ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 აპრილი, 2014


პერსი ბიში შელი - ღრუბელი (I ნაწილი)

I
ხახაგამშრალ ყვავილებს ვასხამ წვიმას შხაპუნას,
წვეთებს შევკრებ წყლისაგან ზღვების, ნაკადულების;
ხვატში დახრუკულ ფოთლებს, მოვფენ აჩრდილს სალბუნად,
როს არიან შუადღის ძილით გათანგულები,
მაცხოვნებელ ცვარ-ნამებს დავაბერტყავ ფრთებიდან,
გავაღვიძებ კოკორებს ყველგან ყოველ მცენარის,
დედამიწის გულ-მკერდზე ამოდ დაირწევიან,
როცა ცმუკავს მზის ირგვლივ სფერო მოუსვენარი. 
ვლეწავ სეტყვის მათრახით მინდვრებსა და კალოებს,
ამწვანებულ მდელოებს შევათეთრებ ჭაღარით,
სეტყვას წვიმით გავადნობ, მიწას რომ ვუწყალობებ
და გადადის გრუხუნში ჩემი სიცილ-ხარხარი.

II
მთაგრეხილებს დავაცრი თოვლის სპეტაკ საბურავს
და მაღალი ფიჭვნარი აკვნესდება თავზარით,
თავს მივადებ ღამეში ამ ქათქათა სასთუმალს,
სანამ მძინავს მკლავებში ქუხილის და ავდარის.
ციურ ტალავერებში ამაღლებულ კოშკების,
ელვა წამოსკუპულა მესაჭედ და გამძღოლად,
მის ქვემოთ კი მღვიმეში ღმუილით და ბორგებით,
მეხი ცოფმორეული ემზადება საბრძოლად. 
ოკეანეს და ხმელეთს გადავუფრენ ქრიალით,
ელვა - ჩემი მესაჭე შორით ანთებს შუქურებს,
ისევ მოტყუებული ჯინისაგან ტრფიალის,
მივაშურებ მეწამულ ზღვის მორევთა უფსკრულებს.
მაღლა ნაკადულების, მთებისა თუ ტინის კლდის,
მდელოების ან ოდეს, მწვერვალს როს ეხეთქება,
სადაც მეოცნებეობს, წყლის ქვეშ თუ მთას მიჯრილი,
რჩება მარად უცვლელი მისი სულისკვეთება.
მე როდესაც გავთბები ზეცის ლურჯი ღიმილით,
ის კი ამასობაში დნება წვიმის წვეთებად.


III
მეტეორულ თვალების მოელვარე კიაფით,
ცეცხლოვანი ბუმბულით, სისხლისფერი რიჟრაჟი,
შემახტება კიჩოზე, გამაქროლებს იალქნით,
როცა ცისკრის ვარსკვლავი ქრება დილის სინათლით.
როგორც ქიმზე მწვერვალის გამოშვერილ ნაწილის,
მიწისძვრისგან რომელიც აქეთ-იქით ირწევა,
ოქროსფერ ფრთის ციალით დაეშვება არწივი,
შეისვენოს მცირე ხნით, სანამ ცას აიჭრება.
როცა სუნთქავს დაისი ელვარე ზღვის ზღვაურით
და სამყაროს ანიჭებს სიყვარულს და სიწყნარეს,
დაბლა გადმოეშვება მეწამული საბური,
ზეცის სიღრმეებიდან ცას ვარდისფერს მიაფენს.
ფრთებს მოვკეცავ ბუდეში, ვზივარ, ფრენას გავურბი
და მობუდარ გვრიტივით მშვიდი ვარ და მძინარე.

(გაგრძელება იქნება)

ინგლისური ვარიანტი იხილეთ:

http://www.poetryfoundation.org/poem/174384

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები