ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 აპრილი, 2014


პერსი ბიში შელი - ოდა დასავლეთის ქარს

პერსი ბიში შელი - ოდა დასავლეთის ქარს
I
დასავლეთის შმაგო ქარო შემოდგომის სუნთქვით,
უხილავი თანდასწრებით მიაქანებ დამჭკნარ
ფოთლებს, ისე, სულთ კრებული გრძნეულს რომ გაურბის,
ყვითელს, მკრთალს, შავს, წითელს – რასაც ჭლექისფერი დაჰკრავს. 

შავი ჭირით შეპყრობილი უბადრუკი გროვა!
ხოლო შენ კი, გადაიტან სარეცელზე ზამთრის
ფრთაშესხმულ თესლს, რომ მოუწევს დაბლა, ცივში წოლა,
სამარეში ვით ჩაწვება, თვითეული გვამი,

სანამ შენი ცისფერი და - გაზაფხული ნესტვით
დაუკრავს და გააღვიძებს, ავსებს მძინარ მიწას
(გამოლალავს დასამწყემსად ნაზ კოკორებს ნერგის)
ცოცხალ ფერით და სურნელით ავსებს მდელოს, ჯიქას.

შმაგო სულო, არე-მარეს ყველგან რომ მიელტვი,
დამშლელო და შემნახველო, შეისმინე ჩემი!

II
შენს ნაკადში, სადაც ისმის ცის უფსკრულთა ბორგვა,
მიაქროლებ ვით მჭკნარ ფოთლებს, თავისუფალ ღრუბლებს,
მოწყვეტილებს ზეცის ანდა ზღვის დახლართულ რტოდან,
ელვა-წვიმის ანგელოზებს, ორთქლით სავსე ქულებს

ანაწილებ ზედაპირზე ჰაერის ლურჯ ტალღის,
ვით თავსზევით ზეაღმართულ და აბურძგნულ ქოჩორს,
რომელიღაც შმაგ მენადის, ზენიტში რომ ადის
ჰორიზონტის ბუნდოვანი კიდეების ბოლოს,

როგორც მაცნე ქარიშხალის, ჩანს დალალი მაღლა,
შენ ხარ გლოვა მომაკვდავ წლის, ვისთვისაც ეს ღამე
გადიქცევა ვრცელ სამარის უზარმაზარ თაღად,
კამარად რომ ყალიბდება, როს მოიკრებ ძალებს

ორთქლებისგან, ატმოსფერულ სიმკვრივისგან რომელთ,
გადმოსკდება დელგმა, სეტყვა: - ჩემი გაიგონე!
III
ხმელთაშუაზღვისპირეთი გააღვიძე ლურჯი
შენ ზაფხულის ძილისაგან, მანამდის რომ იწვა
მყუდროდ, მჭვირვალ ნაკადებით გარეშემორტყმული,
სადაც ყურე ბაიასი ერტყმის პემზის მიწას.

და ესიზმრა ძველ პალატთა ამო სახილველი,
დარწეული გოდოლები ზღვის უძირო ფსკერზე,
ცისფერ ხავსით დაფარული, სალუქ ყვავილებით,
ისეთი რომ, გრძნობას ხატვის უნარი არ შესწევს.


შენს წინაშე განიხვნება ოკეანის წყალი,
ატლანტიკის  სიღრმეები ფერხთით გაგებულან,
ჩანს შლამიან ტყეების და მრავალ წყალმცენარის
ფოთლოვანი საბურველი როგორ გალეულა.

როცა ესმით შენი გრგვინვის, ეუფლებათ ელდა,
კანკალებენ, თავს იკლავენ, ქარო, იქეც სმენად!


IV
ფოთოლი რომ ვყოფილიყავ, ზიდვას შეძლებ რომლის;
ან ღრუბელი მაღლამფრენი, გვერდით რომ იახლებ;
ანდა ტალღა, შენი ქროლით რომ აღავსებ ძრწოლით,
უწილადებ აღტკინებას, თუმც შენსაზე ნაკლებს;

უმართავო, ვყოფილიყავ მე ყმაწვილი თუნდაც,
ვქცეულიყავ გრიგალების ბადალ ამხანაგად,
ცაში აჭრა, ვით ქარიშხალს უსწრაფესად, უმალ,
შემძლებოდა ვით სურვილში, სიცხადეშიც ნაღდად,

მაშინაც კი, მომივლიდა განა თავში აზრად
შენი ჯობნა; ან თუნდ ახლა, როცა ველი შველას,
აღმიტაცე მაღლა ფოთლად, ღრუბლად ანდა ტალღად,
სისხლი მომდის, როს ვეხლები ამ ცხოვრების ეკალთ!

საათების მძიმე წონამ მეც მომრკალა ხუნდით,
თორემ ვიყავ შენებრ - სწრაფი, ამაყი და ურჩი.


V
ქარო, იქნებ მეც გამხადო, ვით ტყე, საკვრელ ლირად,
რა ვუყოთ, რომ მეც ფოთლები დამცვივდება მსგავსად
და გრუხუნი გაისმება ძალუმ ჰარმონიად
ნაგვიანევ შემოდგომის, გარევს სევდის ჰანგსაც,

გადაიქეც ჩემს შმაგ სულად, ო, მძინვარე ქარო,
გამიმსაჭვალე შენით სული, მიეც მგზნებარება,
მოაფინე ჩემი მკვდარი ფიქრნი მთელ სამყაროს,
ხმელ ფოთლებით ვით ჩქარდება ახლის დაბადება.

და ამ ლექსის სტრიქონების გრძნეულების ძალით,
როგორც უქრობ კერიიდან მიმოფანტე ყველგან,
კაცთა შორის ჩემი სიტყვა, როგორც ნაკვერცხალი,
ჩემი ბაგით მოეფინოს დედამიწას მთვლემარს!

ქუხდეს როგორც წინმჭვრეტელის ბუკი! რადგან ზამთარს,
თუ ახლოა, გაზაფხული მდევარად აღარ ახლავს?


24 აპრილი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:

http://www.poets.org/viewmedia.php/prmMID/15693

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები