ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2013


...

მე ალბათ დიდხანს ვეღარ ვნახავ,ამაყ ტეიდეს
და ალბათ დიდხანს ვერ მოვუსმენ შრიალა პალმებს,
დავუბრუნდები ჩემს რუსთაველს,მეტეხს,მეიდანს,
და ამ კუნძულის სადღეგრძელოს ოდესმე დავლევ.

ვეღარ გავიგებ,ბნელ ქუჩებში ფლამენკოს ოლეს!
არც ტენდერეტეს არ დაუკრავს ჩემი გიტარა...
მოხუცი ბაბა შემომახვევს დაკოჟრილ ტორებს,
დადა კი ალბათ სიხარულის ცრემლით იტირებს.

მე მივატოვებ ოკეანეს,თოლიებს,გემებს,
ვიწრო ხვეულებს,ხეივნებით მორთულ გამზირებს,
მაგრამ ვბრუნდები იქ-ნამდვილად რაც არის ჩემი,
სადაც ვუყვარვარ და პლანეტას სულ არ ვამძიმებ.

ჩემი არყოფნა დაეტყობა აქ მხოლოდ-ქუჩას,
ზღვისპირა სკვერს და უხალხობით მოწყენილ ღამეს.
ჩავეკონები ბროწეულის დახეთქილ ტუჩებს
და რახით მთვრალი,თბილისურად ვუმღერებ მთვარეს.

მე მივდივარ და ღმერთმა იცის თუ მოვალ კიდევ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები