ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2014


მადლობა და მაპატიე

დღიდან სამყაროს შექმნისა – დღემდე, ნაგროვები კაცთა
სიბრძნე, სრულად - ორ სიტყვაში, ღმერთო, როგორ ჩაატიე?
რა შთაბერე მათ ასეთი, დრო რომ აქეთ შემოაცვდათ?
რა სულს ატარებს – "მადლობა" და რა ძალას – "მაპატიე"?

რად ვერ წონის ამ ორ სიტყვას განძი მთელი დედამიწის?
თავად არიან ეგება, ერთმანეთის საზღაური?!
იქნებ სწორედ "მადლობაა" (გულით მიძღვნილი), ვინ იცის -
შენდობისთვის დადგენილი - ოქრო, გუნდრუკი და მური?

ან იქნება სახადია?
კი, ეგრეა!.. უეჭველად!..
და ორივეს - ბოდიშსაც და მადლობასაც მიტომ "ვიხდით"!
სახადია, მოგონილი კაცთა მოდგმის გასაცრელად!
ასეთ მარტივ მინიშნებას, ღმერთო, როგორ ვერ მიგიხვდით?!

დღიდან სამყაროს შექმნისა - დღემდე, ნაგროვები კაცთა
სიბრძნე, ასე - ორ სიტყვაში, ღმერთო, რადგან ჩაატიე,
და თუ ჩემი პირით თქმული ეს სტიყვები, ჯერ არ გაცვდა,
კიდევ ერთხელ "მადლობა" და ერთხელ კიდევ "მაპატიე"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები