ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2014


ტრიოლეტები

****

მეომრის სიმღერა ( აღმოსავლურ მოტივებზე)


შაჰის ასულო, მოდი, გვერდით მომესადგურე
ბრძოლებში დაღლილს შენი მშვიდი სითბო მჭირდება.
ვით ტალღა ნაპირს, მეალერსე, მირწიე ყურე
შაჰის ასულო,მოდი, გვერდით მომესადგურე...
ვით მთის შარბათი, და მუსიკა სულში მეპკურე,
თხელი თითები დამაქარგე ბროლის სიმებად
შაჰის ასულო, მოდი, გვერდით მომესადგურე
ბრძოლებში დაღლილს შენი მშვიდი სითბო მჭირდება!

****

ვაკის პარკიდან კუს ტბას მთვრალი თუ აუყვები,
ყოველი მეტრი მგონი უცებ შეგიყვარდება.
ათიოდ წუთში სხვა სამყარო გხვდება სრულებით.
ვაკის პარკიდან კუს ტბას მთვრალი თუ აუყვები.
დახედავ ქალაქს, ვით ხელისგულს მისალბუნებით
ხელში აყვანა და ფერება გსურს ნება-ნება...
ვაკის პარკიდან კუს ტბას მთვრალი თუ აუყვები,
ყოველი მეტრი მგონი უცებ შეგიყვარდება!

***


ქარი უბერავს ,ჩვეულებრივ შენ არ მშორდები
და მეკიდები ყელზე, როგორც ნელქმნილი სითბო,
მე მიზიდავენ შენი მზისკენ თლილი ნოტები...
ქარი უბერავს, ჩვეულებრივ შენ არ მშორდები
ვით ტყუპი სული, აღარ მტოვებ...ფიქრით, გონებით.
მქროლავ ფოთლებში კვლავ შენი ხმა ბავშვურად მიხმობს...
ქარი უბერავს ,ჩვეულებრივ შენ არ მშორდები
და მეკიდები ყელზე, როგორც ნელქმნილი სითბო

***


ტობა ვარჩხილი

ცხელი ივნისი, მთის კალთებზე სივრცემ იცისკრა,
მტრედისფერ ღრუბელს ფრთიდან მოსწყდა სალბუნად ჩრდილი.
ნაზად ტორტმანობს ხევში ნისლი, არა იცის რა...
ცხელი ივნისი, მთის კალთებზე სივრცემ იცისკრა.
ვით ვერცხლისწყალი, ალმასივით ჭვირვალლიცლიცა,
ტბა მისტიური სინატიფით არის აღვსილი...
ცხელი ივნისი, მთის კალთებზე სივრცემ იცისკრა,
მტრედისფერ ღრუბელს ფრთიდან მოსწყდა სალბუნად ჩრდილი.




***
კრიალა  ცაზე ქარს მიჰქონდა ნაზი ნიბლია
ფარფატა ფრთებზე მიექარგა ათინათები
თურმე მონუსხულს, თავაწეულს კლდეზე მივლია...
კრიალა ცაზე ქარს მიჰქონდა ნაზი ნიბლია.
ეს სილამაზე რაღაც  მშვიდი, ხეტი ხიბლია...
გაყვები სადღაც და ფიქრებად გაიფანტები,
კრიალა ცაზე ქარს მიჰქონდა ნაზი ნიბლია
ფარფატა ფრთებზე მიებნია ათინათები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები