ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 აპრილი, 2014


პროვინციალიზმი და გონების ატროფია

სოფლის უპერსპექტივო მსახლეობამ ლუკმაპურის ძიებაში თავი დედაქლაქს შეაფარა. მთელი სასიცოცხლო პოტენციალის ერთ წერტილში დაგროვებამ თბილისი თავკომბალას დაამსგავსა, რეგიონები კი უფუნქციოდ დატოვა. შედეგად _ უმუშევრობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა, პროვინციები ახალგაზრდებისაგან დაიცალა და მიწა გლეხის გარეშე დარჩა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა, თვით უკიდურესად კეთილგანწყობილი მეგობარიც კი, ვერ გააკეთებს.
„არ შეიძლება კულტურული ენერგიის თბილისში დაგროვება და პროვინციის უდაბნოდ ქცევა!” - ეს სიტყვები პუბლიცისტ იოსებ ხახანაშვილს ეკუთვნის. (1918 წელი, გაზ. „საქართველო”, №236, „პოლიტიკურ და კულტურულ აღმშენებლობისათვის) თუ თარიღს უგულებელვყოფთ, თანამედროვეობის ზუსტ სურათს მივიღებთ. არადა, წესით, ჭკვიანი ერი საკუთარ შეცდომებზე უნდა სწავლობდეს. შესაძლოა ვინმე შემედავოს კიდეც, რადგან ამა თუ იმ ქალაქში ე.წ. „მშენებლობის ბუმია”, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის და, რასაკვირველია, ვერც ამინდს შექმნის.
თბილისის მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც, თავისთავად ცხადია, საქალაქო აგლომერაციების რიცხვის ზრდასაც გამოიწვევს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ უსასრულოდ ვერაფერი გაგრძელდება. ამ სერიოზულ პრობლემას პროფესიონალმა ეკონომისტებმა უნდა მიხედონ, თუმცა ეს სხვა საუბრის საგანია. მე თქვენი ყურადღების შეჩერება გონებრივ ატროფიაზე მსურდა, რაც ყოველივე ზემოთთქმულისა და ქვემოთ სათქმელის შედეგია. ეს მოკლე შესავალიც იმის ხაზგასასმელად დამჭირდა, რომ შედეგი მიზეზის გარეშე არ არსებობს.
რატომ გამოგვერეცხა გონება, დაგვიბინძურდა ენა, გაგვიცვდა გემოვნება და, საბოლოოდ, დავდაბალღობევდით - აი, ამ წერილის ძირითადი სათქმელი.
სიტყვები პროვინცია და პროვინციელი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ამ რეგიონის მცხოვრებს ნიშნავს. რაც თავისთავად ცხადია, პროვინციალიზმის არსთან თითქმის არავითარ კავშირშია. გონების გაურანდავობა გეოგრაფიული ცნება არ გახლავთ და ყველა წერტილში მცხოვრებთა სენად შეიძლება იქცეს.
სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს, თორემ ყველასათვის ცნობილია, რომ ყველაზე დიდი ევროპელი ჩარგალში ცხოვრობდა და ლუკა რაზიკაშვილად იცნობდნენ.
პროვინციალიზმის გამოვლინებაა, როცა ქალაქში ყველას ჩაცმისა და მატერიალური მდგომარეობის, ანუ სოციალური სტატუსის მიხედვით აფასებენ და თუ ვინმეს მდიდარი მამიკო, ან უარეს შემთხვევაში, ბიძა ან საყვარელი არ ჰყავს, მისი საქმე, პროფესიულ-კარიერული თვალსაზრისით, წასული რომაა.
რუსთაველის სამშობლო უწიგნურობის მიხედვით ბოლოდან მე-9 ადგილზე ყოფილა. აი, ეს კატასტროფული მდგომარეობა, ეს სავალალო სტატისტიკა შობს იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ კრიზისს, საიდანაც თავი ვერაფრით დაგვიღწევია.
გულუბრყვლონი ყველაფერს ტექნიკის ბუმს აბრალებენ: „სხვა რა უნდა ქნას მოზარდმა, როცა ათასი „ჩათი” და კომპიუტერული თამაში არსებობს, ტანჯვას - აქ წიგნთან ურთიერთობა იგულისხმება, დროის სასიამოვნოდ გატარება ურჩევნიაო.
ჰოდა, რაკი ასეა, სწორედ ამიტომ მოგვიმრავლდა უწიგნური ტელეწამყვანები, გრამატიკული შეცდომებით გაჯერებული რიტორიკით რომ გვმოძღვრავენ, ამიტომაა ტელევიზორიც რომ ვერ ჩაგირთავს. ამიტომაა, რომ ხელოვნების მესვეურნიც სათანადო დონეზე არ დგანან და საეჭვო ღირებულების პროდუქციას გვაჩეჩებენ, ამიტომაა ჟურნალიზმი ნეგატიურ და სკანდალურ ნიუსებს რომ გახლავთ გამოკიდებული.
რა ქნას რედაქტორმა, როცა საზოგადოების დაკვეთა ასეთია?! როცა დოსტოევსკიზე მეტად დეისაძე მოსწონთ და მანველიძის „მგლებმა” და აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებმა” ყველა რეკორდი მოხსნა, მაშინ, როცა რეალურად საინტერესო ავტორებს არავინ იცნობს.
სამწუხაროდ, ქაღალდი ყველაფერს იტანს, ამიტომ მაღალ იდეალთა წილ ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი მოგვიჭარბდა.
მსუბუქი ეროტიზმი ლიტერატურას შესაძლოა უხდებოდეს კიდეც, მაგრამ უხამსობის თავსმოხვეული დეკლარირება მისთვის ნამდვილად უცხოა და არც ობივატელური ფრაზების სიუხვე-სიჭარბე წამოადგენს ტექსტისთვის რაიმე ღირებულებას. არადა, ლიტერატურულ საიტებსა და წიგნის მაღაზიებში სწორედ ასეთ რამეს ისეთი დახლი უდგას, გაგიკვირდება. ამიტომაცაა თანამედროვე ახალგაზრდა ბარათაშვილის ლექსებს მონაჩმახსა და „ჯანდაბას” რომ უწოდებს, მოუფროსოთ კი „ვეფხისტყაოსანში” ვეფხვებისა და ლომების სირბილის მეტი ვერა დაუნახავთ. ეს ავტორთა პრობლემა არ გახლავთ, ჩვენი პრობლემაა და თუ ეს სენი მოგვეძალა, მერე უკვე, ვერც რამეს შევქმნით და არც შექმნილის შეფასების უნარი გვექნება.
გონების გამორეცხვა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ფასად დაგვიჯდება და სხვის მოსამსახურეებად გვაქცევს.
ენა კი ავადაა, საშინელი ხვედრი განუმზადეს საკუთარმავე შვილებმა და ვინ იცის რამდენი „ვინები” და „დაურეკიები” დააბინძურებენ. „რა ენა წახდესო”, - ნათქვამია და რითაც ეგ ფრაზა მთავრდება, ამის მიხვედრა არ გაგიჭირდება, ჩემო გადაღლილო მკითხველო.
ჰოდა, სწორედ ის დროა უგემოვნობა-უხამსობისა და შენიღბული პროვინციალიზმის წინააღმდეგ დოჩანაშვილისეული კარცერ-ლუქსებით გავილაშქროთ, თორემ მერე მართლაც ძალიან გვიან იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები