ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: საბავშვო
29 იანვარი, 2014


წერილი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!

ერთ დიდ ქალაქში, უბანში, რომელსაც "ტკბილეულების უბანს" ეძახდნენ, ცხოვრობდა 7 წლის ბიჭი, სახელად სანდრო. უბანს "ტკბილეულებისას" იმიტომ ეძახდნენ, რომ იქ ბევრი საფუნთუშე, ტკბილეულობის მაღაზია და სანაყინე იყო გახსნილი, რომელთა მუშტარიც, ძირითადად პატარა ბავშვები იყვნენ და მათ შორის სანდროც, რომელსაც ისე ძალიან უყვარდა ყოველგვარი სასუსნავი, რომ ხშირად მუცლის ტკივილამდეც კი მიდიოდა, იმდენად ბევრ შოკოლადს, ნამცხვარს და კანფეტს მიირთმევდა.

ერთ დღეს, დედამ სთხოვა სანდროს სადარბაზოში ჩაერბინა და წერილების ყუთიდან გაზეთები ამოეტანა. ბევრი ტკბილეულის ჭამის გადამკიდე სანდროს კარგა გვარიანად მომატებოდა წონა, ამიტომ დედის დავალება დიდად არ ესიამოვნა და სიზარმაცით გასწია სადარბაზოსკენ. როდესაც მან წერილების ყუთი გახსნა, უცბად გაზეთებს შორის ჩადებული წერილის კონვერტი გადმოცურდა და ძირს დაეცა. მსუქანა სანდრო მოუქნელად დაიხარა კონვერტის ასაღებად, ქოშინით აიღო იგი, დახედა და გაკვირვებისგან წარბები შეეჭმუხნა, როცა კონვერტზე მისი სახელი და გვარი წაიკითხა, რადგან როგორც წესი, წერილები ყოველთვის მისი დედის ან მამის სახელზე მიდიოდა.

მან მოუთმენლად გახსნა კონვერტი, ამოიღო სამად დაკეცილი ფურცელი და კითხვას შეუდგა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც წერილის გამომგზავნის ვინაობა შეიტყო. წერილი არც მეტი, არც ნაკლები - მის მიერ, ოღონდ მომავლიდან იყო გამოგზავნილი. ანუ მას საკუთარი თავი, მხოლოდ 40 წლით უფროსი სწერდა.

წერილი ძალიან მოკლე იყო. როგორც სჩანს მისი დამწერი, ანუ 47 წლის სანდრო დიდად არ ემადლიერებოდა თავის ბავშვობას, თუმცა მოდით თავად წერილი წავიკითხოთ:

“გამარჯობა სანდრო,
მე შენი 40 წლის შემდგომი პიროვნება ვარ და სამწუხაროდ უნდა გითხრა, რომ ბევრი ვერაფრით შევძლებ შენს გახარებას. მე ახლა 47 წლის ვარ და ჩემი წონა 150 კილოგრამს აჭარბებს. იცი რას ნიშნავს ეს?! გარდა იმისა, რომ მე ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა მაქვს: მაწუხებს გული, ოფლიანობა, სასუნთქი ორგანოები და კიდევ მრავალი სხვა, ჭარბი წონისგან გამოწვეული დაავადება, პრაქტიკულად მე ფეხსაცმლის თასმის შეკვრაც კი არ შემიძლია ჩემით. ვერ გეტყვი რამდენი დაცინვა და შეურაცხყოფა გადამიტანია სკოლაში, ინსტიტუტში და სამსახურში ჩემი ჭამის სიყვარულისა და ზედმეტი წონის გამო. მიუხედავად ამისა, მე ამ წერილით არ ვაპირებ შენს გალანძღვას და ყვედრებით ავსებას, რადგან ვიცი, რომ ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული. უბრალოდ მე მინდა ზომიერებისკენ მოგიწოდო და რამდენიმე რჩევა მოგცე იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.
ძალიან გთხოვ განსაკუთრებულად თავი შეიკავო ღამით, ძილის წინ ჭამისგან. თუ ძალიან მოგინდება, შეეცადე მაგ დროს სხვა რამე მოიფიქრო. მაგალითად დახატე, წიგნი წაიკითხე, მსუბუქად ივარჯიშე ან სხვა რამით გაერთე. დღის განმავლობაში, როდესაც საკმარისად ნაჭამი იქნები და კიდევ მოგინდება პირის გაცმაცუნება, მოკიდე ხელი ჩვენს ველოსიპედს, გადი გარეთ და გააქროლე იმდენ ხანს, სანამ ჭამის სურვილი არ გადაგივლის და ველოსიპედიც არ მოგბეზრდება. ანდაც ჩვენი ძაღლი გაასეირნე, ხომ იცი როგორ უყვარს სირბილი.
გარდა ამისა, ძალიან გთხოვ ის ყოველთვის გახსოვდეს, რომ მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომლებსაც არათუ ზედმეტი თავშესაქცევი ტკბილეული, არამედ უბრალოდ საკვებად აუცილებელი პური და წყალიც კი ენატრებათ და ამიტომ როცა საჭმელად დაჯდები ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რომ შენ არ ხარ მათსავით და ის, რაც შენთვის ზედმეტი იქნება, თუნდაც მათი ხათრით ნუ შეჭამ.
იცოდე, თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებ, ყოველთვის ჯანმრთელი, ბედნიერი და ხალისიანი იქნები. აბა წარმატებებს გისურვებ!
სანდრო 47 წლის...”

სანდროს საძინებელ ოთახში ქუჩაში იშვიათად ჩავლილი მანქანების და ქალაქში ახლად ჩამოფრენილი მერცხლების ხმა შედიოდა, მის სახეს კი მზის სხივი დასთამაშებდა, რამაც გააღვიძა კიდეც იგი და მიხვდა, რომ ეს ყოველივე დასიზმრებოდა. თუმცა ეს სიზმარი მის მეხსიერებაში საკმაოდ ღრმად და დიდ ხანს დარჩა და იმ დღის შემდეგ, იგი ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც წერილში ურჩია მისმა მომავალმა.

მას შემდეგ 40 წელი გავიდა. სანდრო ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული კაცი დადგა. მას საკუთარი საყვარელი ოჯახიც შეექმნა და სამ შვილს ზრდიდა, რომელთაც ისევე ასწავლიდა ცხოვრებას, როგორც თავად ცხოვრობდა.

ერთ დღეს მის სახელზე წერილი მოვიდა. წერილი 87 წლის სანდროს გამოგზავნილი იყო, რომელიც ჯანმრთელი და ბედნიერი სიბერისთვის საკუთარ ახალგაზრდობას მადლობას უხდიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები