ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2014


კორიდის ხარები (დაკარგულები)

... და ასე მოვდივართ:
დაღლილი ხელებით
და ატკივებული თვალებით...
მოვდივართ:
ჩვენ - ვინც
საკუთარი სულიც კი დავმარხეთ
მეგობრის უსულო სხეულთან ერთად...
ჩვენ,
რომელთა მამებმა
არ იციან რაა ომები,
რადგან არასოდეს უბრძოლიათ -
არც მაშინ,
როცა თავსმოხვეული სამშობლოსთვის
ცხვრებივით ომში გაირეკეს
ბაბუები და
არც მაშინ,
როცა ნაძალადევი სამშობლოდან
გამოსროლილ ტყვიას
მკერდსა და შუბლს ვუშვერდით -
შვილები
ნამდვილ და მართალ სამშობლოში...
..............................
შენ თავისუფლება მაშინ მოიპოვე,
როცა სახე მეგობრის სისხლით მოგესვარა და
მერე გული იქამდე გერეოდა,
სანამ გონება არ დაკარგე...
შენ, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა,
მაინც გჯერა, რომ:
შენი ძმაკაცის გადახსნილი თავისქალადან
ყვავილები ამოიზრდებიან და
მერე შენი ქალიშვილი იმ ყვავილებით
გვირგვინებს დაწნავს...
შენ მაშინაც ასე გჯეროდა,
როცა ყალბი სამშობლოდან შენი მამულის საჯიჯგნად წამოსულ ტანკს
ჯოხი გადაამტვრიე და
მთელი თაობის დაგროვილი ამბოხი ამ ერთ მოძრაობაში ჩაატიე...
მე და შენ იმ თაობის შვილები ვართ,
დაკარგულებს რომ გვიწოდებენ...
ჩვენ დრომ წითელი ნაჭერი აგვიფრიალა ცხვირწინ და
სისხლის სუნზე დაგეშილი ხარებივით
სასაკლაოზე გაგვრეკა...
მაინც მოვდივართ:
დაღლილი ხელებით და
ტკივილჩაბუდებული თვალებით
და გვჯერა, რომ:
ჩვენ თავისუფლები ვართ!
.......................
ჩვენი გადახსნილი თავისქალებიდანაც ამოიზრდებიან ყვავილები და
ჩვენი შვილები იმ ყვავილებით საქორწინო გვირგვინებს
დაწნავენ...
........................
სანამ წავქცეულვართ,
ჯალამბარივით შემოვუდგეთ
ერთმანეთს მხრებში,
რომ ერთმანეთი
გადავირჩინოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები