ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2014


მარტიდან - მარტამდე ...

  ეზრაიზმები
                  . . .
ჭურჭელი სულის,
საკუთრება არის ეშმასი,
მტვერია მიწის -
შეგონება მესმის ეზრასი*.

          ეზრა* - ბიბლიური მღვდელთმთავარი

                  . . .
სხვა არა მინდა,
საბურნუთე მქონდეს დუქანი,
და ქალი ერთი -
ისე, ცოტა, ოდნავ მსუქანი.*

          *  - ეზრა პაუნდის  ლექსის მიხედვით

15.03.2013

                              ***
გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი...
ღამე გაშლილა!
აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.

02.03.2014

                ***
ახალი მთვარე -
მარტის ცაზე რიდით იღიმის,
გაუკაფია ავდრიანი ღრუბლების რიგი.

04.03.2014

                    ***
- აი, იქ, მაღლა, ორი მიმინო ...
რა დაბალია ეზოში ალვა
                  ჩემი ფანჯრიდან ...

05.03.2014

                        ***
უკვე მწვანე შეეპარა მინდვრებს,
მწყემსი ფარას მისდევს ნება-ნება,
გაზაფხული ალბათ იზამს იმდენს,
მეც გავიხდი ამ ნაზამთრალ ფიქრებს.

უკვე მწვანე შეეპარა მინდვრებს,
აივნიდან გავყურებ და ვიწყებ -
მე-ოცნებას... ვფიქრობ თქვენც არ მიწყენთ.

06.03.2014

              ... ჩემი საბინადრო ადგილის ერთადერთი ნაკლი

სარკმელში მინა აზრიალდა, თითქოს კანკალებს...
თვითმფრინავია -
ცაზე ნისლივით, ინვერსიულს, ტოვებს ნაკვალევს.

06.03.2014

                  . . .

ცხოვრებას ჩემთვის
ყველაფერი ჯერ  არ გაუნდია…
მხოლოდ ორმოცდა,
ჯერ მეათე, მიდის რაუნდი...

ნამდვილად ვიცი,
ანტონიო  არ ვარ გაუდი... 
არც სახელია, ჩემი  თურმე(!),
ეზრა პაუნდი.

მიუხედავად ამ ყველაფრის,
გონება ჩემი,
ხანდახან ფიქრებს, მძიმე-მძიმეს,
ვეღარ აუდის.
ზოგჯერ კი რაღაც,
თითქოს შორი, მესმის ხარხარი...
- ნეტა ეს რაა?
ვაყურადებ გაფაციცებით
და ვეღარ ვხვდები,
ჩემი ხმაა? 
        თუ ხმა ეშმასი?

ცხოვრებას ჩემთვის,
ყველაფერი ჯერ არ გაუნდია???

პასუხი არ მაქვს...
სულს ეჭვები ჟანგად ედება...
მაგრამ მე მაინც,
              მარტია და,
                            მეიმედება.

06.03.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს