ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2014


ჭიმია - ნაწილი მეოთხე

მარიამი სახლში რომ მობრუნდა ჭიმია არ დახვდა, რძალმა თქვა: „ეხლახანს გავიდაო.“ უმცროსი შვილი ეზოში შეშას ჩეხავდა.
-ამ შუაღამისას რომ დაგიწყია შეშის დაჭრა,  მთელი დღე რას აკეთებდი?! - ჰკითხა შვილს და პასუხს არ დაელოდა სახლში შევიდა.
მარიამი გახარებულიც იყო და აფორიაქებულიც.
რძალს უცნაურად მოეჩვენა დედამთილის განწყობა. მარიამი მოვიდა და ჭიმიაც ფეხებში მოჰყვა. ჯერ არ ევახშმათ. რძალმა იცოდა, მარიამი სხვაგან არ ივახშმებდა, რაკი არ დაიბარა, ნუ დამელოდებითო.
თითქოს სხვა მოვიდა ვიღაც მარიამის მაგივრად. მთელი გზა მამა დიმიტრისთან ლაპარაკზე ფიქრობდა. ბავშვები უნდა მოინათლონ...მერე ღმერთმა იქნება მაგის შვილსაც აპატიოს ამდენი ცოდვა. აპატიებს, ღმერთი მოწყალეა!  ეშმაკი ჰყავს შემჯდარი და ღმერთი მოაშორებს ეშმაკს.
რძალსაც ჩუმად მიეხმარა სუფრის გაშლაში, მაგრამ აფორიაქებული რო იყო, ჭიმიამაც შეამჩნია. თითო ჭიქა ღვინოც დალიეს, როგორც კახეთშია მიღებული ვახშამზე. ყველამ მიხვდა, მარიამს რაღაცის თქმა უნდოდა და დროს არჩევდა სათქმელად.
-ბავშვები უნდა მოვნათლო! - თქვა უცბად. და, გონი, თითონაც კი გაუკვირდა თავისი ნათქვამისა.
ჭიმიას ლუკმა გადასცდა. რძალს თეფშზე მიეყინა ხელი.
-ბავშვები უნდა მოვნათლო! - მეორედ უფრო თამამადა თქვა, რაკი ნავსი გატეხა.- არ შეიძლება მოუნათლავები. ის კი არა სთქოთ, დედაჩემმა ერთი სტაქანი ღვინო დალია და ის ალაპარაკებსო...
-დედი!..- ჭიმიას რაღცის თქმა უნდოდა.
-ხმა არვინ ამაიღოთ! ჯერ მე ვარ ამ სახლში უფროსი!-და მუშტი დაჰკრა მაგიდას. თეფშები აზრიალდნენ მაგიდაზე. არავის უნახავს მარიამს როდისმე ხმამაღალი სიტყვა ეთქოს. ეტყობა მთელმა დარდმა და ბოღმამ ერთად ამოხეთქა.-როგორც მე ვიტყვი ისე იქნება!  კარქი დედ-მამის შვილები ხართ, ვინმე წინ დამიდექით!
ჭიმია ჭიმია იყო, მაგრამ დედის წანააღმდეგი არასდროს წასულა. ოჯახში ყველა თავის საქმეს აკეთებდა და ყველა პირნათლად. არც არაფერი ჰქონდათ ერთიმეორის საწინააღმდეგო და დასამტკიცებელი. როცა რომელიმე იტყოდა ესა და ეს საქმეაო გასაკეთებელი, ყველა უთქმელად აკეთებდა. „ასი ხელის ჭირიმე და ერთი პირისაო“-ამათ ოჯახზე იყო ნათქვამი. ეხლა კი, გეგონება პირველადა ხედავსო დედას. რძალსაც ხმა არ ამოუღია, ჩანდა, დედამთილის მხარეზე იყო და ვერც ქმრის წინააღმდეგ  ამობდა რამეს.
-ხვალე მოვიყვან მამა დემეტრეს და ბავშვებს მოვნათლამ! მორჩა!  ჩემი სიტყვა ბეჭედდასმულია! ვასილაც მოსანათლია. ბავშვებიც. რა მადლი ექნება ჩვენ ოჯახს, როცა უღმერთოებსა ვზრდით?!
როგორც მარიამმა თქვა, ისეც მოხდა. ბავშვები მონათლეს. ვასილაც. მაგრამ სახლში არ გამოჰყვათ მამა დემეტრე.  ეკლესიაში ნათლობასაც  მოერიდნენ  და დიაკვნის სახლში მოინათლნენ.
ერთი კვირა გარე-გარე დადიოდა ჭიმია, გეგონება სახლში შესვლისა ეშინიაო. „მობრუნდება, სუ ხო ეგრე  არ ივლის?!“-თავს იიმედებდა მარიამი.
აჯობა ღმერთმა. მაინც მონათლეს ბავშვები.
ორიოდე თვე იომა ერთიმეორესთან  დედამა და შვილმა რძლისა და უმცროსი შვილის ჩუმად. რამდენჯერ შეეუსწრია რძალს, რო სახეალეწილი დედამთილი რაღაცას ედავებოდა ჭიმიას. ჭიმიაც ხან პასუხობდა, ხან ჩუმად იყო. ვერავინ გაიგო, რაზე დაობდნენ. ყველა ესეთი დავის შემდეგ ჭიმია  სახლიდან გავიდოდა. მერე თანდათან ცდილობდა დედასთან მარტო არ დარჩენილიყო. 
დარდობდა მარიამი. ცდილობდა, ყველაფერი ღმერთის მოსაწონად გაეკეთებინა- ლოცვის გარეშე არ დაიძინებდა, უსანთლოდ შაბათს არ გაატარებდა, ყოველ პარასკებს მარხვას იცავდა - ქონიან კოვზსაც კი არ ჩაურევდა თავისთვის გაკეთებულ საჭმელში, დღე-ღამის გასაყარზე ყველანაირ საქმეს მიატოვებდა - მზის ჩასვლას დაელოდებოდა, კვირა ძალზე ხელსაქმეს ხელს არ მოჰკიდებდა, ორშაბათს თავს არ დაიბანდა, სუფრიდან გადმოწმენდილ პურის ნამცეცებს ფეხს არ დაადგამდა, ჩიტებს დაუყრიდა-ღმერთი ამათზედაცა ზრუნავსო. ყველა ფეხის გადადგმაზე ღმერთს ეხვეწებოდა ჩემ შვილს უშველეო.
ყოველი კვირის წირვაზე რამდენჯერაც მამა დემეტრე მარიამს შეხედავდა, იმდენჯერ სახეს არიდებდა ქალი. მამა დემეტრე ხვდებოდა, დედამ ვერ დაიყოლია შვილი. ეცოდებოდა მამა დემეტრეს ეს ავ-კარგიანი დედაკაცი. შვილის დარდს რომ ყვებოდა თან.  ერთ კვირას კი მამა დემეტრე მარიამის დანახვაზე მიხვდა, დედაკაცმა გაიმარჯვა. „დაიყოლია!..“ გაიფიქრა დემეტრემ.
-ამ დღეებში დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.-უთხრა დიაკვანს.

    ცოლი უნდა წეეყვანა საყიდლებზე ქალაქში. ბიჭებს შარვლები შემოეხათ, ახლები უნდათო. ფეხსაცმელიცო, ზამთარი მოდისო. არ უნდოდა  ჭიმიას ქალაში წასვლა.  რაღა ეხლა მოუნდათ საყიდლებიო. იმდენი იწრიალა, მაინც მარიამი დაითანხმა წასვლაზე. არ დადიოდა ქალაქში,  თითქოს რაღაცისა ეშინოდა. ან რისა უნდა შინებოდა, მაგრამ მაინც ცუდი გრძნობა ჰქონდა. თავის რაიონში ერჩივნა ყოფნა, დაცულადა გრძნობდა თავს. საქმეც რო არა ჰქონოდა, გააპრიალებდა აზიაცკებს, ჩაიტანდა გალიფეს აზიაცკებში და მაინც აივლ-ჩაივლიდა სახლიდან ცენტრამდე.  გალიფეს ჯიბეში რევოლვერს მოსინჯავდა ხშირ-ხშირად, იარაღის სიგრილე რაღაცნაირად სიმშვიდეს აძლევდა, იმედს. ეხლაც, დედა თითონ მიხვდა, წასასვლელად ფეხს რო ითრევდა და „მე წავალო“, თქვა. ვასილას ბაწრით შარვლის სიგრძე გაუზომა, წელის სიგანეც, ბიჭებსაც  და წავიდნენ რძალ-დედამთილი. საინტერესო კიდევ ის იყო, რო ჭიმია ცოლთან ერთად გავლილი არავის დაუნახია-არ დადიოდა ცოლთან ერთად. აი, სადმე რო იყვნენ წასასვლელბი ჯერ ცოლს გაუშვებდა და ცოტა ხნის შემდეგ თითონ მიდიოდა. არ კი იცოდა, რატომ.  ესე უნდოდა და იმიტომ!
        წავიდნენ და წავიდნენ. ქალებმა უფრო იციან ყიდვა. ჭიმიას რა ესმოდა ყიდვისა?!  დადექი ეხლა და ქალებთან ერთად არჩიე საქონელი. წავიდნენ და რაც უნდათ, ის იყიდონ. აეგრე! 
        თითონ ვენახში წასვლა გადაწყვიტა. სახლში ყოფნას, ვენახში წასვლა ამჯობინა. თითქოს ბედიაო. რა უნდოდა ვენახში, როცა საქმე არაფერი ჰქონდა იქ?! შემოდგომა მთავრდებოდა.
არასდროს გადაჰყრია სონიას ჭიმია. ნადირის გეშითა  გრძნობდა, სონა ან სად გაივლიდა უბანში, ან ვენახში როდის წავიდოდა და იმ დროს არ გაივლიდა იმ მხარეს. ეგ კი იყო, ის დედ-მამა აძაღლებული არჩილა ისევ გვერდით დაჰყვებოდა. ვერ მოიშორა. ახლა კი არც უკანდასახევი გზა იყო, არც გადასახვევი.
სონა მოდიოდა  ვენახიდან.
წინ ხბო გამოეგდო და ჭიმიას პირდაპირ თვალებში უყურებდა. გაჩერდა ჭიმია. ფეხი ვერ გადადგა. ღობეს აეკრა ცუდ საქმეზე წასრებული ბავშვივით. ყურებმა წუილი დაუწყეს. რა უნდა ექნა? არც არაფერი და სიკვდილივით ელოდებოდა,  სონიას მოახლოებას. ეტყობა, სონაც შეცბა, მაგრამ არ იმჩნევდა. გაუსწორდა ჭიმიას. რამის იყო და შუბლზე ხელი მოესვა, ხომ არ გამიხვრიტა თვალებითო სონამ.
სონა გაუსწორდა. თვალი არ მოუცილებია ჭიმიასთვის,ნაბიჯი არ შეუნელებია:
-მოინანიე, უბედურო. ის მაინც ვიცი, ჩემი შვილი საფლავში წევს თავის ცოლ-შვილთან ერთად და აღარაფერი აწუხებს...შენ დადიხარ და ლოდებივითა გკიდია ცოდვები...რატო ძუძუები არ გამიხმა, შენ რო გაწოვე. რა შხამი გაწოვე ეგეთი. - თითქმის ჩურჩულითა თქვა სონამ და წავიდა.
ღობეს აკრულმა ჯიბეში ხელი ჩაიყო.
იმ დღეს გვიან მივიდა სახლში, კარგად დაღამებულზე.    დედა და ცოლი ქალაქიდან დიდი ხნის ჩამოსულები იყვნენ.  პურის გამოცხობაც კი მოესწროთ. ბავშვები გახარებულები ჩანდნენ. ჭიმიას შემოსვლისას, გეგონებოდა ვიღაცამ ცივი წყალი გადაასხათო, ყველას სახე შეეცვალა - გაფითრებული იყო, ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა.  ვირთხასა ჰგავდა, შეშინებულს, გეგონება ჯოხის დარტყმას ელოდებაო. „ეს ჯიბე რამ გაგიხვრიტაო“, დედამ. ჭიმიამ პასუხი არ გასცა. შარვალი გამოიცვალა. ჯიბეგახვრეტილი შარვალი ჯერ კიდევ ცხელ თონეში ჩააგდო. იმ საღამოს არ უვახშმია. ადრე დაწვა დასაძინებლად.  ცუდ ხასიათზე დადგა ყველა. მიხვდნენ, რაღაცა მოხდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს