურთუკი რომ ეცვა - კანადელი, ჰოკეისტი გახლდათ, ჰოკეის ნაციონალური ლიგის დიდების დარბაზში, სამარადჟამოდ რომ არის შეტანილი.
- რა გჭირს შე ჩემა? შემთხევით აგური დაგეცა თუ შეგნებულად გკლავდნენ? – დაინტერესდნენ დამხვდურები, შარვალ-ქურთუკ-დოლბანდს მიღმა, კოტე ასათიანი, იგივე ესპოზიტო რომ ამოიკითხეს.
- ეგ არაფერი, თქვენ როგორ ხართ? – გაღიმება სცადა მოსულმა.
- შენ თუ ის ღიმილი გგონია, რაც სიფათზე გახატია, ტეტანუსზე აცრას აზრი აღარ ჰქონია, ძმაო. დაასკვნა ოთომ. – აღარ იტყვი რა მოგივიდა?
- არაფერი, პატარა ვიჩხუბე რა? რა გაიკვირვეთ?
- რა პატარა ბიჭო? курскская дуга გამოვლილი ტანკივით გაქვს თავი. ვინ გჟვერა, არ იტყვი? – უკვე ამინდის არადარი აქტივობით დაინტერესდნენ რეზი და ოთო.
- რომ გითხრათ, არ დაიჯერებთ.
??
- სიდამონიძემ.
??
- არნომ, რა!.
- ვინ ბიჭო? იმ “პარიადოჩნიმ”? არნოლდამ როგორ დაგარტყა? ასეთი რა ქენი, მამაძალი?
არნო, არნოლდ სიდამონიძე, იმ იშვიათ წესიერადამიანთაგანთა რიგს განეკუთვნებოდა, ყველა ოჯახში სანატრელ შვილად, სიძედ, მამად და ა.შ. რომ იქნებოდა მიღებული. მხოლოდ დღესასწაულებზე, ისიც გამოზომილად სვავდა, არ ეწეოდა. მისგან: ყვირილი, ჩხუბი დავიდარაბა  – ა-პა-პა! კაცს არ სმენოდა ჯერ. სამსახური-სახლი. შაბათ-კვირას – ბაზარი, საყიდლები, საკუთარ და ცოლის სანათესაოსთან სტუმარ-მასპინძლობა. შიგადაშიგ: კინო-თაეტრი-კონცერტი. ოჯახის წევრებთან ერთად. ბავშვები: მუსიკა, ინგლისური, ქართული ცეკვა, ჭადრაკი. ოჯახი: ზაფხული – ქობულეთი, ზამთარი – ბაკურიანი. ბინა: ქალაქური პროექტის 2 ოთახიანი, მიშენებით. მანქანა: 9 წლის მერსედესი, ცე კლასი.
რას ერჩი? რას უწუნებ? ცხოვრობდა კაცი თავისთვის, მშვიდად და ზომიერად. ზომიერად ხელგაშლილიც ეთქმოდა. დაპატიჟებდი – დაგპატიჟებდა. მოიკითხავდი – მოგიკითხავდა. ერთი კვირით, ოც ლარამდეც ყოველთვის გასესხებდა, ვალის პატიოსანი დამბრუნებელი თუ იყავი. მოკლედ, ოჯახის მუჭუჭუჭობასთან ერთად, მეზობლობაშიაც ქაჩავდა არნოლდ სიდამონიძე, გაჭირვებაშიც დაგიდგებოდა და მუქთა ლექციასაც მოაყოლებდა ცხოვრების დიდაქტიკის დარგში.
- მთვრალები ვიყავით რა, ბაბოს დუქანში.
    -  ეეეე, ახლა უკვე ახურებ, კოტე! არნო მთვრალი ჯერ არავის უნახავს, მით უფრო ბაბოსთან. როდის იყო დუქნებში და რესტორნებში დადიოდა? – ეჭვი შეეპარა რეზის, ესპოზიტოს მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში.
    - არ გჯერა? ნუ გჯერა. ეგრე კი იყო...
    -კარგი, ეს იქით იყოს, მერე?
    -ნიკუშა, ლერიას უმცროსი  ძმა რომ არის და მაგის ძმაკაცები, ბაბოსთან შედიოდნენ, დუქანში. დამინახეს. შემოდიო, გადამეკიდნენ. ამ, გცალია-არმცალიაში, არნომაც გამოიარა და ბოლო-ბოლო, ყველანი ერთად შევედით. უფროსი კაცი ხარო და ბიჭებმა ის სირბანჯო დააყენეს თამადად. აუჰ! წაიღო რა ბიჭო ტვინი! იხმარა ვირის დედა, მე მაგის მაკარენკო მამას... ხმა არავის ამოგვაღებინა. მე, კაი ამხელა კაცი ვარ და მკიდია მამენტ მარა, გატანჯა ბიჭები.
  - ასე უნდა იცხოვროთ, ასე უნდა მოიქცეთ! ეს ასე უნდა, ის - ისე. თან კარგ მაგალითად სულ თავის თავი მოჰყავდა, აზრზე ხარ? მერე, ამასწინათ თვალი მოუკრავს  ნიკუშა, ეს – ჩვენი ლერიას ძმა რა, თავის შეყვრებულს კოცნიდა თურმე, ავტობუსის გაჩერებასთან. შეიყო, დაიტრიალა:
- ასე როგორ შეიძლება, კაცი ცოლთან ერთად მოვდიოდი და სირცხვილით სად წავსულიყავით, აღარ ვიცოდიო. -წარმოგიდგენია ბიჭო, რას შესწრებიან არნოლდა და აზა? - ირონია გამოეხატა სახეზე ესპოზიტოს.
- მე, ისე მოვიყვანე ცოლი, ნაკოცნი არა მქონდა მისთვისო. და უცებ: შენაო?
- გაიგე? მე მეკითხება მანცდამაინც, სამცოლგანაშვებ კაცს? - გულწრფელად გაიკვირვა თავშეხვეულმა.
- მერე, შენ რა უპასუხე?
- მე, ნაკოცნიც მაქვს და ერთი-ორჯერ ნახმარიც, ოღონდ უკნიდან მეთქი.
სამივეს სიცილი აუტყდა.
- რა გითხრა? 
- რაო მერე? - როდის-როდის ამოილუღლუეს, გადაბჟირებულებმა.
- ყბა ჩამოუვარდა. ჭამა რა.
- მერე ცოლად მოიყვანეო? – მეკითხება.
- არა არ მომიყვანია, მაგას როგორ მოვიყვანდი მეთქი? – ამაზე, სულ დაიბნა, ბრინჯივით.
- აბა შენი ცოლი როგორღა იყოო?
- მაიცა კაცო, შენ ჩემ ცოლზე მეკითხები? მე მეგონა, შენ ცოლზე მეკითხებოდი –მეთქი და ზემოდანაც კარგად შევაგინე. მერე გავუქანე და ვხიე.



დამთავრდება მალე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები