ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2013


შენი სახლი (მთიელ გლეხს)

შენი სახლი ისეთ დამრეც ფერდობზეა,
კაცს, შორიდან, მიხატული ეგონება.
აფერუმ, რომ არ გაშინებს ეროზია,
არც წუწუნით შეგიბღალავს ეგ გონება.

მამა–პაპის მარანი და საწნახელი
შეგინახავს, როგორც წმინდა რელიკვია.
სხვას ყველაფერს დასტყობია შენი ხელი,
ამ ვენახსაც ახლა უკვე – შენი ჰქვია.

სიამაყით გადმოგყურებს სოფლის თავზე
ასვეტილი წინაპრების სალოცავი,
მისი მადლით გიდგას ყანა – პურით სავსე
და არ შრება ცხელ ზაფხულშიც წყაროსთავი.

შენს ეზოში ხილის მრავალფეროვნება,
ძველი ოდა, ღობე–ყორე – ბრტყელი თარხნის,
კაცს, შორიდან, დახატული ეგონება –
ისე თვალწარმტაცი მოსჩანს შენი სახლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები