ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ივნისი, 2014


ქვიშის საათი

მან გაიარა სრულიად სხვა გზით,და დაინახა უმზერი ფერი.
ეს საუკუნე სახელად მაგი,კოსმოსი სავსე წასულთა მზერით.
და ალბათ მაშინ დაიწყო წერა...(სუფთა  იყო და უმალ გარისკა!)
ის ჰგავდა მკვეთრ ნოტს,მოულოდნელად აკრეფილს ცაში,შუაღამისას.
სევდა მოწვეთდა ყველა სიოდან და ჩაუსახლდა კითხვა თვალებში.
საკვირველია,როგორ სციოდა ამ წუთისოფლის სიმხურვალეში!
ებრალებოდა მთვარის სხივს თითქოს,-ესტუმრებოდა მქრქალი იერით,
(მაინც არ უთხრა,თუ რატომ იყო გაზაფხულები ასე ცბიერი!)
მაინც არ უთხრა,-რომ დრო კრულია,რომ ყოველ "მე"-ს სდევს ხმა ორეულის,
ყოველ ღიმილში დასასრულია-ასე სასტიკი და შორეული!
წუხდა,სციოდა,მაინც არ დათმო ფიქრი,მიზეზი მრავალ ჭრილობის
და არასოდეს არ იყო მზად,რომ დედამიწისთვის ეთქვა-"მშვიდობით"!.
უცქერდა წამთა ურთიერთშეხლას,გაუსხლტა სოფლის საშიშ თილისმებს
და საკუთარ თავს უეცრად შეხვდა სულ სხვა ცაზე და სულ სხვა ბილიკზე.
მოგონებათა ლივლივებს ტბორი(რაღაც სხვა ფერი,თუმც არა მუქი)
განვლილი ზამთრის თოვლივით შორი,არავის მიერ ხილული შუქით.
ყველა ასრულებს მისეულ სოლოს,მერე სამყარო ორად იყოფა,
დასრულდება კი ბოლოსდაბოლოს დაბადებათა მარადისობა?
ასე ახსოვდა,ფეხი დაუცდა ვარსკვლავიდან და ჩავარდა წყალში.
ო,მკაცრი იყო მდინარე,თუმცა ბოლოს დუდუნით გაუშვა ბავშვი.
ის ამოვიდა წყლიდან და უცებ შეაკრთო მთვარის ყვითელმა ბგერამ.
და დაინახა მინავლულ შუქზე ცა-მოკიაფე ყარყუმის ფერად.
და შეეგება წუთისოფელი წითელ მზითა და დღეთა ხმაურით.
ასე შეიცნო მიწის ლოცვები და თაკარა ცის დღესასწაული.
შებინდებისას მალვით ხატავდა თოვლის დაისის უსმენ გალობებს.
-მარტო დამტოვე!-უთხრა ზამთარმა-გაზაფხულამდე მარტო დამტოვე!...
ცად ანგელოსთა შრიალებს დასი უიდუმალეს სინათლის მფენი.
განზავებულა გარინდებაში წარსულისა და მომავლის ფერი.
კაცობრიობა ეკრანს გავს მოშლილს,აღარ გაისმის:-შეჩერდი წამო!
ამაოდ კემსავს მზე წუთისოფლის უხეირო და დაძონძილ სამოსს.
და აჰა დღეის დაისიც ჩაქრა,-აღარ სწუხს კაცთა წუწუნს და წუხილს.
-ო,უკაცრავად,რა დროა ახლა?-შემოდგომა და 00 წუთი!
ის წერდა:-ყველა,ყველა მოვეშვით.არ გვესმის უფლის ძახილი:-აღსდექ!
და ვცხოვრობთ მარტივ სიმარტოვეში-ფერად ვარსკვლავთა კაშკაშა თაღქვეშ.
ჩუ!მდუმარების საათი რეკავს,დიდი სინათლე ამბობს:-მოხველი?!
ამ მარადიულ,ერთადერთ კითხვას ყრუდ იმეორებს წუთისოფელი.
ის წერდა მკაცრად,ჟინით და თრთოლვით:-"მზე ყველას თვალის გუგაში ცხოვრობს.
არ შეიყვაროთ სიცილი თოვლის-მას ხომ მაინც მზე მოუღებს ბოლოს!!!"
ის წერდა:-ეჰა დაძრწიხართ როგორ!ქალი და კაცი,ბერი და ყრმაი...
ვინ შეესწრება ბოლოსდაბოლოს-სიბნელისა და სინათლის ყაიმს?!
აქ ყველა,ყველა,ყველა მარტოა.თავშესაფარად იპოვეთ ლოცვა!
ხედავთ?დაისი ისე ახლოა.აქ აღარავის სჭირდება მოსვლა!
ყველა ფურცელზე(ასე ენება!)ცრემლის ნაკვალევს ჯიუტად შლიდა
და შესცქეროდა ქვეყნიერებას ჩუმი ღიმილის მეორე მხრიდან.
იმარცვლებოდა დღენი ასე და (თუმც წუთისოფლის ახრჩობდა შმორი!),
ის მარადიულ დუელს აღწერდა ცოდვილ კაცსა და ცოდვილ "მე"-ს შორის.
წერდა:-ვერ ამჩნევს კაცი სინათლეს და საკუთარ თავს არ ქაჩავს:-ადექ!
და კუთვნილ დღეებს ისე მიათრევს,როგორც მეთევზე ცარიელ ბადეს.
წერდა:
-"მისმინე!
დედამიწიდან ცა-სიცარიელეა გამჭვირვალე,გამჭვირვალე ვარსკვლავებითვე მოპირკეთებული.
აქ-უჩვეულოა ყოველი მოსვლა დაძახების გარეშე!
და
ბუნების ხმაც უჩვეულოა_(თითქოს მას უხმობს,ვინც ვერასდროს გაიგებს ძახილს.
აქ-
სიცარიელისფერი ციმციმია,ჰაერში გაფანტული.
ხოლო-
ხეები განსაკუთრებით ზამთარში ემსგავსებიან მდუმარებას.
(თავად მდუმარება-ფიფქებად ჩამოიკრიფება-ხოლმე ციდან...)
ხოლო ბუ,კივილით რომ შეერევა ღამეულ გრიგალებს,ასე ამბობს:
-მხოლოდ არშობილს აქვს ალიბი,რომ არ შეუცოდავს!
და შენც ის გრძნობა გეუფლება,როცა გასაქცევი ხარ სამყაროსგან-გაქცევა კი არ გსურს!
ამიტომ
          ჩანჩალით
                        მიჰყვები
                                    უსასოობის
                                                    საცოდავ
                                                                ნაფეხურებს
                                                                        და ჩურჩულებ:
-ეჰ,ბედნიერო ყრუებო სამყაროს მიმართ!"
        წერდა:-
"აქ გათიშვაა ყოვლის,ნუ შეეცდებით მოსვლას!
მხოლოდ აქ,მარტის თოვლი ამბობს წასულთა ლოცვას.
და თუკი ჰკეცე გზაი,თუკი მოხველ და ივნე
-რატომ გადარდებს მაინც,ხომ არ გეძახის ვინმე?!
ყური მიუგდო იქნებ ზანზალაკების ჟღერას.
მითხარი,ღრუბლებისკენ რატომ გაგექცა მზერა?
ხომ იცი აღარ გათბობს იების ლურჯი ცეცხლი.
სამწუხაროა,კაცო,აწ ვეღარაფერს შეცვლი!
ეგებ განქარდეს ნისლი და სინანული იშვას...
ეჰ,წაუკითხავ წიგნის ჰგავხარ ძახილის ნიშანს!
იყო ფერების ფეთქვა(რუხის და ყვითლის გარდა!)
და წეროების ცეკვა დამშვიდობებას ჰგავდა.
ახლა მარტის თოვლს უმზერ,იცი,ჟამია მალვის,
-ამ საუკუნეს,მუდრეგს,დარდი არა აქვს არვის!
თუმც გავხარ დაღლილ ნიღაბს,ო,არ გსურს ჩაიმუხლო!
-აქ ხარ?-იძახის ვიღაც.-არა!-პასუხობ უხმოდ.
გეყო,რაც ძახილს ენდე!წინ ბილიკია ვიწრო.
იქ-ვიღაც ჯიქურ ეძებს სინათლის უცნობ ღრიჭოს.
იქ-ვიღაც ხარობს.ტირის.შენ კი მშვიდი ხარ უკვე
და მაჯისცემას წვიმის,გარინდებული უსმენ.
იცი თავი და ბოლო ამაღლების და ცოდვის.
რომ მას უცდიან მხოლოდ,ვინც არასოდეს მოდის!
იქ-დედამიწა უყვართ უჰაერო და უწყლო.
აქ-გაუშიფრავ რუკას-კოსმოსს შესცქერი უხმოდ.
არ გახსოვს არარაი,არც იქაური შიში.
იქ-ახსენდებათ მაინც ჟამი,შენი და მისი!
დაჰქროდა ათასფერად და გიჟმაჟობდა მარტი.
და შენც უსმენდი მზერას,ვით მელოდიას მარტივს.
-აწ დაღლილი ვარ მზერით!-თქვი უბრალოდ და მოკლედ
-და სულიც აღარ მღერის ყველაზე მაღალ ნოტზე!
სიტყვა-სხივს ჰგავდა ეულს და ჟრუანტელის კვალი
-ოდესღაც დასიზმრებულ უიდუმალეს ყვავილს.
ეს გაგახსენდა იქაც,როს მერე,მერე,მერე,
-განთიადისას ითქვა:
-ჟამი მოკლეა.წერე!
"მისმინე.აქ ხანდახან სინათლის პაჟი მოგეახლება თეთრი ხმითა და თეთრი თმებით,
და გეტყვის,რომ მიმალულია სილამაზე მხოლოდ იმიტომ,რომ ადვილად ვერ იპოვო!
არ გეგონოს ,რომ მას ფერდობთა ძირში ჩატბორილ ნისლში იპოვი,
ანდა შემოდგომისეული ლელიანის ეფემერულ ელვარებაში.
არც იმ ვარსკვლავზეა,ღამეს რომ დარჩება სიჩქარეში ცის კაბადონზე.
გეტყვი საიდუმლოდ:-ის უჩინარ ქვეყანაშია,დუმილის მიღმა რომ არსებობს!
მასთან ზოგი გამარჯვების სიმდაბლე არადა,ზოგი დამარცხების სიდიადე მიგიყვანს.
და კიდევ,გალობა სულის-ჩიტის ცრემლივით იშვიათი და უცნაური.
შენ კი -ყოველღამ გელანდება ეტლით მგზავრობა პარიზისაკენ!

დროა!-იგრძენი შვება საამო,შენ რომ გიყვარდა,ის დრო იგრძენი!
სახურავებზე წვება საღამო,ნაკვერჩხლისფერი-ანუ წითელი.
გაქვავებულებს უმზერდი ხალხებს და უთხარ:-კმარა,რაიც ილოდეთ!
მზე გააჩაღეთ!!!
მზე გააჩაღეთ!!!
მზე გააჩაღეთ სულის ტილოზე!!!
შემოგაცქერდნენ სულ ერთი წამით(მათ ხომ სურთ მუდამ არრა ახსოვდეთ!)
და მიდიოდა ქირქილით ჟამა,რომ მოსულიყო აღარასოდეს.
შენ მაინც იგრძენ შვება საამო!შენ რომ გიყვარდა,ის დრო იგრძენი!
სახურავებზე წვება საღამო-ნაკვერჩხლისფერი,ანუ წითელი".

წერდა:
-"მაინც როდის მოხვდი ფერად ზმანებათა თავშესაფარში?
მაშინ ხომ არა,როცა იმ უფსკრულს გაურბოდი,სულში რომ გქონდა და იცოდი,სადაც იყო?
მაშინ ხომ არა,როცა ამაოებაში ეფლობოდი და გაკრთობდა,გაწვალებდა საკუთარი გაოგნება?
მაშინ ხომ არა,როცა ღამით ისეთი შეგრძნება გქონდა,
თითქოს ვიღაც,შენს გვერდით თავს ურტყავდა კედელს და ის ხმაური გაშფოთებდა ხანგამოშვებით?
აწ როგორ დააღწევ თავს ფერად ზმანებათა თავშესაფარს,
ასე სურნელოვანსა და მელოდიურს-ბალახის სიმღერასავით,
ასე ამოუცნობსა და საინტერესოს,როგორც სიზმარია უკანასკნელი?
უნდა გაექცე ამ თავშესაფარს,როგორმე უნდა გაექცე!
რადგან სხვაგვარად დიდებულია თავისუფლების სინათლე...
(ამ თავისუფლებით ხომ ქრისტესთან შესახვედრად დავიბადეთ!)
ხოლო მასთან,ახალ პლანეტაზე,
ყოველივე ისე გამჭვირვალეა რომ სიტყვები აღარაა საჭირო.
შენ კი-რა ამაოდ ატარებ მზერით გაწბილებებს!

გძულდათ ერთურთი!მაინც-მიბარბაცებდით ერთად.
ასე დაგცინცლა ჟამმა კრიალოსანი წელთა.
ჩასცქერ მდინარის ლივლივს,ამბობ:-სინათლე მეტი!!!
შენ ხარ მკაცრი და მშვიდი,შენი ლანდი კი-ცეტი.
ხან ცისარტყელა გათბობს ფერებად გადაწნული,
ხან ისე გცივა-ატყობ,ლოლუად გექცა გული.
ნათლის აქვეა გზაი!ჰფიქრობ-"ჟამია პოვნის...
(რა კარგი ქნა,რომ მაინც ჩუმად წავიდა თოვლი!)
შებოჭილი ვარ ერთობ-ამაოების ნისლით.
შემხსენ ხუნდები ღმერთო,ნათლის ხილვას რომ მიშლის!
ვიცი,აქვე ხარ,ახლოს,მსდევდი ყრმობისას შუქად.
ისე მიყვარდი,მახსოვს,მხოლოდ სიზმრად რომ უყვართ!
მერე წახვედი ჩემგან,აწ შორიახლოს მიცდი.
მეც წაველ შენთან ერთად ჩემგან!-და.... დავხეიბრდი!
ნუ მიმახედებ უკან!ნუ მითვლი ცოდვის მორებს.
შენ ჩემში უკვე სუნთქავ ერთადერთ სიტყვად:-"მოვედ!"
წერდა:
-დაუკაკუნე მორცხვ ლოკოკინას სარკმელზე,დაუკაკუნე!
არ გიპასუხა?
მაშ წაიკითხე ტირიფის აღსარება ტირიფისავე ფოთლებზე!
ვერ წაიკითხე?
იქნებ დაისის მიერ აფერადებული მანათობელი ნისლეული დაინახო!
ვერ დაინახე?
მაშ გადაღლილხარ დიდიხანია დედამიწის სილამაზით!
მაშ არ გაშფოთებს,დიდიხანია ზეცის მიღმა გაბმული აბლაბუდები,გამქირდავად რომ ელოდებიან თავხედ ბუზებს
და რატომღაც ხშირად გესიზმრება დაბადების ჟრუანტელი!
ო,გშურს მათი,ვისაც შობითგან არ დაჰყოლია გაკვირვების უნარი,
(რადგან ისინი არასოდეს იღლებიან)
ხშირად კითხულობ:
-რა ამბავია ამდენი ძებნა ერთმანეთის,როცა გვერდიგვერდ ვართ?!
და გრძნობ,სადღაც შენი ცრემლებით ტირის ვიღაცა.
აწმყო კი-მუდამ ისეთი ბუნდოვანია,როგორც გადაფრენა წეროების.
შენც არაფერს ეკითხები გაფრენილ დღეებს ისე,
როგორც არ კითხულობენ წეროების გადაფრენისას:-როდის დაბრუნდებიანო?
და ჩუმად ამბობ:
-ამხელა სამყაროში,
აამხელა სამყაროში,
მხოლოდ შენ მენატრები-მაცხოვარო!

და უამბობდი სუყველას კაცზე,ნუგეშისათვის ხმა რო ყოფნიდა.
-ყველა მიყვარდით!!! გამოტყდა ასე,როს გაიძურწა წუთისოფლიდან.
და შენც მის ღიმილს ხატავდი კალმით და რეკდა ექო დიდი ფიქრების,
გადასწვდენოდა სამყაროს ლამის განცდათა მთელი გალაქტიკები.
აწ ხედავ-ირგვლივ ზღუდეა მარტო,ციდან იღვრება ხმა-მზემლოცველის,
უჰაერობით ულმობლად გახრჩობს ეს უკარფანჯრო წუთისოფელი.
ვიღაც მოხუცი მოვიდა ნე-ე-ლა და შეგცქეროდა კუშტი ფიქრებით.
უკმეხად გითხრა:-მე მევალე ვარ!და გამისწორე ანგარიშები!
მერე გაქრა და როს შეხვდი ისევ,თეთრსამოსიანს და თეთერფანრიანს,
-ეს ვინღა არის?!-მკაცრად იკითხე და გიპასუხეს:
-იანვარია!

წერდა:
-მისმინე!
მე მოგიყვები კაცზე,-რომელიც აისის მზის თვალებში ხედავა სამშობლოს ხატს.
უყვარდა მთები-ჩანთქმულნი თავიანთ სილურჯეში.
და მუდამ,როცა ყველა ყაყანებდა,მის ირგვლივ მდუმარება იყო საკვირველი.
ამბობდა:
-არ დააფინოთ,არა,არ დააფინოთ ელექტრონის ციალი მიხაკებს!!!
და ანიშნებდა სივრცეებში გადამალულ მზეებზე,(რომელთაც ვერავინ ვერასდროს ხედავდა)
და ერთხელ,როცა ფერად ფოთოლთა უკანასკნელი ამალა ერთგულად მიჰყვებოდა თავის ბატონს-შემოდგომას,
იქით,საიდუმლო მხარეს,მან (კვლავ ერთადერთმა!) დაინახა ცეცხლი.
საკვირველია,ამ ყინვაში,ამ უკუნეთში არავინ მიდიოდა ცეცხლთან,არავინ თბებოდა.
მარტო იყო ცეცხლი!
ყველას უცნაური და რუხი ტანსაცმელი ეცვა,გრძელი,ფართხუნა.
თანაც უნდა მოგახსენოთ,ყველას დამცინავი სახე ჰქონდა.
მაშინ იკითხა კაცმა:
-ნუთუ გარდაიცვალა კაცობრიობის დიდი სიმშვიდე?!
და გაუხდა მზერა კვამლისფერი.
(რას იზამ,ვერ ჩასწვდა თვითგადარჩენის მარტივ კანონს!)

ის ჰგავდა ეტლს,რომელიც უცხენოდ მიჰქროდა,
(რადგან ის,ერთადერთი,აისის მზის თვალებში ხედავდა სამშობლოს ხატს!)
და როცა დაარწმუნეს მზე დაბერდაო!
შეძრწუნებულს ეგონა,ზარის ენად ქცეული ზარში ირეკებოდა თითქოსდა
და ამაოდ დაეძებდა მხიარულ ნაბიჯებს,ლორთქო ბალახში რომ დაეკარგა.
ჰგავდა ის-საბრალო! სიმღერას-არავის რომ აღარ ეკუთვნის.
ამბობდა:
-დარეკეთ,თვალებო,ზარებად!
(თავადაც ხომ ზარის ენად ქცეული ირეკებოდა ზარში)
და ვეღარ ხედავდა,ვერა,სამშობლოს ხატს-მომაკვდავ მზის თვალებში!
-ეკითხებოდა ყველას:
-უკაცრავად,რატომ გაცვიათ შავი ხელთათმანი ცალ ხელზე?!
(ო.მეტად დაღლილი იყო თავისი ჟამის დასახარჯავად
და ასე წარმოსთქვა სულ ბოლო,ბოლო,ბოლო,ბოლო წამს:
-მადლობელი ვარ,რომ შენდამი სათქმელი დამრჩა მზეო,აისის!
მხოლოდ იმ ველზე დაგელოდები,
სადაც ერთმანეთს არასოდეს არ შევხვედრივართ.
თქვენ კი,ნაღვლიანო უქნარებო,
სული შეუბერეთ სიყვარულის ჩაბჟუტულ ნაკვერჩხლებს
და გეშინოდეთ იმ ზარების,გულში რომ რეკენ!
მადლობელი ვარ შენი ყარიბო,ძველი ქუჩებით რომ შემოდიოდი ქალაქში და ხელში ქათქათა ბატკანი გეჭირა.
მაღალო ხეებო,მჟღერი მელოდიით რომ ჩაივლიდით მწყობრად ჩემს ფანჯარასთან.
მადლობელი ვარ ქვიშის საათო,ჩუმი ქილიკით რომ მისდევდი დროს,უკომპრომისოს.
(თუ შეიძლება შენ მაინც,ერთი წამით,მხოლოდ ერთი წამით შეჩერდი!
ხომ ხედავ იმ ნაძვს ვგავარ,ზამთარში რომ ითოშება და მაინც ამაყად დგას-ლამაზი.
მადლობელი ვარ,მწვერვალებო,ასერიგად რომ ჰგავდით შორეულ მოგონებებს.
და წუთისოფლის ფოთოლცვენებო,საღამოებში რომ ახმოვანებდით თქვენს საავტორო მელოდიას.
მადლობელი ვარ მდუმარებავ,ფარად რომ იფარებდი ღამეებს და ჯიუტად წერდი წყალზე გასაშიფრ სახელებს.
ხეთა როიალებო,ფოთოლთა მწვანე კლავიშებით და აწმყოვ,მუდამ დაწუნებულო! მადლობელი ვარ!
ყველა გზა მაინც ერთნაირია...
და არ თქვა ღმერთო,რომ ძალიან დავაგვიანე,-ზეციურ ტბასთან,
სადაც ვარსკვლავებს უყვართ ბანაობა,
სადაც არ მახსენდება ჰყვავის თუ არა დედამიწაზე იასამანი.
სადაც დათრთის მარადიული აისი და მის თვალებში მარადიულ სამშობლოს ვხედავ!!!
სადაც არ ისმის:
-ყურადღება! იყიდება "მე!"
...ყველა გზა მაინც ერთნაირია.
გზაჯვარედინი-მითუმეტეს! და-აქედან მოჩანს ყვითელი ელვა!
აქედან მოჩანს ყვითელი ელვა!
აქედაქნ მოჩანს ყვითელი ელვა!
ელვა-სამხილი მიღმა სინათლის!!!

პს. აქ-ქაოსის ჩუმი ომი.იქ-აჩრდილი მონასტრის.
და ყვითელი იადონი ყვითელ ბილეთს მოგაწვდის.
ხრავს სიმშვიდეს,როგორც ჩრჩილი,რია-რია მილეთის.
შენ კი რად ხარ კმაყოფილი იადონის ბილეთით?
დაკარგული ნაპოვნია,მომხვდური კვლავ წასულა?
კვლავ იწყება აგონია,თუ ყოველი დასრულდა?!
აქ ხმებია ერთობ მკვეთრი,(ყველა იწევს სოლოზე)
და პლანეტის თერმომეტრი გავსებულა ბოლომდე.
აქ სიმშვიდე,როგორც შლეგი,დაჩერჩეტობს ეულად,
ჟამი გამოფხიზლებების-აფეთქებად ქცეულა.
ეჰ! სადღაა გაზაფხული!ან ძვირფასი კერია!
და მზე ლურჯი,დაკარგული,სამშობლოს მზისფერია!
აქ დაისის დაკრთის შუქი მკრთალი,ვით მოგონება,
მოთუხთუხებს მასა რუხი-განათლებულ მონებად.
ვიღაც-შიშით დაზაფრული ჯიქურ ეძებს ცის კიბეს,
ტყვე საკუთარ აბლაბუდის მარტო ზის და ხითხითებს.
იფანტება სივრცე სრული უკანასკნელ წუთებად
და წესრიგი შეკუმშული,ნგრევად თავისუფლდება.
აქ ხომ სამეფოა ცოდვის,ცეცხლის დროშით-სამფერით,
აქ რწმენაა ურწმუნობის,(ჰექსოგრამის საყრდენი.)
აქ-სიყვარულს აღარ შლიან გამჭვირვალე ფარდებად
და პლანეტის ბაქტერია-სიძულვილი მძაფრდება.
აქ-გარბიან ბავშვნი,რათა კლანჭს გაუსხლტნენ სიცივის,
აქ-მწნეხავი ოცნებათა-რეალობა იცინის!
დაიმალეთ ბოლობოლო სიყმაწვილის ფერებო,
დამნაშავე თქვენ ხართ მხოლოდ,ჟღალო საქანელებო!
ნეკერჩხალო!ხეო შვების,ენძელებო ზამთარში,
რა ჟიუტად ელოდებით დაუწყებელ დასაწყისს!
მანქანების უცქერთ მორევს,ბოღმად რო ატალახებს
ამ მარტოსულ უდაბნოებს-აღმუვლებულ ქალაქებს.
და თვალები ღვთისმშობელის,ისე მოჩანს შორიდან,
როგორც არ ჩანს არაფერი დიდი სიახლოვისას.
ზარნი რეკენ მუქარებად,შენც თანდათან მკაცრდები.
აღარ გაკრთობს უცაბედად საუკუნის სპაზმები.
სიმღერისგან განიკურნე უცებ,მოულოდნელად.
და ნაოჭებს ითვლი შუბლზე-დავიწყებულ ცოდვებად.
ხრავს სიმშვიდეს ,როგორც ჩრჩილი,რია-რია მილეთის.
-ნაკუწებად მიმოყრილა იადონის ბილეთი...

                                                    ავტორი:-X

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს