ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


*** *** *** ("ნუ გააღვიძებ!" )

დამიძახე და...
მოვალ.
დამიძახე და...
მაგ უსასრულო უნაპირობას
ფეხშიშველა ავედევნები.
ავდარი თუნდაც აწმყოსავით
უკან მომდევდეს. 
მომძახოდეს.
მომკიოდეს.
არ დავნებდები.

მწევრებო, ბედის,
მეძებრებო,
ხელახლა გიხმობთ.
წარსულს თუ სადმე გადააწყდეთ,
არ შემიშინოთ.
არ დამიღონოთ.
არ დამიჯაბნოთ.
კბილი არ გაჰკრათ.
არ ამიფრინოთ
მოგონებებში განაბული
მწყერჩიტა ხვითო.

(თუ ვნატრობ,
იქნებ, დამიძახო,
სულ ჩემთვის ვფიქრობ).
უკვე რამდენჯერ ჩავუფრინე
ჭალაში მინდორს.
რა ვიცი, აბა?!
ვერ ვატყუებ
ცალთვალა ციკლოპს.
როგორც არ უნდა შევინიღბო,
ჭილოფშიც  მიცნობს.

მაგრამ შენ, ჩემო მოგონებავ,
ჭაღარა ბიჭო,
სიზმრიდან ერთხელ,
ერთხელ მაინც
თუ გამომიხმობ.
სხვა ხმა, სხვა ქალი
ჩაგჩურჩულებს
ჩემს ახლომახლო:
"არ გაეხუმრო,
უბისქვეშ თბილად მიძინებულ
ხალიან წარსულს.
არ შეცდე.
ღმერთი არ გაგიწყრეს.
ხელი არ ახლო!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები