ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2013


#არ... #(2)

სიცოცხლე...
სუნთქვა...
მხოლოდ ინსტიქტი!

... და დღესაც ვჩქარობთ, გუშინდელივით,
თვალდახუჭული გავრბივართ სადღაც,
საით არ ვიცი,
მთავარია გავიქცეთ, (ალბათ)
ცუდი ჩვევაა,
უფრო ინსტიქტი,
ფიქრისთვის აბა სად გვცალია,
ფიქრს ვიგერიებთ,
გვბეზრდება და ვკეტავთ \"საკანში\",
მაგრამ არასდროს გვეზარება ჩაბმა კამათში.
სწორედ მას მერე,
რაც წარმოიშვა ჩვენში იმპულსი,
იმპულსი სიცოცხლისა,
ვცდილობთ გავიქცეთ,
\"ვაჯობოთ ყველას\"...
და ჰა, ექვსი მილიარდი დღედაღამ ვღელავთ.
ვღელავთ, რომ \"პაწაწინა\" ატომმაც კი
შეიძლება გაგვავლოს მუსრი
და რომ ჩვენს ყოფას განსაზღვრავს
სახელმწიფო და დოლარის კურსი...
დღემდე გვგონია, რომ ძალაა აღმართის მხვნელი,
ჰოდა ადვილი ხერხი გვიპოვნია დასამკვიდრებლად:
ოცდამეერთე საუკუნესაც ვიგერიებთ მარტივად_ქვებით...

არა, იმდენი კი მოვახერხეთ, რომ
გამოქვაბულში შევყავით ხელი,
მერე ნაქსოვი წინდასავით ამოვაბრუნეთ
და ამოვზიდეთ სართულებად,
ზევით და ზევით,
დიდ და პატარა ქალაქებად ვაქციეთ \"ხვრელი\"...
ყველაზე ვერ მოგახსენებთ,
მე ჩვენზე ვყვები,
ჩვენზე, რომელნიც შევყუჟულვართ,
ამ ქვებითა და რკინაბეტონით მოქსოვილ თვლებში.
სულ არ გვჭირდება ამ თვლებიდან გამოვყოთ თავი,
საკმარისია ჩვენს მისაღებში
გამოჭრილ \"სარკმელს\" ვადევნოთ თვალი,
რომ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს ამბებს,
რომ ჩვენი თავიც ამოვიცნოთ ამ \"ცისფერ ყუთში\".
ჰო, კინაღამ დამავიწყდა,
უმთავრესია სიცარიელე არ ვიგრძნოთ კუჭში...

რისთვის გვჭირდება ასეთი ყოფა?
ვერაფერს გეტყვით,
ჩვენ მთავარია გვქონდეს იმედი,
დანარჩენს კი გადაწყვეტს ღმერთი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები