ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2014


ძველი ჩანახატები. ისინი (ფრაგმენტები).

      ძველი ჩანახატები

                                                                                                                  *  *  *

      ირგვლივ ყველაფერი ჩამუქებულა და ჩაჟანგულა თითქოს. არცთუ ისე მაღალი არაფრისმთქმელი კედლები, სამყაროდან ერთი ციდა სივრცეს რომ გამიჯნავენ, ჩემს ოთახად იწოდება. სრულიად შიშველ კედლებს პატარა თეთრი კვადრატი აგვირგვინებს, რომელსაც წლების მანძილზე ნადენი წყლისაგან, ყავისფერი ზოლები ჭრილობებივით დამჩნევია.
      ოთახის შუაში, დროჟამისაგან გაშავებულ სადენებზე, მხოლოდ მოვალეობის მიზნითღა მბჟუტავი ნათურა ჰკიდია, რომელიც უნაპირო მოთმინებით შებმია დასადგურებულ მარტოობას.
      ყოველგვარი კავშირი გარე სამყაროსთან თითქმის გაწყვეტილი მაქვს, თუ არ ჩავთვლით ჩემი საწოლის თავზე, ჩემს პირდაპირ, პატარა ვიწრო ფანჯარას, სამიოდე ჭრილით ხის ძველ ჩარჩოში, სხვადასხვა ფერისა და ზომის მინის ნაჭრებით რომაა ამოვსებული.
      დღეებს აღარ ვითვლი, უკვე მერამდენე დღეა გადაუღებლად წვიმს. ყველაფერი ჩამოიქცა თითქოს. ასე მგონია საცაა ცა ჩამოწვება და სიცივისაგან აბუზულ აძაგძაგებულ ადამიანებს თავზე დაემხობა.
      თვალებს ვხუჭავ, მინდა წარმოვიდგინო მზით განათებული გარემო, მზე ჩემს ოთახში, მაგრამ ყველაფერი ამაოა, ოცნებაც კი ამ გაცრიატებული ყოფითაა შეჭმული. ცა უფრო და უფრო იქუფრება, თითქოს მთელი ბალღამი ერთად უნდა გადმოანთხიოს.
      გარეთ ისევ გაუთავებლად ასხავს, ჩემს ოთახში  დასადგურებულ სიჩუმეს წვეთების მონოტონური ხმები უფრო აუტანელს ხდის.
      ვგრძნობ როგორ იძირება ყველაფერი დროის უსასრულო განურჩევლობაში.

1984

                                                                                              *  *  *

      შემოდგომის მზე ზანტად ამოგორდა, თავს წაადგა საადამიანოს, ცოტა კიდევ მაღლა აიწია და გაირინდა.
      წინა დილით ნანახი გაახსენდა მზეს. აბა რის მზე იყო, რომ დავიწყებოდა, უკვირდა, ჩადიოდა ფეხზე ტოვებდა ადამიანებს, ამოდიოდა და ისევ ფეხზე ხვდებოდნენ.
      ასე გაუთავებლად რას აკეთებდნენ, რას დარბოდნენ, რა საქმე ჰქონდათ ისეთი, რომ ზემოთ ახედვა და მზისთვის თვალის შევლებაც კი ავიწყდებოდათ, ვერა გაეგო რა.
      ქვემოთ კი, საადამიანოში, იზაბელას მაჭარივით დუღდა შემოდგომა, შხეფებს ისროდა, ბარაქას გულში ვერ იტევდა და გარემოს აპურებდა.
      ბუნება თითქოს აგონიაში იყო, როგორც უკანასკნელ წრეზე მორბენალი დოღის ცხენი, მთელი არსებით მიილტვოდა წინ, ზამთრის ქარტეხილებისა თუ გარინდებით მოსვენებისაკენ.
      ამ ძალუმი ჭენების გვერდით, უფრო ძლიერ იგრძნობოდა საერთო მოდუნება, რომელსაც მოეცვა ყოველივე. შენელებული რიტმი ნელ-ნელა ყველას და ყველაფერს იმორჩილებდა. სისხლი მდორედ, მაგრამ ჯერაც ვნებიანი შხუილითა და ფეთქვით მიედინებოდა, მრავალგზის ნაცადი გზებით, გულებისაკენ.
      მზე კისერს უწვავდა აარხეინად მომღიმარ, ტოლსწორ გოგოებზე ჩუმ-ჩუმად შეყვარებულ ბიჭებს, სადღაც მინდორში შექუჩებულ, მოტრკციალე ფერიებსაც გადახედავდა, შეხსნილ ღილკილოდან ჩაუჭვრეტდა როგორც საყვავილე კვირტებს, დარცხვენილი და ალეწილი მერე თვალს მოარიდებდა და ცაზე გაიტრუნებოდა.
      ამ წლის შემოდგომა რაღაცით გაზაფხულს წააგავდა, ოღონდ ეგაა ოხშივარი არ ასდიოდა მიწას.
      პირდაფჩენილი, დამსკდარი ბროწეულები ფერს აჯიბრებნენ ჩათქვირულ ხურმებს. ვაზს შერჩენილ მარცვლებს ბეღურები ბარაქას ატანდნენ. ასეთ დროს სითბოს ეფიცხება ყოველი სულდგმული. მზესუმზირები დამძიმებულ თავებს აყოლებდმემ მაცოცხლებელ მოელვარე დისკოს გზასავალს.
      აქა-იქ შემორჩენილი ჭრიჭინები და შორით მოღწეული ცულის კაკუნი თუ არღვევდა მყუდროებას, ეს იყო და ეს.
      სოფელში დრო თავისი გზით იძვროდა დინჯად.
      მზემ ცოტა კიდევ აიწია ზემოთ, მერე კიდევ ცოტა, მერე კიდევ და ქნა პირი დასალიერისკენ.
      ჩრდილები დაგრძელდნენ, შემოდგომის თბილ საღამოს სუსხი შეეპარა. ყვითელი ფოთლები ბინდში უხმოდ ეშვებოდნენ ხეებიდან და ჯერ კიდევ თბილ მიწაზე სიცოცხლის მრავალფერ ხალიჩას ქსოვდნენ.

1984

                                                                                                            *  *  *
                                                                                                                                              „ყოველივე ის, რასაც მე ვფიქრობ,  არაფერია იმასთან შედარებით,
                                                                                                                                                      რაც ისე ჩაივლის, რომ ჩემი აზრი ვერაფერს შეცვლის მასში.“
                                                                                                                                                                                                                                  პოლ ვალერი

      უნაპირო სიჩუმეს  წვიმის წვეთივით  მოსწყდა ჩქამი, უკანასკნელი ფოთოლი გაკრთა ცის ფონზე და ტრიალით დაეშვა. გაქრა. დრომ თავისი მიითვალა ისევ . . .
      დუმილი ახრჩობდათ ხეებს. მერე დაიძრა, აგორდა და აზვირთდა, ზათქითა და ზრიალით წამოვიდა ფიქრი. წამოვიდა და შეასკდა სიჩუმის ტინს. მსხვრევის ხმა გაიწვართა, მწევარივით, წავიდა, წავიდა და ჩაინთქა უსასრულო სივრცეში.
      დუმილი გამჭოლი, გამყინავი, სულით-ხორცამდე შემძვრელი დუმილი დატბორდა ირგვლივ.
      ცისკენ აზიდული მღაღადებელი ხელები . . . შიშველ ტოტებს თითქოს ბურთები გასჩროდათ ყელში, უსიტყვოდ ითხოვდნენ წყალობას.
      ცა კი თალხით იყო მოსილი, ცივი, პირქუში..
      ზემო თუ ქვენა ქარი, თხის არვესავით მიერეკებოდა შავ, ტყვიისფერ ღრუბლებს.

1984

                                                                                                                *  *  *

      ქუჩაში იების კონა დადიოდა, ხო, ჩვეულებრივი, პატარა, ფერმკრთალი იების კონა.
      არავის არ აოცებდა მათი გამოჩენა, თითქოს ყოველდღე ხედავდნენ. იებს კი უკვირდათ, უკვირდათ ძალიან, უკვირდათ ადამიანების უინტერესობაც. ნუთუ შეიძლება, ქუჩაში დადიოდეს ერთადერთი იების კონა და არ შეხედო? ეტყობა არავინ არ ელოდა დიდი მოლოდინით მათ მოსვლას, ვინ იცის, ან უბრალოდ არ ეცალათ ადამიანებს ამისთვის.
      იცოდნენ, როგორც მოვიდნენ, ისე წავიდოდნენ უჩუმრად, წყნარად, მაგრამ. . . მაგრამ, ეტყობა ვიღაცას მაინც გაახსენდა, გაზაფხულზე იები რომ იღვიძებენ და ლურჯი თვალებით გაკვირვებით შესცქერიან  ირგვლივ ყველაფერს. ელიან, ელიან მორჩილად, პირველ ადამიანს, ვისაც გაახსენდება მათი არსებობა. იებისათვის ხომ ყველაზე დიდი ბედნიერება სხვათა სიხარული, მოსიყვარულე თითების ნაზი თრთოლვაა. . .
      და დადიოდა ქალაქში პაწაწინა იების კონა, ადამიანის ხელებში გასუსული.

1985

*  *  *

      მესამე კლასში ვიყავით, პირველად ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდა, სექტემბრის დამლევს, ერთ მშვენიერ ღაღანა დღეს.
      მაღალი, კნაჭა გოგო იყო და რა თქმა უნდა ჯერ არავის არ იცნობდა, დადიოდა ამაყად, თავაწეული. ჩვენს ჩურჩულზე და მის გასაგონად ხმამაღლა ქილიკზე, ყურსაც არ იბერტყავდა, მოკლედ ჩირადაც არ გვთვლიდა.
      გავიდა დღე, ორი, სამი, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, ერთი ყასიდად ნათქვამი სიტყვის ღირსიც კი არ გაგვხადა.
      ხო, სულ დამავიწყდა, დამრიგებელმა ჩემსა და ზურას წინ დასვა მერხზე, დასვა და დაგვიფარა მთელი თუ არა ნახევარი დაფა მაინც, მის ფონზე სულ აღარ ვჩანდით. ხუმრობა ხომ არ იყო, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.
        არა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, უნდა რაიმე გვეღონა. ზურამ შემაგულიანა და გავრისკე, სჯობდა ცდუნებას არ ავყოლოდი, მაგრამ, „კაცი რომ თავის თავს უზამსო. . . ,“ მოკლედ, ერთხელაც, მათემატიკის გაკვეთილზე, უზარმაზარი, თეთრი ბაფთებით დამშვენებულ, ქერა კიკინებში წავწვდი და დიდი მონდომებით მოვქაჩე. მოვქაჩე და დაუყოვნებლად პასუხიც მივიღე.
        როგორც ამბობდენ, საკმაოდ რთული პროგრამით დამძიმებულმა მათემატიკის სახელმძღვანელომ, ორდინატასთან მრუდი მოხაზა და აბსცისაზე ანუ ჩემს თავზე, თავისუფალი ვარდნის აჩქარებით დაეშვა. ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე, ნეტავ მიწა გამსკდომოდა და აქ არ ვმჯდარიყავი მეთქი. ალბათ მაშინ ფიზიკა რომ მცოდნოდა, მივხვდებოდი, რა ულმობელი ყოფილა მიზეზ-შედეგობრიობის კანონი, თანაც საკუთარ თავზე გამოცდილი და რა დაგვიანებული ჩემი შინაგანი ხმის რჩევა.   
      ასე გავიცანი ქეთი.

1985
     

        ისინი  (ფრაგმენტები)

                                                                                                  აგრაფინა
                                                                                          (ნამდვილი ამბავი)

    ოთხმოცს კი იყო მიტანებული, მაგრამ, უქმე დღეს, ქუჩაში რომ გამოვიდოდა, იმ წუთას ყველას ყურადღებას იპყრობდა.
    გინდოდა თუ არა, მილეთ ხალხში გამოარჩევდი. მე შენ გეტყვი და რაიმე შეეშლებოდა? ან გავლა-გამოვლა, ან სიტყვა-პასუხი? ნურას უკაცრავად.
    გემოვნებით იცმევდა, უფრო ხშირად შავ, ლამაზად გაწყობილ კაბას, გულისპირზე თეთრი, სპილოს ძვლის საბნევით.
    ფეხზე შავი, ლაკის “პოლსაპოშკებით” – ოციანი წლების პარიზში შეკერილი.
    გამჭვირვალე გრძელი ხელთათმანით დამშვენებულ მკლავზე კი ლაკისავე მინიატურული “რედიკული” ეკიდა. მუდამ პირბადიანი, ფართოფარფლებიანი ქუდითა და შავი კიდეებზე ფოჩებიანი ქოლგით დადიოდა.
    უფრო ხშირად ბაზრისაკენ მიმავალს შენიშნავდით, არა, რაიმეს საყიდლად კი არა, ისე, შესათვალიერებლად მიდიოდა, წლის ბარაქას გამომცდელი თვალით აწონ-დაწონიდა; ხალხს გადახედავდა, ხან დინჯად ვინმეს გაებაასებოდა; დახვეწილი ქართულით, ცოტახნით. ახალ ამბებს იკითხავდა, ისე სხვათაშორის და თუ, ის მოსაუბრე კარგი გვარიშვილი, პატივსაცემი კაცი იყო, ერთ-ორ სიტყვას მომავალ თაობაზე, ან ქვეყნის ბედზე ჩამოუგდებდა, მერე იმ მეორეს, საღერღელი რომ აეშლებოდა და მსოფლიოს გადარჩენას დააპირებდა, ტაქტიანად დაემშვიდობებოდა – მომიტევეთ ბატონო ჩემო, გადაუდებელი საქმე მაქვსო – და ისევ დინჯად, ნელ-ნელა ოდნავ მომღიმარი სახით გაუყვებოდა მთვრალი კაცის ნაკვალევივით აცა-ბაცა გზას შინისაკენ.
    ბაბუაჩემი იტყოდა, - ბოშო, მაგფერი გვარიშვილი ტყუილია, მეორე არ დეიარება ზემო იმერეთში. ახალგაზრდობაში ქუჩაში ქე რომ გეივლიდა, ფაეტვნები ჩერდებოდნენო.
    ამბობდნენ, იმერეთის ბაგრატიონების ერთ-ერთი უკანასკნელი შთამომავალიაო, ქალბატონი აგრაფინა ბაგრატიონი-ფხაკაძისა.


                                                                                                  შურა მამიდა
                                                                                              (ნამდვილი ამბავი)

  ეს ამბავი გადმოცემით ვიცი, მანჩაიას უბანში მომხდარა (მე უბრალოდ პირველ პირში მოგიყვებით უფრო კარგად გამომდის).
  ხოდა, ერთი მშვენიერი ზაფხულის დილა-სისხამზე, აკაციების სურნელით გაჟღენთილი გარემო, ზარივით ხმამ შეძრა:
- მიშველეთ! – იკივლა ვიღაცამ შურასთან.
- მიშველეთ! დევიფსე და დევიღუპე! მელიტონ! ილუშა! ქურდია, ქურდი! გამცარცვეს! –
ყვირილმა ყველა უცბად გამოგვაფხიზლა.
- ე, ბიჭო, მიდი! რაცხა უბედურებაა შურას თავს. – მიყვირა მელიტონმა და მოჰყვა
ფლოსტების ძებნას.
  წამოვხტი, ვეცი ჩვენს ფილთას და საცვლებისამარა შუშაბანდში გავვარდი.
  შურას თავი გამოეყო აივანზე, კიოდა და ორივე ხელით ლოყებს იხოკდა.
- რაია მამიდაჩემო, რა მოხდა? – შევძახე მე (შურა მამიდას სახლი ჩვენს მეზობლად, ოდნავ ზემოთ იდგა ფერდაზე).
- დევიღუპეე, - მომატირა კარგი ჭირისუფალივით მამიდამ (ისე ვეძახდი მამიდას, თორემ მოგვარე იყო მარტო). – გამცარცვეს, წეიღო იმ შეჩვენებულმა ჩემი სამოვარი და გადახტა სიმინდებში.
  შესაშური სისწრაფით გავაანალიზე სიტუაცია, ქურდი შორს ვერ წავიდოდა, სადმე სიმინდებში იქნებოდა გაყურსული, ხოდა ავმოქმედდი, - აიტ! - ვიყვირე მთელი ხმით. –
რომელი ხარ შენ? გაჩერდი თვარა, მოგაწიე ტყვია ზურგში.
  ჩემი ომახიანი გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი და მამიდა შურას ავხედე.
  იკადრა იმ ხვასტაგმა გაქცევა, აღელდა ყანა, მირბის ქურდი, წვება მის ნაკვალევზე დიდი ჭაპანწყვეტით მოყვანილი სიმინდი. ამის შემხედვარე სულ გადაირია საწყალი ქალი, - ესროლე ბიჭო, ესროლე! რავა დაეყუდე მაქ ნაპოლეონივით. – კი ვესროდი მაგრამ, რამოდენიმე წლის წინ, ვითომდა კურდღლებზე ნადირობისას, მამაჩემს, რომ წყალში ჩაუვარდა, იმის მერე ჩაიჟანგა და ჩაიკირა ჩახმახი, ხოდა ახლა ხალიჩის საბერტყად თუ გამოდგებოდა, თორემ, კაპიკი იყო მისი ფასი.
- ესროლე ბიჭო!  - არ მეშვებოდა “დაზარალებული”.
- ვერ ვესვრი მამიდა, - ამოვღერღე როგორც იქნა დარცხვენილმა, ისე რომ ქურდს არ გაეგონა, - ჩაჟანგულია, ჩაჟანგული.
  ამასობაში გავიდა ქურდი ყანის ბოლოში და გადაევლო ტრიფოლიატის ცოცხალ ღობეს. ალბათ ვინმეს რომ აღენუსხა, მსოფლიოს თუ არა იმერეთის რეკორდს მაინც დაამყარებდა სიმაღლეში ხტომაში.
  მიხვდა მამიდა შურა, აღარაფერი ეშველებოდა მის სამოვარს და ვეღარ გადაულოცავდა თავის ერთადერთ შვილს. ჰოდა, დაწყნარდა ერთბაშად.  მერე მწარე ირონიული გამომეტყველებით გადმოგვხედა, მე და მამაჩემს (ამასობაში ისიც გამოსულიყო და გვერდით მედგა), - არ ინაღვლო ილუშა, შვილო, იგიც კაია მაგი უბედურის ცოდვაში რომ არ გეისვარე ხელი, რომ მოგეკლა ასე უზიარებლად, რა ეშველებოდა მერე? ახლა ჩემო ბატონო ავა მელისკარზე და დოუნთებს ღმერთს სანთელს შენი და მამაშენის სახელზე.
- მე მამაჩემს გადავხედე პირდაფჩენილმა, იმან მე, ორივე კი ისევ შურა მამიდას მივაჩერდით, მისი მონოლოგით გაკვირვებულები.
    ცოტა ხანს კიდევ გვიყურა დოინჯშემოყრილმა, მერე ამოიოხრა: - არ იქნება თქვენი საშველიო, - და ასე დატუქსული ბავშვებივით დაგვტოვა.
მეორე დღეს, მამაჩემმა, ჩახმახი მოხსნა თოფს და სამჭედლოში წაიღო გასაკეთებლად.


                                                                                                            ხასანა
                                                                                                  (ნამდვილი ამბავი)

    იმდენად პატარა იყო ხარაგოული, რომ ორი მებარგული ჰყოფნიდა ზაფხულში, თბილისის სიცხეს გამოქცეული “დაჩნიკების” რკინიგზის სადგურიდან სახლებამდე მიბარგება-დაბინავებას, სულ ორი მებარგული – დათიკო ურია და თურქი ხასანა.
    ამ ორი კოლორიტიდან ხასანა გამორჩეული იყო თავისებურად, პირველი ნაცნობობა მასთან, თუ მის სახელთან, არც ისე სასიამოვნო იყო, თუმცა ამაში წვლილი ხასანას ნამდვილად არ მიუძღოდა. დღემდე ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ ფაქტია, უფროსები ჩვენი ცელქობის აღკვეთას მისი სახელით ცდილობდნენ, - თუ ჭკუით არ მოიქცევით თურქი მოვა და გუდით წაგიყვანთო – ჩვენც შეშინებულები, სადაც თვალს მოვკრავდით ხასანას, გაფაციცებით ვუთვალთვალებდით და ვცდილობდით გაგვერკვია, თუ სად მალავდა ჩვენს წასაყვან ტომარას.
    ახლა ყველაფერ ამას რომ ვიგონებ მეღიმება, მაგრამ მაშინ, ჩვენი ბავშვური გონება უფრო მეტს ვერ სწვდებოდა.
    ზორბა კაცი იყო ხასანა, მაღალი, ბეჭებ განიერი და ჩასკვნილი. ალბათ უკვე სამოცს გადაცილებული. თხელი კეხიანი ცხვირი ჰქონდა და უზარმაზარი, აქეთ-იქით გაზიდული, ჭაღარაშეპარული ულვაშები.
    რაც თავი მახსოვს ყოველთვის სუფთა, შავ-თეთრ ზოლიანი, უზარმაზარ ჯიბეებიანი, შილიფად შეკერილი შარვალი და შავი პერანგი ეცვა. ზაფხულობით, ოთხივეკუთხე გამონასკვული, უჯრულა ცხვირსახოცით წაიკრავდა ხოლმე თავს, იმერეთის მწველ მზეს რომ გაჰქცეოდა და ხელში კი, ერთთავად, მსხვილი საბელი თოკის ხვეულა ეჭირა, ბარგის შესაკრავი.
    სად ცხოვრობდა დღესაც არ ვიცი, სარჩო-საბადებელს კი ბარგის გადაზიდვაში აღებული ფულით შოულობდა გაჭირვებით. ხან ბაზარში საყიდლებით დატვირთულ დიასახლისებს წაეხმარებოდა, ხან მატარებელზე ჩამოსულ მგზავრებს უზიდავდა ბარგს. რამდენიც არ უნდა მიეცათ ყაბულს იყო, არასოდეს, არავის არ ევაჭრებოდა, “ბირ მანათ”, “ბირ მანათო” გაიძახოდა.
    ქართულს ამტვრევდა, რუსულად ერთი-ორი სიტყვა იცოდა მარტო, თუ გაუჭირდებოდა თურქულსაც მიახმარდა ხოლმე.
    ხალხი ამბობდა, - თურქეთიდან გადმოიხვეწაო ოციანი თუ ოცდაათიანი წლების ბოლოსო.
    საქმეში უფრო ჩახედულები იმასაც ამატებდნენ, - თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ბიჭი რომ იყო გოგო შეუყვარდა ერთი, ის გოგო კი მის მშობლებს ვიღაც აღასთვის მესამე ცოლად მიუთხოვებიათ, ხოდა ხასანამ ეს ვერ აიტანა და ის აღა მოუკლავსო. მერე იქ რომ აღარ დაედგომებოდა, ერთ უმთვარო ღამეს, მდინარეში კუნძი ჩააგდო, ზედ ჩამოეკიდა და საქართველოში გამოცურაო.
    მოგვიანებით რაღაც მანქანებით ხარაგოულში მოხვედრილა და კიდეც დაფუძნებულა დიდის ვაი-ვაგლახით. ეს იყო და ეს, მეტი არავინ არაფერი იცოდა.
    დაბიდან ოც თუ ოცდახუთ კილომეტრზე შორს წასვლის უფლება არ ჰქონდა, მილიცია არ უშვებდა, ამიტომაც ზოგი ჭორაობდა, - ადრე თურქების აგენტი იქნებოდა თვარა რეიზა არ უშვებენ თავისუფლადო. მოკლედ ჩვენ უფრო დამაჯერებლად, პირველ ვერსიას მივიჩნევდით, თუმცა ეს მოგვიანებით გავაცნობიერეთ.
    ცოტა რომ წამოვიზარდეთ შიში გაგვიქრა, შორიახლოს ჯგროდ ავედევნებოთით და - ხასან, ხასან, ხასან ხასანო გავყვიროდით. არ მახსოვს ოდესმე გაგვბრაზებოდა, ღიმილით უსიტყვოდ მოგვიბრუნდებოდა, ხელით გვანიშნებდა მოდითო, ჯიბიდან “კანფეტებს” ამოიღებდა და თავისი, უზარმაზარი ხელისგულებით გამოგვიწოდებდა, ჩვენც მფრთხალი ბეღურებივით სათითაოდ დავიტაცებდით, მერე ისევ უკან გამოვვარდებოდით, თითქოსდა ხასანა მარტო იმაზე ფიქრობდა, რომელი ერთისთვის ჩაევლო ხელი.
    მერე და მერე ასაკთან ერთად ჩვენი აბეზარობა მოვიშალეთ, დიდი კაცებივით ვესალმებოდით ხოლმე, ვინ ქართულად, ვინ რუსულად, მე კი ყოველთვის - “სალამ ალეიქუმ  ხასან” - მეთქი ვეუბნებოდი, ვგრძნობდი სიამოვნებდა, მოდი “ბიჩოო” დამიძახებდა, ხელს ღონივრად ჩამომართმევდა, მარცხენას ბეჭზე დამკრავდა და მეტყოდა – “შენ უკვე დიდი ქაცი ხარო”. მეც ვიფერებდი, მისი შექება მსიამოვნებდა.
    ერთხელ, მგონი უკვე სკოლას ვამთავრებდი, გაზაფხულზე ხარაგოულში ჩავედი. ამ დროს ყველა სოფლის საქმეებითაა დაკავებული, ფერდებზე დაკიდებულ ყანებსა და ვენახებს დაჰფუსფუსებენ, ქუჩაში მოსიარულე ადამიანს იშვიათად დაინახავ. ბიჭებიც სადღაც გაკრეფილიყვნენ, ვერავინ მოვიხელთე უბანში. გადავწყვიტე ბაქანზე გამესეირნა, იქნებ იქ მაინც მენახა ვინმე. როგორც წესი, ვისაც საქმე არ ჰქონდა სახლში, აქ ჩამოდიოდა.
    გავედი თუ არა სადგურზე, ხასანა დავინახე, განაპირა სკამზე იჯდა თავჩაქინდრული, მეგონა თვლემდა და აღარ შევეხმიანე. რომ გავუსწორდი თავი აიღო და წყნარად დამიძახა – მოდი დაჯექი ბიჩოო.
    მეუცნაურა, რაღაც გაბზარული ხმა ჰქონდა, უხმოდ მივედი და გვერდით მივუჯექი, ერთხანს ასე გარინდული იყო, მერე შემომხედა, გაღიმება სცადა, მძივებივით ნაოჭებასხმულ თვალის უპეებში სისველე ემჩნეოდა.
    თავისი დაკოჟრილი ხელი ხელზე დამადო, მომეჩვენა ერთ დროს უზარმაზარი მარჯვენა ერთი-ორად დაპატარავებოდა, მუქი ლურჯი ძარღვები, ხორბლისფერ, ცვილის ფენასავით გამჭვირვალე, სიფრიფანა კანქვეშ ძალუმად ეტყობოდა. ცოტა ხანს ჩემს და თავის ხელს დასცქეროდა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, წამოდგა, ჯიბიდან ერთი ცალი კოწახურის “კანფეტი” ამოიღო, ხელში ჩამიდო, - ქარგათ ბიჩოო, - მითხრა და ნელ-ნელა გაუყვა ბაქანს. აღარ მოუხედავს. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მომერიდა, ვიფიქრე ხვალ-ზეგ ვკითხავ რა მოხდა მეთქი.
    მომდევნო დღეებში ვეღარ ვნახე, მერე გამოცდებიც დამეწყო, საატესტატო და მისაღები. მოკლედ აღარ მეცალა, სიტუაციამ შემისრუტა და კარგახანს ვეღარ მოვახერხე ხარაგოულში ჩასვლა.
    როცა ჩავედი უბნის ბიჭებმა სინანულით მითხრეს, - ჩვენი თურქი აღარ არისო, შენ რომ ბოლოს იყავი, იმის მერე რამდენიმე დღეში გარდაიცვალაო. – ამ უთვისტომო თურქისთვის წესიც აუგიათ და საერთო სასაფლაოზეც დაუკრძალავთ.
    გული დამწყდა, თითქოს რაღაც ძვირფასი დავკარგე.
    წლები გავიდა და ხარაგოულში მორიგი ჩასვლისას, აი რა საოცარ ამბავს მომიყვნენ სადგურზე:
  სიკვდილის წინ, ცოტა ხნით ადრე, როგორღაც მოუხერხებია თურქეთში ნათესავებისთვის ხმა მიეწვდინა (უკვე “პერესტროიკა” იყო) და იქიდან წერილიც მიუღია.
      ხასანას წერა-კითხვა თურქულად დავიწყებული ჰქონდაა და ზესტაფონში თურქულის მცოდნესთვის წაუკითხინებია, ხოდა იმ დღის მერე ხასანა გაღიმებული აღარავის უნახავს და ერთ კვირაში კიდეც გარდაცვლილა.
    დასაფლავების დროს, იმის მწირ ქონებაში ის წერილი ვეღარ უნახავთ, მაგრამ ვიღაცას უთქვამს – წერილში სხვა ამბებთან ერთად მისი შეყვარებულის გარდაცვალების ამბავიც ეწერაო, იმ გოგოს თურმე ხასანას გაქცევიდან სულ მალე მდინარეში თავი დაუხვრჩიაო.
    ასე სევდიანად დასრულდა სამშობლო დაკარგული და ბედისგან ოტებული ხასანას ისტორია და თან გაიყოლა ჩემი ნათელი მოგონებების კიდევ ერთი ფურცელი.

1988

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს