ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


ლევანს


როცა პირველად გამებზარე,
განაჩენი –„ არასასურველი ორსულობა“
გულის კოვზთან გამომებერა.
ჩაგიბრუნე,
საიმედოდ გადაგიკარი...
სიგარეტის კოლოფივით შუბლზე მეწერა წყევლა:
„თანაგრძნობა კლავს!“
და ხანმოკლე პაემნებზე
ვთხზავდი ამბებს „ჰეფი ენდებით“,
ჯავრის ლუკმები ჩუმად უნდა მეყლაპა.
სინამდვილეში:
ჩემს შენზეორსულობას გადაჰყვა დედაჩემი,
შენი დები დევებმა მოიტაცეს,
შენს ცოლს ობლის კვერი დაეწვა...
ამასობაში დრომ,
უშავესმა ბედუინმა,
გადათვალა გიშრის კრიალოსანი,
ქვიშის საათში ჩამომარცვლა მთელი საჰარა....
ახლა გზები,
ცხენის კუდზე, გამოვლილია.
ჩვენს შესართავთან დაწმენდილ წყლებს ვღვრი,
ამდენი ხნის ნანატრი ვაჟი  უნდა გამიჩნდე.
და მერე გეტყვი:
წინ–წინ აიდგი ფეხი,
უკან ციხე გრძნეულია – დედებს აქვავებს,
არ მიიხედო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები