ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2014


მართალი ადამიანის პორტრეტი

გუშინ გალერეაში ვიყავი.
ადამიანების პორტრეტები გამოეფინათ...
ერთმანეთს ძვირფას, ბრწყინვალე, ანტიკვარულ თუ თანამედროვე ჩარჩოებში ჩასმული სურათები ცვლიდნენ.
ლამაზი სანახავი იყო უძვირფასესი საღებავებით გაფერადებული, უზადოდ შესრულებული ნახატები, რომლებიც დამთვალიერებელთა მოწყურებულ თვალებს თითქოს წყალს უსხამდნენ და მათზე გამოსახული პიროვნებების სახეებზე, გარეგნულად უმშვენიერესად გამოხატული სიდიადით, მოხდენილობით, სილამაზითა და საინტერესო მიმიკებით ანდამატივით იზიდავდნენ.
მართლაც ბევრი მათგანის სახეზე დათამაშობდა კეკლუცი, ამაყი, ირონიული, უზურნველი თუ შეგუებული კმაყოფილება.
ყველა ამ ნახატზე აღბეჭდილ პიროვნებებს, მრავალ განსაკუთრებულ და შესამჩნევ საერთოსთან ერთად, ერთი ძალზედ უბრალო, ჩვეულებრივი და აბსოლუტურად შეუმჩნეველი რამ აერთიანებდა. ისინი, ყველა, თავისი პიროვნების შიგნიდან - გარეთ იმზირებოდნენ მეტ-ნაკლები ინტერესით.
ერთი მათგანი ალბათ პორტრეტის მხატვარს, მეორე მის ფუნჯს და პალიტრას, მესამე ხატვის დროს გარშემო მყოფ ადამიანებსა თუ საგნებს, მეოთხე სულაც სარკეში საკუთარ თავს და სხვა თითქოს პორტრეტის მომავალ დამთვალიერებელსაც კი უყურებდა წარმოსახვის მეშვეობით.
ამ გამოფენაზე მხოლოდ ერთი განსახვავებული პორტრეტი ეკიდა. ეს იყო ყველაზე ძვირფასი სამხატვრო მასალებით და ყველაზე უმწიკვლოდ შექმნილი ნამუშევარი გამოფენაზე. მასზე გამოსახული პიროვნება არაფრით ჰგავდა ყველა დანარჩენს, თუმცა გარეგნულად იმდენად უშნო შესახედავი იყო, რომ დამთვალიერებლები უჟმური და უსიამოვნო გამომეტყველებით, სწრაფად არიდებდნენ თვალს.
ამ სადა, მაგრამ ძვირფას ჩარჩოში ჩასმულ სურათზე გამოსახული იყო ცალთვალა ადამიანი, რომელსაც საღი თვალი უკუღმა ედგა თვალის ბუდეში. მას მარცხენა ყური ჩვეულებრივი, ხოლო მარჯვენა უნიჟარო ჰქონდა. ოდნავ ღია ტუჩებს მიღმა, საკუთარი კბილების ქვეშ მოყოლილი, დაგლეჯილი და დასისხლიანებული ენის წვერი მოუჩანდა. შუბლზე ერთი უწყვეტი ძარღვი გასდევდა შეფარულ, მოლურჯო ზოლად, ხოლო საფეთქლებთან და უპეებთან მრავალი ნაოჭი ამშვენებდა. ყვრიმალები (განსაკუთრებით მარჯვენა) ჩალურჯებული და ფუფხიანი ჰქონდა. გამორჩეულ ყურადღებას კი მის სახეზე, ნაგვემ და შელახულ ნაკვთებს შორის ჩასმული ლამაზი, სწორი, დაუძაბავი და სუფთა ცხვირი იქცევდა, რომელიც თითქოს არხეინად სუნთქავდა და ამით მთელს სახეს ზებუნებრივ სიმშვიდეს ჰფენდა.
ეს პორტრეტი ყველაზე იაფი ღირდა, მაგრამ არავინ იყიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები