ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
24 თებერვალი, 2014


მატყუარა

მზიანი დღე იყო. წინა ღამის წვიმის გამო, ასფალტზე ამოტეხილი გუბეები ტალახიანი წყლით იყო სავსე.
დილით მართა ავტობუსით წავიდა სკოლაში. გაკვეთილების დასრულებისთანავე სკოლის ეზოში გამოვიდა. რაღაცას ელოდა. უცებ ავტობუსის ხმა გაიგონა. ყურებში ცერები დაიცო, , დანარჩენი თითები თვალებზე მიიფარა , ჭადრის უკან დაიმალა და :
_ლა, ლა-ლა, ლა-ლა-ლა-ლა... ერთი, ორი, სამი... წავიდა! ნომერი არ დამინახავს, ესე იგი ჩემი ავტობუსი არ იყო. ძალიან ეწყინება დედას. _ უზარმაზარი ჩანთიდან კალამი ამოიღო , ჯიბეში ჩაიდო. გაიარ-გამოიარა, რაღაც იპოვა, შევიდა სკოლის მაღაზიაში და გულზე მიხუტებული ქაღალდის პარკით გამოვიდა._ ისევ ფეხით მომიწევს წასვლა. როგორ ეწყინება დედას... _თქვა და მეორე კლასელებისთვის
დამახასიათებელი კბილებნაკლული ღიმილით გაიკრიჭა. ლურჯი, უზარმაზარი თვალები აუელვარდა, თმის სამაგრი მოიხსნა , თმა გაიშალა და სახლის გზას დაადგა.
_ისეთი ლამაზი მზეა. ისეთი ლამაზი გუბეები. შოკოლადისფერი. საინტერესოა თუ გადავხტები?! დედას ძალიან ეწყინება ახალი ფეხსაცმელი რომ დაისვაროს. ჯობია გავიხადო. _თქმა და შესრულება ერთი იყო. სასწრაფოდ გაიხადა. ისეც მოკლე ქვედაკაბა აიკეცა , გაიქცა და ყველაზე დიდ ტალახში ჩახტა._ ფეხს რომ ვდგამ რძიანი შოკოლადისფერი ხდება . ალბათ იმიტომ რომ თეთრი ფეხები მაქვს. რა ჭკვიანი ვარ ფეხსაცმელი და წინდა ჩანთაში რომ ჩავდე. დედას ძალიან გაუხარდება. ახლა ეს ტალახი შემახმება და მე რომ მინდა ისეთი ჩექმები მექნება. შოკოლადისფერი. _ მართა ბედნიერი ღიმილით უყურებდა ტალახში ამოგანგლულ ფეხებს, შემდეგ გზიდან  გადავიდა , გვირილები დაკრიფა და თავის ,,,ჩექმას,, ორივე ფეხზე წრიულად მიაწება ყვავილები. _ასე უფრო ლამაზია... _თქვა და ფეხს აუჩქარა. გზად ერთ ადგილას კიდევ გადავიდა გზიდან, შემდეგ კი პირდაპირ სახლისკენ გასწია.

_დედიკო, მოვედი! _ მართა დედას წელზე მოეხვია_გასული იყავი?_საგარეო ტანსაცმელი შეათვალიერა.
_ეს რა არის? მთელ იატაკზე შენი ნაფეხურებია.
_დე, მასწავლებელმა თქვა, ყველა ადამიანმა ცხოვრებაში თავისი კვალი უნდა დატოვოსო.  ნახე რა  ლამაზ კვალს ვტოვებ. სპეციალურად ...
_მართა!
_სპეციალურად  გავიკეთე რომ შენთვის მეჩვენებინა როგორია ჩემი ოცნების ჩექმა.
_ისევ ფეხით მოდი?
_გეფიცები ყველაფერს! ყველაფერს! ავტობუსი თვალითაც არ დამინახავს.
_როგორ დაინახავდი ჭადრის უკან დამდგარი და თვალზეხელაფარებული?
_დედა,  საიდან იცი? _ მართას  თვალები აუწყლიანდა.
_გუშინწინ რომ არ მოვიდა ავტობუსი და შენი ოცნების ხელთათმანი მაჩვენე, იმის წინ რომ არ მოვიდა და ოცნების გვირგვინი მაჩვენე, მანამდე რომ არ მოვიდა და გალუმპული მოდი სახლში, მე მოვედი, რომ ავტობუსის მძღოლი გამელანძღა. ჭადრის უკან კი ერთი ცრუპენტელა გოგონა დავინახე, ყურებდაგმანული და თვალზეხელაფარებული.
_დე... _მართა თვალს არ ახამხამებდა. ლურჯი თვალები ცრემლის გუბურებს უკან მიიმალა.
_შემდეგ იმ მატყუარა გოგონამ კალამი აიღო და ქურთუკის ჯიბე გახვრიტა. შემდეგ იარა, იარა...  მასე კარგავ ფულს?  მაგიტომ ვკერავ შენს ჯიბეებს  ყოველ კვირაში?  მატყუარა!
_დედა! _ მართამ თვალი დაახამხამა და ცრემლები წასკდა._ ჯიბე მართლა გავხვრიტე, მაგრამ  ხურდები თავისით გამოცვივდა. გეფიცები!
_ ქაღალდის პაკეტში რა ეწყო?
_ფუნთუშები.
_რით იყიდე?
_ეზოში ნაპოვნი ხურდებით.
_შენი დაკარგულით?
_არ ვიცი. იქნებ სხვამ დაკარგა... _ტალახიანი ხელით ცრემლები მოიწმინდა _შემდეგ?
_შემდეგ წამოვედი სახლში და რომ არ გაბრაზებულიყავი ფეხზე გავიხადე.
_ეს დავინახე. ფუნთუშები? ვის ეზოში იყავი?
_იმ ეზოში  ერთი სახლია.  ერთი მოხუცი ცხოვრობს. ადრე ქუჩაში ჯდებოდა და მისი სახლის წინ მეკარგებოდა ხურდები. ახლა აღარ შეუძლია და ფუნთუშები მიმაქვს. ისეთი ლამაზი ბებოა. სულ  შენ გგავს, ოღონდ დიდი ხნის შემდეგ.  _ მართა ისევ აციმციმდა. ახლა დედას აუვსო ცრემლმა თვალები და გაიღიმა.
_შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!
_სიცოცხლე რთულია_გადაიკისკისა გოგონამ._  მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ. უბრალოდ ყველაფერს არ ვამბობდი.
_ხვალიდან აღარ დაგინახო ავტობუსით სახლში მოსული!
_გასაგებია, დე!_ მართა დედას  ყელზე შემოეხვია.
_ნახევარი საათით ადრე მაინც მოხვალ სახლში. თან ჯიბეების გაკერვა აღარ  დამჭირდება.
_ახლა გაქრი! ასამდე დავითვლი და ხელპირდაბანილი დამხვდი მაგიდასთან.
_დე, ჩვენ რომ ვიცით ისე დაითვალე:  ერთი, ერთნახევარი, ორი, ორნახევარი, სამი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები