ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2013


*** მინიატურები


* * *
_რა გნებავთ?
_ზოოპარკის დირექტორი გახლავართ. ჩვენი ზოოპარკიდან ერთი თვის წინ პუდუ გაქრა.
_საქმე გახსნილია.
_მართლა? სად არის პუდუ?
_გამოძიებამ დაადგინა, რომ პუდუ ღია ვოლიერიდან გაფრინდა.
_როგორ? გაფრინდა?
_ ვოლიერი ზევიდან ღია იყო?
_იყო.
_ღია იყო და გაფრინდა. ასე, ფრრრ... როგორც მიფრინავენ-ხოლმე.
_პატივცემულო, პუდუ ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
_ირმისებრთა?
_ირმისებრთა!
_და თქვენ გინდათ თქვათ რომ გამოძიება შეცდა?
_როგორ გეკადრებათ... მე ყოველთვის მჯეროდა... ყოველთვის!
_რის გჯეროდათ?
_ის არსებობს!
_ვინ?
_სანტა კლაუსი ! აბა გამოძიება ხომ არ შეცდებოდა. გმადლობთ ბავშვობა რომ დამიბრუნეთ!  გმადლობთ!

***



_ბერიკაცო, ხომ ხედავ შაკიკი აღარ მეშვება, ორი დღეა საწოლოდან ვერ ვდგები, წადი გაღმა სოფელში, შელოცვა დააწერინე თავკოჭილა დედაბერს, იქნება მეშველოს რამე.
_გახედე გარეთ, დედაკაცო, თოვს.  მიმეტებ?
_ვერ ხედავ რამხელა ფანტელებია?! თოვლიჭამიაა ეს. ასე რომ თოვს, კი არ ემატება, აკლდება. ხომ ხედავ ვკვდები ქალი. აგერ, გობს ამოვაბრუნებ და თოვაც შეწყდება.  შენ ოღონდ წადი.
_წავალ, სხვა გზას არ მიტოვებ. _მოხუცი ადგა, თბილი ქურთუკი მოისხა, ფეხზე რეზინის ჩექმები ამოიცვა. კარი გააღო და ნამქერი სახეში შემოეყარა.
_თოვლიჭამიაა , გეუბნები, ნუ გეშინია._ დედაბერმა დიდი თასი გაიტანა აივანზე და პირჩაღმა  დადო. თან რაღაც შეულოცა და  ხელი სამჯერ შემოჰკრა. _აჰა, ესეც გაჩერდება ახლა. ჭიშკარს გაცდენილი არ იქნები. _გაიღიმა  და შერჩენილი კბილები გამოაჩინა .
_მივდივარ, მივდივარ!

მოხუცი დაღმართს მიეფარა. პირველივე სახლთან დაიფერთხა თოვლი , დააკაკუნა და  შევიდა.
_ოჰ, გამოგაგდეს სახლიდან? _გაიღიმა მასპინძელმა.
_ რეზო, გამოიტანე ნარდი! _ჩამოჯდა  ღუმელთან  და გაიღიმა.  შემდეგ  მაგიდასთან მჯდარ პატარა ბიჭს მიუბრუნდა: _ ბაბულიკა, მომიტანე საწერ-კალამი  , შენს გაზრდას.
_ისევ შაკიკი აქვს შენს ცოლს?
_კი, შაკიკი აქვს. მომეცი ბიჭო ფურცელი , შევულოცო უნდა.
_უკუღმიდან დაწერე. უფრო გაჭრის._გადაიხარხარა რეზომ. _კი მაგრამ , ასეთ ამინდში როგორ გაგიმეტა?
_სული მწარეა, ჩემო რეზო. თან, თოვლიჭამიააო ...
_თოვლიჭამია კი არა, კაციჭამიაა აგი. ვერ ხედავ , აავსო ქვეყანა?!
_ვხედავ, მაგგრამ მაგის მეტი აღარავინ დამრჩა და მაგიც თუ ჩაწვა, რაღა მეშველება მერე .  მოდი, ზარი გააგორე!

_მოვკვდი დედაკაცო! გააღე დროზე კარი! დამმარხა თოვლმა.
_დაბრუნდი? შენ შემოგევლე!
_დავბრუნდი. ძლივს მოვაღწიე სახლამდე.
_რა ქენი? დაგხვდა?
_დამხვდა. თავკოჭილას სულ დავსებია  ყური. მაგან მკურნალობა იცოდეს, თავის თავს უშველიდა. აგერ, შელოცვა დამიწერა. ორია. ერთი წყალში გალესოს და დალიოსო, მეორე _ დაწვას და შეიფუტოსო.
_ ვახშამი მზადაა, შენ რომ გიყვარს იმნაირი ამოლესილი ლობიო და მჟავეა. აგერ, არაყიც ჩამოისხი, არ გამიცივდე. მე საქმეს მივხედავ.

_როგორ ხარ დედაკაცო? _ მოხუცი ფანჯარასთან იდგა და ფანტელებს გაჰყურებდა.
_აგაშენა ღმერთმა! იცის მისი საქმე თავკოჭილამ. შენ კიდევ იცინი ყველაფერზე.  ერთი საათი არ გასულა და თავი სად მაქვს აღარ ვიცი.
_ოჰ... ახალი ამბავი...  ისე, კიდევ კარგი  სახლში დამხვდა. დედაკაცო!
_რა იყო?
_გადი  გარეთ, გობი ამოაბრუნე, ითოვოს ცოტა!
_ შიგნით -გარეთ ერთნაირად დაგრეხილი ხარ! გადი და მაგ გობით ხეჭეჭური  შემოიტანე  ნალიიდან. პირი გავისველოთ!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები