ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2014


შავი ექსპრომტი

ის ხომ სიკვდილია,
კარი რას დაიჭერს,
მაგრამ თავნებაა,
ჰოდა აკაკუნებს.
ზღურბლთან დაიჩოქებს
ჩუმი გარინდებით,
ზოგჯერ ხსნაც კი არის,
მაგრამ ზოგჯერ,
თავზე დაადგება
აურზაურითაც,
ცამოწმენდილზეც კი
მეხად დაატყდება
როცა მოისურვებს,
ვისაც მოისურვებს...
დღეს "ჩემთან" მობრძანდა
წელში მოკუნტული,
თითქოს მორიდებით,
ცელიც აღარ ქონდა
ცივად ალესილი, ისე,
როგორც უწინ.
განა "გუშინდელი"
მობრძანებისთანა
იყო დღევანდელი,
არა, ექო იყო მხოლოდ
"გუშინდელის"...
მაშინ თვალებიდან,
მახსოვს ცეცხლებს ყრიდა,
განა რცხვენოდა და
თვალებს დაბლა ხრიდა,
არა, მონდომებით,
ჩემთვის საფლავს თხრიდა,
მერე, რუდუნებით,
რვა წლის გოგონასაც,
არ მიცოდებდა და
თავს მიწას მაყრიდა...
მე კი მოთმინებით,
თვალებგაყინული,
შეშინებული და
ცრემლებჩაყლაპული,
გულზეხელებდაკაპიწებული,
უტყვად შევეგუე
მამის "პირველ სიკვდილს",
ეს კი მეორეა,
უფრო რეალური...
ახლა თვითონ არის
თვალდახუჭული და
იმედდაკარგული,
ხელებსაც უმშვენებს
ალბათ უფლის ჯვარი,
ღმერთო აპატიე,
ღმერთო აპატიე,
ღმერთო აპატიე
და მეც მაპატიე,
არ ვარ უმადური,
შენს მიერ ნაჩუქარ,
ჩემს სიცოცხლესაც კი
არ დავინანებდი
და რომ შემძლებოდა
ადგილს გავუცვლიდი,
მაინც სასიკეთოს
არას ველოდები...
ოღონდ არ გეგონოს,
რომ ვარ უმადური.
მაგრამ ნაბიჯისაც
არ ვარ გადამდგმელი
მისი ცხედრისაკენ,
რადგან დიდიხნის წინ
მიწა მომაყარა.
საფლავს ჩავეკირე,
მისთვის გავიყინე,
ჰოდა ახლა ნაბიჯისაც
არ ვარ გადამდგმელი,
მაგრამ რომ შემეძლოს
სუნთქვას ვაჩუქებდი,
ღმერთო, მაპატიე.

24.01. 2014.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები