ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2008


მამა

      უკვე რამდენი წელია შენს მძიმე სუნთქვას შევეჩვიე...შეტევის დაწყებისაც არ მეშინია, ვიცი, რამოდენიმე ნემსი ვენაში და გამოხვალ... მაგრამ ეს დღეებია უჩვეულოდ ვფორიაქობ, არ მომწონხარ... ოთახში სიარულისას მზერას ვგრძნობ...გიყურებ... "ჩემო მფარველო ანგელოზო"-ო, ახლაც მესმის შენი ხმა... ხმის ტემბრი დაწეულია...სიტყვები გაწელილი...
      არა წაშველება ჭირდება...საავადმყოფოში გადავიყვან...ერთი კვირა წავუმკურნალებ და...
      _ მაამ! მივდივააარ! ხვალ დილით შენთან ვარ!
      მოგხედე...გაშლილი ხელისგული უსიტყვოდ გამომიშვირე, მერე მომუშტე და გულზე მჯიღად დაიტრიალე...თითქოს ჩემი სითბო და სიყვარული წაიღე...მკერდში ჩაისვი...
      ლაპარაკის ძალა არ გაქვს...
      კოცნა ჰაერში გამოგიგზავნე და სწრაფად დავეშვი კიბეზე... არ მინდა დაინახო როგორ ვტირივარ...
      შენ ჩემი წამალი ხარო, მეუბნებოდი... ვერ გიწამლე...
      მძიმე დილა გამითენდა...ერთ დროს ძლიერი ჩემი მამა თავისით ვეღარ დადის...
      არცერთ საავადმყოფოს არ უნდა მძიმე ავადმყოფის მიღება...ბოლოს ნაცნობობით "ჩაფიძის" რეანიმაციაში გაწვენ...
      რამ გაუქვავა ამ ხალხს გული?.. შენთან არ მიშვებენ...ექიმი კაბინეტში მიბარებს და ჩვეული აუღელვებელი ტონით მეუბნება: მძიმეა...ყველაფრისთვის მზად იყავითო...
      ვეხვეწები... მიშვებენ...
      ღმერთო, როგორი თვალებით მიყურებ...შფოთავ...შენს ლამაზ, ნატიფ თითებს ვეფერები...ხელები დამაგრებული გაქვს...ღამის სიჩუმეში საათივით ისმის წვეთოვანის ხმა...რაღაც გინდა მითხრა...ტუჩებს ამოძრავებ და უშინაარსო ბგერები პალატის სიცივეში იკარგება...
      ნეტა რისი თქმა გინდოდა? ალბათ იმის, შენი მფარველი ანგელოზი რომ ვარ და რომ ძალიან გიყვარვარ... და რომ ეს ყველაფერი შენთვის ზედმეტია, რომ შენი წამალი მე ვარ... ვიხრები და ყურში ჩუმად გეუბნები:
      _ მაამ!..მი-ყვარ-ხარ...
      ჩემი ცხელი ცრემლი შენს გაყინულ შუბლს ეცემა...
      _მამ, დაიძინე რააა...გაიღვიძებ და კარგად იქნები...
      ვგრძნობ როგორ ხვდები, რომ ვტყუივარ...რა ვქნა? ტყუილი არასდროს მეხერხებოდა...
      დამშვიდდი...ოდნავმა ღიმილმა გადაგკრა სახეზე... ნელა დახუჭე თვალები...ჩემი ხატება გაიყოლე...
      რა გულქვაა ეს ექთანი! გარეთ გამომისტუმრა. ვითომ ჩემზე უკეთ მოგხედავს, ან მოგეალერსება...
      ერთი მძიმე საათი გადის...წინ-უკან...წინ-უკან...ასეთი ხმაურიანი სიჩუმე არასდროს ყოფილა...კარი იღება...ექიმი მიბარებს...ცივი, უემოციო სახე...მზერა-ყინული...და მხოლოდ ერთი სიტყვა, უცბად, მოწყვეტით _ გარდაიცვალა!...
      გული ჩერდება...ტვინის ხვეულებს გამღვალი ფოლადი ავსებს...ყურში ზარები...ზარები...ზარები...აღარაფერი მესმის...
      მამა აღარაა...
      ჩახვეული კადრივით ხშირად ვხედავ როგორ მიშვერ ხელისგულს და მერე გულთან იტრიალებ...შენი უტყვად ნათქვამი "მიყვარხარ"...ეგეთი სიცხადით და სიძლიერით არასდროს მიგრძვნია შენი სიყვარული...
      მამ...მენატრები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები