ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2014


მამაჩემი

შენ არასდროს გითამაშია
მუხლამდე თოვლში,
არასდროს გიჩვენებია
ქვიშის სასახლე და
არც სხვა მამებივით გითქვამს,
რომ ვიყავი პრინცესა
ძილისპირული ზღაპრებიდან.

(მხოლოდ ჩურჩულებდი, რომ
გყავდა ორი,
მერე სამი,
ოთხი ჩიტი და
შეკეთება სჭირდებოდა ჩამოშლილ ბუდეს)

მახსოვს მოდიოდი,
სიცხისგან მოღლილს.
ნახევრადმძინარს
გამეტებით მკოცნიდი შუბლზე
და მიხაროდა,
რომ ვიყავი ავად,
რომ მამა მედგა საწოლის თავთან.

ახლა ოკეანეა ჩვენს მხრებს შორის,
წელიწადია ჩრდილოეთიდან ამოდის მზე
და მაშინ,
როცა ცარიელია ტანსაცმლის კარადა,
როცა აღარავინ წურავს ფერსავსე მტევნებს
გამომშრალი დღეები გაუჯდა
მწუხრის ჟამს თითებს.

ვერ მიგიხვდება, ვისაც გული
პურის ნამცეცებივით არ დაუფშვნია
ვახშმისას ჯამზე,
ვისაც არასდროს შეუსვამს
მტრედები მხრებზე...

არ დაღლილა მამაჩემი, -
გესმით, ხალხო?! -
არ დაღლილა მამაჩემი,
დავიღალე მე და
მზად ვარ შილიფად ჩავიცვა წვიმაში -
მამის ტუჩებმა გამისინჯოს
შემთბარი შუბლი.

თებერვალი
2014 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები