ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2013


ბ ე ჭ ე დ ი

                  “ნეტავ სად მიდის სილამაზე?..”
                                            გ. ლეონიძე

ბებოს სადაფის ზარდახშაში ჩავყავი ხელი და
ბრმად წამოვიცვი არათითზე ერთი ბეჭედი.

- თითს რაც ამოჰყვა, შენი იყოსო, - მითხრა მაშინ
და მხოლოდ შემდეგ დამხედა ხელზე...
უძველესი ალმასის თვალი ბრწყინავდა თითზე,
თვალს ახარებდა და სულში კი სევდას თესდა...
სევდას უსაზღვრო სილამაზის გარდაცვალების.
ვერ დავინახე, ვიგრძენი მხოლოდ,
თითქოს შიშით როგორ მომუჭა ბებომ ხელი, -
“არ წამძვრეს და არ დავკარგოო”, - 
ბეჭედი თითზე მე მეკეთა,  ხელს - ის უჭერდა...

ალბათ ასეა, ამპუტირებულ კიდურებს რომ
გრძნობს ინვალიდი. 
და ვიდრე სტკივა, ვიდრე ისევ გრძნობს ამ კიდურებს,
ინვალიდად არ უჩნის თავი...

ფრთხილად გაშალა ბებომ მუჭი, თითებს დახედა
და არათითზე გაისვა ხელი...
ნატიფ თითს კვლავაც შერჩენოდა იმ ბეჭდის კვალი...
თავი ასწია, შემომხედა... “გაუფრთხილდიო” – ჩუმად მითხრა,
თავის ოთახში შევიდა და კარი  მოხურა.
თითქოს უნდოდა,  ყველა ძაფი გადაეჭრა ერთად, ერთბაშად!
ის მოგონებაც წაეშალა, რაც  წარსულთან  აკავშირებდა.

კარებს მივვარდი...
“აღარ მინდა, ბებო, ბეჭედი,
დაიბრუნე... ნუ სტირი ოღონდ”, - ამოვიყვირე
და ბებოს წინ მუხლზე დავეშვი,
დავუკოცნე საყვარელი თლილი თითები,
თბილ კალთაში ჩავუდე თავი.
“ჩემი პატარა...” – გავიგონე ბებოს ჩუმი ხმა...
თვალი დავხუჭე...
ბეჭედი ოდნავ დიდი მქონდა, - სწრაფად წავიძვრე
და ბებოს თითზე წამოვაცვი,
ჩვეულ ადგილას დავაბრუნე ძველი ალმასი...
ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი,
ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა!
ათრთოლებული ხელისგული ვიგრძენი თავზე.
ჩემი თითები მოიმწყვდია ხელში ბებომ და
ის ბეჭედი კვლავ გაბრწყინდა ჩემს არათითზე...
- ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო, -
ისე მითხრა, ვეღარ გავბედე
სახსოვარზე მეთქვა უარი...

“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები