ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2014


წრეზე - დღეს აქ, საქართველოში

აქ:
ცხოვრება ცხოველთა ფერმაა,
სადაც:
„ყველა ცხოველი თანასწორია,
მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“...
და ხვდები, რომ
ლამის
შენც ნელ–ნელა დაემსგავსო
ცხოველს...
მერე რა, რომ იმათ არა,
რომლებიც „უფრო თანასწორნი“ არიან...
ეს უკვე ერთი და იგივეა,
რადგან ცხოველს მაინც ემსგავსები...
და გეშინია და გინდა გაქცევა:
საკუთარი სხეულიდან,
საკუთარი ფიქრებიდან,
საკუთარი ემოციიდან...
იმასაც ხვდები, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო
და ძალიან ბანალურია ახლა რომ ამბობ,
სხეულიდან გაქცევა მინდაო,
რადგან არც ესაა ახალი
და მერე ფიქრობ...
ფიქრობ, რომ:
არაფერი იცვლება კოსმიურ სივრცეში,
მთელი სამყარო წრეზე ბრუნავს და მოვლენები
წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს...
საქმე ისაა, როგორ აღიქვამს ადამიანი ამ წრეზე ბრუნვას...
აღქმაშია ცხოვრების მთელი ფილოსოფია,
თორემ სხვაგვარად:
სიყვარულიც ბანალურია,
მოფერებაც,
სევდაც,
ღალატიც,
მიტოვებაც და
მოტყუებაც...
ჰოდა, ამიტომ:
ჯანდაბას მთელი ბანალურობა:
გაქცევა მინდა...
წარმოვიდგინე:
ჩემი უსუსური სხეულიდან გაქცეული შიშველი სული,
რომელიც თოთო ბავშვივითაა:
მიამიტი და გულუბრყვილო,
როგორ გარბის ცხოვრების ოღრო–ჩოღროებზე...
– ეი, შენ, სულელობამდე თამამო თუ სითამამემდე სულელო,
ფეხი არ წამოკრა რამეს და მუხლები არ გადაიყვლიფო.
არ კმარა განა, სამართებლივით რომ გისვამენ:
სიტყვებს,
მზერას,
ხელებს...
ფრთხილად იყავი...
არა, არ ესმის...
თავქუდმოგლეჯილი გარბის და უკანაც არ იხედება,
რადგან თავისუფლებადანატრებულს უკან აღარაფერი დარჩენია...
ჰო, აქ ცხოვრება ცხოველთა ფერმაა,
სადაც:
„ყველა ცხოველი თანასწორია,
მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“...
არ მინდა დავემსგავსო მათ, ვინც თანასწორია და
არც მათ, ვინც უფრო თანასწორია...
ამიტომ
გავრბივარ:
საკუთარი სხეულიდან,
ფიქრებიდან,
ემოციიდან...
და ყველაფერი თავიდან იწყება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები