ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2013


გაილია, გზები წელთა ჯირითებად..

გაილია, გზები წელთა ჯირითებად.
გაცვდა სიტყვაც, ფიქრიც გაცვდა გასაცვეთი.
გრძნობა გულთან უკვე ვეღარ ირითმება,
დარდის დარდად, ცრემლის ცრემლად  დასაწვეთი..
მეც აღარ  ვარ, ვიღაც ქალი აბდაუბდობს,
ბონდის ხიდი გაუდვია კოცონს, ხიდად,
დაბნეულხარ. სად მოსულხარ სადაურო,
ვინ გიყურებს, ვინ დაგცქერის სიმაღლიდან..
ალბათ ვისაც ეკლის გზებით არ უვლია,
და რაც განვლო, ოსტატურად გააპროზა,
ვისთვის სხვათა დარდი დღესასწაულია,
თანაგრძნობა – სათნოების ყალბი პოზა..
ვინ გიყურებს, ვინ დაგცქერის სიმაღლიდან..
რატომ წყალს არ ეკიდება ახლა ცეცხლი,
მზის მეხოტბე  ყველა სადღაც მინახირდა,
იქით, სადაც სულზე მეტად ფასობს ვერცხლი..
ჩაიარე, მთვარის შუქი აგეკიდა,
ცის სინაზით, სიოს ნაზი სალამურით,
წაიქეცი და ცრემლიან თვალებიდან,
მაინც გიცნეს. სად მოსულხარ სადაური..
გაილია, გზებიც წელთა ჯირითებად.
ამ ქაოსში ჩავლილ დარდებს  არ ითვლიან,
გრძნობა გულთან უკვე ვეღარ ირითმება,
და უსინჯავ მაჯას დროის არითმიას.…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები