ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2014


შეგონება

გიყურებ და მეტირება, ჩემს თავს ისე მაგონებ,
შენხელა, მეც უგუნური ვიყავი და მკვეხარა.
უფიქრელად ვახტებოდი წუთისოფლის ვაგონებს,
მსურდა დამეყენებინა თავდაყირა ქვეყანა...

არ მყოფნიდა ტბა, მდინარე... – ოკეანე მინდოდა,
ბავშვურ გართობად მიმაჩნდა ზღვის ნაშობი ტალღები.
გული მოწინააღმდეგეს ფიქრშიაც არ ინდობდა,
სძულდა შავი ლენტები და თეთრი ბაირაღები.

სხვის აზრს მაშინ დაგიდევდი, ჩემსას თუ ემთხვეოდა,
წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ფეხებზე მეკიდა,
რაში მაინტერესებდა, თვით ღმერთს რა ერქმეოდა,
თუკი ვთვლიდი, რომ შემეძლო უკვდავებაც მეყიდა?!

მაგრამ ვაი, რომ მოვტყუვდი, მეც გამიჩნდა ჭაღარა,
სიყმაწვილე გაქრა, როგორც წყლისთვის თქმული სიზმარი,
ვეღარ ვარ ის ყოვლისშემძლე, არც უკვდავი აღარ ვარ
რაც ოთხ სტროფში ჩაეტევა, რა ფასი აქვს, მითხარი?!

გიყურებ და მეშინია, ჩემს თავს ისე მაგონებ,
ნუ იქნები, შენც ჩემსავით უგნური და მკვეხარა,
ჩემებრ ბრმად ნუ შეახტები წუთისოფლის ვაგონებს,
თორემ იქით დაგაყენებს თავდაყირა ქვეყანა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები