ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2014


ღვინის დოქი (მინიატურა)

დგას ყელმოღერებული ღვინის დოქი თავმომწონედ...
ამაყია...
ან რატომაც არ უნდა იყოს, როცა განგებას ღვინის ჭურჭლობის პატივი დაუდვია მისთვის.
ის ხომ ოდითგანვე ქართველი კაცის ყველა ჭირისა და ლხინის გამზიარებელი და თანამონაწილე ყოფილა. თანაც როგორც ადამიანი, ისიც თიხისგან შეუქმნიათ.
შეხედეთ, სახელურიც როგორ დოინჯივით შემოურტყამს, კაი ჩასუქებული კინტოსავით.
ღვინის ჩასხმის დროს ჩამოსრიალებული წვეთებიც რარიგ მოუხდენია ყელსა და მუცელზე...
როცა ღვინით შეავსებენ, ფერიც ეცვლება ხოლმე და ხასიათიც. დაიცვარება, თითქოს სურს გამოაჩინოს, რომ სავსეა.
ირგვლივ შემოწყობილ თასებს და ფიალებს მზრუნველ მამასავით დაჰყურებს და ისინიც ისე ელოდებიან ღვინის დასხმას, როგორც ფინია ძაღლი ელოდება მოფერებას სახლში დაბრუნებული პატრონისგან.
სულ სხვა გემო და პეწი აქვს დოქიდან დასხმულ ღვინოს, თან თუ მანამდე ქვევრშიც მდგარა, საერთოდ...
რაღაც განსაკუთრებულად ჰარმონიულად ერწყმიან თიხა და ღვინო ერთმანეთს და ექნება ამასაც თავისი ახსნა აუცილებლად, მაგრამ ეგ მერე იყოს, მანამდე კი ბევრი ლხინის სუფრა და ღვინით სავსე დოქები მისურვებია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს