ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2014


ხვალ გაზაფხული შემოაბიჯებს?

   
რუსამ ფანჯრებიდან მძიმე ფარდები გადაწია.  ოთახში  მზის სინათლე შემოიჭრა.
- შუადღემშვიდობისა, ნინა! ... ცოცხალი ხარ?

- ვა, რუს შენ ხარ? როდის მოხვედი? დააკაკუნე და ვერ გავიგე, თუ რა ხდება? - ბალიშიდან თავის წამოწევა სცადა ნინომ, თან ცალი ხელით თვალები მოიჩრდილა.

- რა უნდა ხდებოდეს, ნინა, გუშინდელიდან გირეკავ და არ მპასუხობ... მოგიკვდა მობილური თუ დაკარგე?  ან ვაფშე, დეპრესია ხომ არ დაგეწყო, ჰა?

- ნინა არა, ნინო!...  რა დეპრესია, სად მცალია მაგისთვის თუ ღმერთი გწამს!

- ჰო, კარგი, ნინო იყავი. რა გჭირს ეს ორი დღე?...  დედამთილობის ხომ არ შეგეშინდა? თუ ოჯახი არ მოგეწონა?...  ან ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? დღესაც, დილიდან გირეკავ და შენც არ მომიკვდე! კიდევ კარგი გასაღები მეც მაქვს, თორემ ვინ იცის კარიც არ გაგეღო. - რუსამ ლაპარაკ-ლაპარაკით სარკეში თმა შეისწორა და სუნამო მიიპკურა.

- კარგი, გეყოფა! რას დაიქოქე?

- დავიქოქე? ორი დღეა ოფისში არ მოსულხარ, გუშინ ვიფიქრე, ნიშნობის მერე იქნებ დასვენება უნდათქო.

- რა ნიშნობა, უბრალოდ ოჯახი გავიცანი, რა დამღლიდა?

- რა ვიცი, შენ ხომ ემოციური მყავხარ. - მხრები აიჩეჩა და ხელები თავთან  სინქრონში  გააქანავა, მეტი დამაჯერობლობისთვის ქვედა ტუჩიც კი გადმოაბრუნა, რომ კარგად შეექმნა გაკვირვებულის იერი.

- კარგი, გეყოფა მეთქი, მართლა ნუ დაიქოქე!

- არა რა, არ მომწონხარ! მოხდა რამე? კარგი სარძლო მყავსო? მართლა მაგარი გოგოა ქეთი! მოიცა, იქნებ დედ-მამა არ დაგევასა, ა?

-ყველა კარგია, ძალიან კარგი! ქეთი ოქროა! მიდი, შენ ჯობია ყავა გააკეთო, მე მანამდე ჩავიცვამ.

- ყავა? რომელი?

-რომელიც! ვითომ არ იცი?!

-რა ვიცი, რა ვიცი! მეც მეგონა ყველაფერი ვიცოდი და თურმე რაღაცეები არ! - საძინებლიდან თავის ქნევით, უკმაყოფილო  გავიდა რუსა.

სამზარეულოში მზემ მხოლოდ სინათლით შემოსვლა არ იკმარა, სხივებითაც შემოიჭრა, თითქოს ცდილობდა ნიჟარას  მიწვდომოდა, მოწყურებულივით. ვითომ ქუჩაში საკმარისად არ იყო მდნარი თოვლი ასაშრობი.

-ნინოო!... გაგიცივდა ყავა!... ფორთოხალი დაგიჭრაა?

- რა გაყვირებს, მესმის, დაჭერი თუ გინდა, მგონი გამომშრალია უკვე... ყველაფერს თავისი დრო აქვს. - ამოიოხრა ნინომ.

- უი, გამოხვედი? მეგონა ისევ აბაზანაში იყავი.

- აბა, მოყევი რა ხდება ოფისში?

- რა დროს ოფისია, შენთან რა ხდება ის მითხარი.

- რა უნდა ხდებოდეს, გავიცანი მშობლები, ძმა,  ქორწილის სავარაუდო დრო დავთქვით.

- ეგ ყველაფერი ვიცი, დადუს ველაპარაკე, შენ ის თქვი, რატომ ხარ მომსახურების ზონიდან გასული?

- კაი რუს, რას ჩამაცივდი, ალბათ გადავიტვირთე, აქეთ დადუს ამბები, იქით მდგმურები. ხვალ ბინას დაცლიან  და რემონტსაც დავიწყებთ.

- ბევრიც არაფერია საკეთებელი ალბათ, ჰო? შპალერს თუ გამოცვლი.

- მდგმურების შემდეგ? რას ამბობ! აბაზანა მთლიანად უნადა გარემონტდეს, ოთახში იატაკია მოსახვეწი და გასალაქი, მერე შპალერი და მოკლედ ხომ იცი როგორცაა: ძაფს გამოსწევ და დაირღვევა. ახალდაქორწინებულებს ისეთ ბინაში ხომ ვერ შევუშვებ. ისედაც დარდი მაქვს მარტონი როგორ იქნებიან?!

- ნუ დაიწყებ ახლა მოთქმას, მარტო ურჩევნიათ მაგათ. შენ გიტყდება მარტო  და ეგაა... წამო ჩვენთან. მერე მეც გავთხოვდები. ჰა ჰა ჰა... დარჩებით შენ და დედა და იჭუკჭუკეთ... მართლა,  ქორწილი როდისთვის დანიშნეთ?

- პეტრე-პევლობის მარხვამდე.

- უჰ, მანამდე სოფელი აშენდება! ხვალ პირველი მარტია ჯერ.

- შენებას დიდი დრო უნდა, ნგრევას - მოგეხსენება! ზოგჯერ პირიქითაც რომ იყოს, კარგი იქნებოდა...
ნინოს თვალზე ცრემლი მოადგა, რუსას რომ არ შეემჩნია წამოდგა, ცარიელი ჭიქები წამოკრიფა მაგიდიდან და რეცხვა დაიწყო.
     
წყლის შხრიალს ტელეფნის ზარი შეერწყა. ნინომ ეკრანს დახედა და მზერა გაეყინა როცა მასზე გიორგი ამოიკითხა.
- უპასუხე, რას გაშეშდი, ხედავ, ჩართე თუ არა ატყდა რეკვა, დედაა ჰო?

რუსას ხმაზეღა გამოერკვა ნინო, მისმა იქ ყოფნამ  მთლად დააბნია, ისედაც არ შეეძლო ახლა გიორგისთან  ლაპარაკი, მაგრამ...
- გისმენ... კარგად... გამორთული მქონდა... ვნახოთ... ახლა არ მცალია,  სხვა დროს იყოს...  კარგად.

- დედა მეგონა, ვინ იყო?

- დედას თვითონ დავურეკავ. - ნინო სწრაფად შეუდგა ნომრის აკრეფას, რუსას კითხვისთვის თავი რომ აერიდებინა.

- დე, როგორ ხარ?... მე კარგად... არა, გუშინ ცოტა დასვენება გადავწყვიტე, დღეს კი ჩამეძინა და... კი, კი, ყველაფერმა ხუთიანზე ჩაიარა, მოგიყვები ყველაფერს...  რათქმაუნდა კვირის ბოლოს ჩემთან შევიკრიბებით... კარგი, ხვალ აუცილებლად გამოვალ.

-რაო?

-არაფერი, დღესაც იყავი და ხვალ გამოდიო, რუსა წამოვიდესო.

- ეგეც რა სამსახურა ქალია რა! თითქოს რიგი ედგას  კლიენტების.  დოლარი აღმა გარბის, ლარი დაღმა, ჩაკვდა ჩვენი ბიზნესი!

- ნუ გეშინია, არ ჩაკვდა, სეზონი არაა, გაზაფხულზე მიწები წავა, მერე ბინებსაც ეშველებათ რამე.

- ხვალ საღამოს კინოშიო დადუმ, მაგრამ, რაღაც აღარ მინდა რომ გავყვე, მურმანის ეკალივით,  ქეთი კია კაი გოგო, არაფერს იტყვის, მარა ნამუსიც კაი საქონელია, ხან თეატრი, ხან კინო, წარამარა.

- ნუ გეშინია, უშენოდაც ახერხებენ წასვლას.

- უყურე შენ, მეპარებიან ხოლმე? -გადაიკისკისა რუსამ. - მოახერხებენ, მა რას იზამენ... ჰო, მართლა, ნი, შენ რომ მითხარი იმ ბიჭზე დადუს ნიშნობის მერე მოგიყვებიო, რა ხდება?

-არაფერი...  წყალმა წაიღო.

-რა წყალმა?

- ცხოვრების მდინარე რომ ჰქვია, იმ წყალმა.

- დაიწყო ახლა პოეტური ახსნა-განმარტებები, გასაგებად მითხარი რა მოხდა?

- კიდევ კარგი რომ არც მანამდე ვთქვი არაფერი და არ გაგაცანი.

- რატომ?  შენ მაინც შენსას აწვები ჰო?  პატარა არა ის! ხომ ხედავ შეყვარებულია და თავს არ განებებს,  ხუთი  წელი რა ბედენაა? შენ არ თქვი, დამოუკიდებელი ტიპია, ცალკე ცხოვრობსო?  შვილი იმასაც ჰყავს?

- არა.

- ე. ი. ცოლი არ ყოლია? კარგია! დადუმ რაო?

- მისთვის საერთოდ არაფერი მითქვამს და არ წამოგცდეს რამე!

- და არც აპირებ უთხრა?

- აწი აღარ.

- გეხვეწები, ამიხსენი, რა მოხდა, ძლივს გაალღვო მაგ ბიჭმა შენი გული.  ღმერთმა ნათელში ამყოფოს გოგა, მაგრამ მას მერე თხუთმეტი წელი გავიდა, დადუც გაიზარდა, აგერ ცოლი მოყავს, თავისი კუთხე აქვს, სამსახური, შენც იფიქრე შენს თავზე, თუ მხოლოდ წინდის საქსოვი ჩხირების ტრიალს აპირებ აწი და ბებიად გადაქცევას? ორმოცის ხარ ჯერ!

- ორმოცდაერთის.

- ოჰ, ბოდიში ერთი წელი დაგაკელი! რამდენი წელია იცნობ? მგონი ორი, ჰო? მართლა, სად გაიცანი?

- ერთი წელი ხდება აპრილში რაც ლაივში გავიცანი...

- ეგეც წერს? რას წერს?

- შემეშვი რუსა, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი.

- გიორგი ქვია ჰო?  ეს მაინც მითხარი!

- რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია და რა გვარია, თვალების ფერსაც გეტყვი თუ გინდა, მაგრამ გეუბნები: "ცოტა იყო და გათავდა", "был да сплыл", "ცოლი მოიყვანა", "კოსმოსში გაფრინდა", რომელი პასუხიც გინდა აირჩიე და წერტილი დაუსვი!

- კარგი, ნუ მიბრაზდები, არ არის და ნუ არის!

შემოსასვლელიდან კაკუნი მოისმა, რუსა სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარის გასაღებად.
- გამარჯობა, ნინა სახლშია?

- დიახ, მობრძანდით! ნინო!

- არა, გმადლობთ - იუარა მამაკაცმა.
  კართან ნინოც მივიდა.

- გამარჯობა, გუშინწინ ქოლგა დაგრჩათ ჩვენთან, აქვე ვიყავი ახლოს და შემოგიტანე.

- გამარჯობა... რუსა, ეს გიორგია, გაიცანი. ქეთის ძმაა... რუსა - ჩემი და... კი, დამრჩა,  მაგრამ რატომ შეწუხდი, დადუ მოიტანდა, დიდი მადლობა... მობრძანდი, ყავაზე დაგვეწვიე! - ნინა დაბნეული ლაპარაკობდა.

- არა, მეჩქარება... რუსა, სასიამოვნო იყო, სხვა დროს უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. - ღიმილით თქვა გიორგიმ და კიბეებზე სწრაფად დაეშვა...

- ვა, ნი, რა კარგი ძმა ჰყოლია ქეთის! ახალი ქოლგა იყიდე? ასეთი ჭრელი რამ გაყიდინა?

მართლა რა ჭრელი ქოლგა უყიდია, რამ მოაფიქრა? - გაიფიქრა ნინომ.

რუსამ სამზარეულოს ფანჯარასთან მიირბინა, რომ გიორგისთვის თვალი გაეყოლებინა.

- რა მანქანა ჰყავს? ... ფუ, ეს ატალახებული თებერვალიც მთავრდება როგორც იქნა! ნი, როგორ გაქვს იმ ლექსში, გაზაფხული მოვა და  დაერევა  ნაბიჭვრებსო.  თუ როგორ?

-ჰო, შენ მარტო ნაბიჭვრები დაიმახსოვრე! აი აგერ წერია და წაიკითხე თუ გინდა. - დას წიგნაკი გაუწოდა და ისევ ნიჟარისკენ მიბრუნდა. ცდილობდა დაემალა თვალზე მომდგარი ცრემლი.

-ეს გაზაფხულის ოინებია,
  რომ აატირა თებერვლის ბოლო,
  შენ ნუ მოიწყენ, დღეს დაასრულებს
  ეს ნაცრისფერი ღრუბლებიც სოლოს.
  ხვალ გაზაფხული შემოაბიჯებს,
  შემოგვაპარებს მწვანე ნაბიჯებს,
  მზეც გაფიცხდება, უმალ წამოკრეფს
  ალაგ მორჩენილ თოვლის ნაბიჭვრებს.
  ხვალიდან ყველა ვიხილავთ ალბათ,
  უფრო და უფრო დამთბარ აისებს,
  სინდისს მოიწმენდს, ბოდიშის მოხდით,
  ვარდიც და ისევ გაიმაისებს...

და ვარდმა რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში?
- რავოლუციის სიმბოლო რომ იყო იმიტომ.
- რა უცნაური ხარ რა!
- ჰო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები