ნაწარმოებები



ავტორი: უგლავა ალექსანდრე
ჟანრი: პროზა
22 იანვარი, 2014


ოღასკურა

მოწყდა ცას ვარსკვლავი ოღა. ჩავარდა მდინარეში. ამოვიდა მდინარედან ქალი, ცეცხლოვანი თმებით და ციმციმა თვალებით. შეუშვირა მზეს ტანი და წყლის წვეთები შეიშრო. გაუწვდინა ტირიფმა ტოტი. აიტატა. გადახედა ქალმა სამყაროს. შორს პირი დაეღო მთას. წავიდა ქალი მთისკენ.  შევიდა გამოქვაბულში, უზარმაზარ ლოდს გადააყარა თმები და ცეცხლი წაუკიდა. სითბომ აუვარდისფერა კანი. თითქოს ადამიანი სიცივეში ლაპარაკობსო, ისე  გამოდიოდა  ქვაბულიდან კვამლი. ამოკაწრა ქალმა კედელზე თავის სახელი. უზარმაზარი ცხოველები დარბოდნენ ტყეში. მიწას ღრმად რჩებოდა მათი ნატერფალი. თავისი ქურა ჰქონდა ოღას. ცეცხლის ეშინოდათ მხეცებს.
                              .    .    .
  ცას უყურებდა ამირან. იმ მხრიდან, რომელზეც მზე ეხატა, მოიხსნა მშვილდი. ამოარჩია ყველაზე ფერადი ვარსკვლავი და სტყორცნა. წავიდა ამირან ვარსკვლავის საძებნად. მიადგა მდინარეს. ჩაიხედა შიგ. ამოიღო მდინარიდან ორი ღერი ცეცხლოვანი თმა. შეიბა ორივ მაჯაზე. გაუწვდინა ტირიფმა ტოტი. ვერ მოერია სიმძიმეს. წავიდა ამირან სხვა გზით. მიადგა კლდეს. მიაწვა იმ მხრით რომელზეც მთვარე ეხატა. წააქცია. მიადგა მეორე კლდეს, მიაწვა ორივ ხელებით და გადააქცია. მიადგა მესამე კლდეს, ვერ უყო ძვრა. დაიწყო ასვლა. მოექცა მწვერვალზე.  გადაიხედა. ძალიან შორს, გამოქვაბულიდან კვამლი გამოდიოდა. მიხვდა აცდენოდა გზას. ბრაზისგან კლდეს მუჭები დაკრა.
                                .    .    .
  ცას ჰყავდა თავის ბატონი. ბატონს არ უნდოდა ის რაც ცაზეა, მიწაზეც ყოფილიყო. გამოვიდა დილით ბატონი  ღრუბელზე. ხედავს ერთი ვარსკვლავი აკლია. ვარსკვლავის ადგილზე ისარი არჭია. დაყნოსა ბატონმა ისარს და იგრძნო ამირანის სუნი. გადაიხედა ძირს. ამირანი  მის ვარსკვლავს ეძებს. მწვერვალზე დგას და უკვე თითქმის იპოვნა კიდეც. დაკრა ბატონმა კვერთხი. დაეტაკა ღრუბელი ღრუბელს. იღრიალა ცამ და ისროლა ცეცხლოვანი ისარი. წამოვიდა ისარი და დაეცა კლდეს.
                                .  .  .
დაკრა მუჭები და ვერცერთი ვეღარ მოაცილა. ცეცხლოვან თმებს კლდეში გაედგათ ფესვები. დაძაბა ამირანმა სხეული. ვერ გაწყვიდა ერთი ღერი თმა. იქანცება ამირან. ვერ ერევა ქალის თმას. იცის მისი ვარსკვლავი სადაცაა. მიაგნო. მაგრამ იქამდე ვერ მისულა. მისი სატრფოს თმებითვე მიაბეს კლდეს.
გაიხსნა ცა. გადმოფრინდა არწივი.
                                    .  .  .
    მიფრინდა არწივი ოღასთან გამოქვაბულში, მიუტანა ნაღველი. შემოდგა ქურაზე ნაღველი. ოღამ. მოუყვა ნაღველმა ყველაფერი. ცრემლი დაეკიდა წამწამს. ვერ გაუძლო წამწამმა. დაეცა ქურას. ვერ დააშრო  ცეცხლმა ცრემლი. ჩამოგორდა ცხლად ლოდზე, დაეწია მეორე ცრემლი. გადმოგორდნენ გამოქვაბულიდან. დაეწიათ მესამე, წამოვიდა ცრემლი ნაკადულად. გაბევრდა გზაში და გადაიქცა რუდ. იარა რუმ, იარა და იქცა მდინარედ.
      გავიდა დრო. აშენდა ქალაქი. ქალაქში, დედათა მონასტერი. დედაოები ჩადიოდნენ მდინარეზე და წყალი კოკებით აჰქონდათ. მონაზვნები სვამდნენ სიყვარულის ცრემლებს. ისე იკლავდნენ შეწირული სიყვარულის სურვილს. გადიოდა დრო. კვდებოდა ხალხი. მდინარის ახლოს გაჩნდა სასაფლაო. არის დრო როცა სასაფლაოზე, წყნარ ღამეში ისმის ათასწლეულების  ქვითინი. იქ საფლავებს ცრემლი არასდროს აკლიათ. კიდე გავიდა დრო. ცეცხლოვანთმიანი ქალის შესახებ აღარავის არაფერი ახსოვს. მხოლოდ მდინარის სახელი დარჩა, ოღასკურა.  სადაც დღეს საკანალიზაციო მილები ჩადის და ნაგვით სავსე პარკები, პირდაპირ აივნებიდან იყრება...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები