ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2014


ბედის გამრიგეს

ვიცი,
რატომაც არ მთავრდება ეს ბილიკი მოგონებების.
ვგონებ, ასეა:
ხელში გიჭირავს კოჭა ძაფი
და ჭრელი კაბით
შენი თითებით გამოკვანძულ სურვილებს დავდევ.
თავსაც კი დავდებ,
რომ ყველაფერი ისევ ისეა,
ისევ ნისლია,
ისლის "მთებსაც" ისევ სტუმრობს
თეთრი ნიბლია.
ჩემზე იღბლიანს
შეუძლია, აიჭრას ცაში,
სულ არ ანაღვლებს,
ჭორიკანა მეზობლები თუ რას იტყვიან.

უტყვია დღე და უტყვია ღამე,
ღელისპირას კი ციცინათელებს
რას დაუშლიან!
საღერღელი რომ აეშლებათ
დაანთებენ კოკონა-ჭიას
და ხალებიან ჭია-მარიებს
ფრთებქვეშ ჩურჩულით
ჩაუთქვამენ სახვალიოდ
ამინდს დარიანს.

დარდიანს ფიქრით იმ თეთრ გზებზე
ბედის ხაზს ჩემსას ხელისგულზე
სადღაც რომ აცდა,
საყვედურადაც არ დამცდენია,
თუ დღეებს შენი ღიმილი აკლდათ.
აკლიხარ დღეს და აკლიხარ ღამეს,
დილას მზიანს და ზეცას ავდრიანს.
ვერ ვანუგეშე მტირალა ბინდი,
ვერც მივეფერე მტვრისფერ განთიადს.
გალახულ ღელეს ქვებთან ჭიდილში
ვეღარ შევუხსნი ხავსის იარას.
ისედაც იცის, ბედის გამრიგემ
ნაცნობ ბილიკზე რომ ჩაიარა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები