ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2008


მამის გასახსენებლად

იმედია მაპატიებთ.
ეს არ არის პროზაული ნაწარმოები.
გუშინ მამას დაკრძალვის 9 წლისთავი იყო.
როდის და როგორ გავიდა ეს 9 წელი?!
და მინდა მამას ბოლო 2 დღე გავიხსენო.


10 ნოემბრის დილას სიღნაღში თოვლი დამხვდა. ამ თოვლმა დეიდაჩემის, მზევინარის დაკრძალვის დღე გამახსენა, 1994 წლის 12 ნოემბერი. იმხელა თოვლი მოვიდა, დაკრძალვაზე ბათუმში ვერ წავედით.
ამეკვიატა 12 ნოემბერზე ფიქრი. ეს რიცხვი „12” ბურღივით „მიხვრეტდა” ტვინს. იმდენად ცუდ ხასიათზე დავდექი, სიღნაღიდან რომ ვბრუნდებოდით, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს: „ხმა ამოიღე, თორემ გვავიწყდება, აქ რომ ხარო!”
სახლში დაბრუნებისთანავე დავრეკე დედაჩემთან და მამას ამბავი ვიკითხე. დედამ მთხოვა, „ხვალ დილითვე გამოდიო”.
მთელი ღამე ვბორგავდი და ვწრიალებდი.

დილით 11.00 საათისთვის სახლში (დედაჩემთან) მივედი. 12.00 სთ-ზე ექიმთან გადავედით რეცეპტისათვის: მამას მორფინი გამოუწერეს. წამლის გამოსატანად რომ მივდიოდით, დედაჩემმა, რატომღაც, მზევინარზე  დამიწყო ლაპარაკი. უცებ ვიყვირე: „მზევინარი და 12 რიცხვი არ მიხსენო, თორემ გავგიჟდები-მეთქი”.
საღამოს მამას ვუთხარი, „ხვალ არ მოვალ, შაბათს (ზეგ) მოვალ-მეთქი”.
- შენი საქმისა შენ იცი, - მიპასუხა მან, მაგრამ მის თვალებში ამოვიკითხე, „ხვალ აუცილებლად მოდიო” (?!)
- მაშინ მოვალ! - ვუთხარი მე.
- როგორც გინდა,... შენი საქმე არ გაიფუჭო... თუ მოახერხებ, - მოდი! - მითხრა მამამ და თვალი ამარიდა.
- მოვალ! მე აუცილებლად მოვალ! - ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.
- სიცხე მაქვს, თააამ? - მკითხა მან და რაღაც უცნაურად ამომხედა.
- არა, მამა, სიცხე არ გაქვს. ისე, გეფერები, - ვუთხარი და ახლა ლოყაზე ვაკოცე.
ვარკეთილში დავბრუნდი.



12 ნოემბერი თენდებოდა. სიზმარში ვნახე, მამაჩემი ვარკეთილში იყო ჩემთან მოსული.
- თამი, შენი ალბომი მომიტანე.
მე, რატომღაც ნიკას ალბომს მოვკიდე ხელი.
- ნიკას ალბომი არ მითხოვია, შენი ალბომი მჭირდება.
ჩემი წითელი ალბომი გადმოვიღე და გადავშალე. ცოტა ხანში მამას ერთ-ერთ სურათთან „მივედი”.
- თააამ, მე რომ წავალ, ეს სურათი მინდა.
- მამა, რად გინდა შენი სურათი? ან სად მიდიხარ? - გამიკვირდა.
- მალე ნახავ. მთავარია, დაიმახსოვრე: მე რომ წავალ, ეს სურათი მინდა, - თქვა ეს და წავიდა.
სურათი ცალკე დავდე.
...
გამეღვიძა
ნიკა სკოლაში გავუშვი, ოლეგი სამსახურში. ოთახში შევბრუნდი და ალბომს შევხედე, - არ მინდოდა მასთან ახლოს მისვლა. ალბომისთვის რომ ვერ მომეცალა, ჯერ სახლის დალაგება დავიწყე, შემდეგ სამზარეულოში გავედი და მზესუმზირა მოვხალე. შემდეგ კარადის დალაგება დავიწყე... ცუდი განწყობა ვერ მოვიცილე. ოთახიდან ჩემი ალბომი „მეძახდა”...
ალბომი რომ გადავშალე, მამას ის სურათი მოვძებნე, რომელიც სიზმარში ამოირჩია. სურათი ცალკე დავდე...
ამასობაში ოლეგი და ნიკაც დაბრუნდნენ. რუსთავში უნდა ჩავსულიყავით ჩემი მაზლის ცოლისძმის სანახავად, რომელიც საავადმყოფოში იწვა.
რუსთავში წასვლამდე ჩანთაში ჩავალაგე ჩემი ჩუსტები და საღამური.
ოლეგს გაუკვირდა, „ესენი სად მიგაქვსო?”
- მე სახლში წავალ და იქ დავრჩები! - ვუთხარი, - შენ, თუ არ გინდა, ნუ წამოხვალ.
- რატომ? მე და ნიკაც წამოვალთ მამაშენის სანახავად. თუ გინდა, ჩვენც დავრჩებით...
- არა, არ მინდა, რომ ნიკა ამაღამ იქ იყოს! შენ და ნიკა ვარკეთილში დაბრუნდით. მე მამასთან დავრჩები...
რუსთავიდან საღამოს 5 საათისათვის დავბრუნდით.
მამას საოცრად მშვიდი სახე ჰქონდა.
- მამა, გტკივა რამე? - ვკითხე და შუბლზე ვაკოცე.
- არაფერიც აღარ მტკივა... სიცხე არ მაქვს? - მკითხა მამამ და რაღაც უცნაურად შემომხედა.
- არა, მამა, არ გაქვს სიცხე. რატომ მეკითხები?
- 10 დღეა სიცხე აღარ მქონია... ნეტა სიცხეს მომცემდეს!... სიცხის მერე კარგად ვხდები-ხოლმე, - მითხრა და თავი გვერდზე მიაბრუნა. თვალში ცრემლი შევნიშნე.
- დღეს რა დღეა? - მკითხა მამამ ცოტა ხნის შემდეგ.
- პარასკევი...
- და რა რიცხვია?
- 12...
- მართლა თორმეტი ყოფილა...
(იმ წუთას მისი ამ სიტყვებისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიმიცია. მერე გავიგე, თურმე ჯერ დედაჩემისათვის უკითხავს, „რა რიცხვიაო”, შემდეგ-მამიდაჩემისთვის... „ასე მალე მოვიდა 12-ო?” - უკითხავს. ბოლოს მეც მკითხა...)
19.30 სთ-ზე ნემსი გავუკეთე.
20.45 სთ-ზე სიგარეტი მთხოვა.
- შენით მოუკიდებ თუ თენგოს ვთხოვო? - ვკითხე.
- რატომ ვერ მოვუკიდებ? - გაუკვირდა მამას.
ნატამ მითხრა, „გვერდით დაუჯექი, ლოგინში არ ჩააფერფლოსო”. ეს გაიგონა და მითხრა:
- გვერდით რატომ უნდა დამიჯდე? ვკვდები?
- რატომ „კვდები”, მამა? შენთან მოვედი, შენთან დავრჩი და მინდა, გვერდით დაგიჯდე...
არაფერი მიპასუხა.
სიგარეტის ნახევარი რომ მოწია, მეორე ნახევარი ხელიდან გაუვარდა.
სიგარეტი იატაკიდან ავიღე და ვკითხე, „კიდევ მოწევ თუ ჩავაქრო-მეთქი?”
ხელი ჩაიქნია და „აღარ მინდაო”- მითხრა.
საათს დავხედე, - 21.00 სთ იყო.
- თამი, წამალი რომ უნდა დაგელია, დალიე? - მოულოდნელად მკითხა მამამ.
- არა, მამა.
- ახლავე ადექი და დალიე!
- მერე დავლევ...
- ახლავე გადი-მეთქი! თან ჩაიდანი დაადგი.

სამზარეულოში გავედი. უეცრად ისეთი სიძლიერის თავის ტკივილი „დამეჯახა”, რომ იატაკზე დამაგდო. ფეხზე ვეღარ ავდექი.
ნატა სამზარეულოში შემოვიდა და იატაკზე რომ დამინახა, შეეშინდა. „რა მოგივიდაო?” - ჩემი ფეხზე დაყენება დააპირა.
- ნატა, ხელი არ მახლო! საოცრად მტკივა თავი-მეთქი,- ამოვილუღლუღე.
ნატამ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მომიტანა, დამალევინა და ფეხზე წამოდგომაში მომეხმარა. ძლივს მივედი სავარძლამდე.
თითქმის ნახევარი საათი სავარძელში გაუნძრევლად ვიჯექი.
- დედა, შენს მოსახმარებლად დავრჩი და, მგონი, აქეთ შენი მოსავლელი ვხდები-მეთქი,- მოვუბოდიშე დედას.
დედამ მირჩია, „წადი, დაწექი, იქნებ თავი მოგირჩესო”...
- როდემდე აპირებ მანდ ჯდომას? არ გესმის, რას გეუბნები? წადი და დაწექი! - „მიბრძანა” მამამ.
დავუჯერე და 21.45 სთ-ზე დავწექი.
22.15 სთ-ზე ნატა ოთახში შემოვიდა და გამაღვიძა.
- თამრიკო, ადექი, მამა ცუდად არის!... გეხვეწები, ნახე, პულსი თუ უცემსო,- მითხრა შეშინებულმა და დაბნეულმა.
ფეხზე წამოვხტი. არ მახსოვს, რა როგორ ჩავიცი და მამასთან მივვარდი...
მამას მინასავით ჰქონდა თვალები გაყინული, პულსი ოდნავ-ღა ისმოდა და ძლივს სუნთქავდა...
- მამა, მამა, - ჩავძახე მე და კისრის არტერიაზე დავიწყე პულსის ძებნა,- მაჯაზე აღარ ისინჯებოდა. მალე ისიც „ჩამიქრა”...
- ჩქარა, სარკე მომიტანეთ! - ვიყვირე, მაგრამ, სარკეც აღარ დაიორთქლა...
მამას კრიჭა შეეკრა. ძალით დავაღებინე პირი. მამამ ერთი ამოიხრიალა და... სამუდამოდ გაჩერდა!...
მამა 12 ნოემბერს გარდაიცვალა.
დავკრძალეთ 18 ნოემბერს.

18 ნოემბერს დედამიწას „ვარსკვლავების წვიმა” აწვიმდა, - დედამიწაზე ლეონიდები ცვიოდა, „მზის პლანეტა” - ლეონიდეს „კუდის” ნაწილაკები, რომლებიც ზომით ქვიშის მარცვლებს არ აღემატებოდნენ. ისინი დედამიწისკენ 71 კმ/სთ-ში სიჩქარით მოფრინავდნენ. ეს მოვლენა 33 წლიწადში ერთხელ მეორდება!!!
წინა დღეს (16.11.) თაიამ მითხრა, „ხვალ ღამე მე უნდა ვიტირო მამა, დღე კი - შენ იტირეო”. ღამე წვიმა წამოვიდა!
იმ დღეს (17.11.) „კურიერში” ნიკა ტაბატაძემ აღნიშნა: „სინოპტიკოსების ყველანაირი პროგნოზით (!) დღეს ცა მოწმენდილი უნდა ყოფილიყო. არ ვიცით მიზეზი, რატომ მოიღრუბლა და რატომ გაწვიმდაო!”
წვიმამ დაკრძალვამდე 3 სთ-ით ადრე გადაიღო.
მიზეზი მე და თაიამ ვიცოდით მხოლოდ, - ჩვენ მამა გარდაგვეცვალა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები