ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 მაისი, 2014


პერსი ბიში შელი - ტოროლას

პერსი ბიში შელი - ტოროლას

მშვიდობა შენდა, სულო კეთილო!
არასდროს იყავ მხოლოდ ფრინველი,
სისხამს ნიადაგ ცადაფრენილო,
სავსე გულს ჰანგით გასაკვირველით,
გადმოღვრი ჭარბად ხელოვნებით განუზრახველით.

ისწრაფვი ზევით, სულ უფრო მაღლა,
როგორც ღრუბელი ცეცხლისმაგვარი,
დედამიწიდან იწყებ აღმასვლას
ელტვი სიღრმეებს ციურ ლაჟვარდის,
შენს  ცაში ლივლივს სიმღერები ახლავს მარადის.

როს გაანათებს მნათობი  ცისკარს,
მისი დიელო ელავს ოქროსფრად,
ზემოთ მყოფ ღრუბელთ ანიჭებს კიალს,
მსგავსად ლივლივებ,  როცა  მიქროლავ,
ვით უსხეულო სიხარულმა რომ იწყო სრბოლა.

შენს გარეშემო  სინგური მკრთალი,
დნება, ცაში რომ შეხვდები დილას,
ვით ქრება დღისით კრთომა ვარსკვლავის,
ნათელი დღისა როდესაც ჩრდილავს, 
მსგავსად არ ჩანხარ და გამოსცემ  ჟივილს გამგმირავს,

მახვილს, ვითარცა იმ ვერცხლისფერი
სფეროს ციმციმებს ისრები ბასრი,
რომ ჩაუქრება კრთომა ძლიერი,
თეთრი აისის სხივების ძალით,
სანამ ვერ ვხედავთ, ვგრძნობთ, რომ იქ არის.

არე-მარე და მთელი ჰაერი,
გაყრუებულა შენი ხმაურით,
ისევე როგორც შიშველ ღამეში,
ღრუბლით, მთოვარეს გადაფარულით
გაცისკროვნდება ზეცა მთვარის სხივთა ცვარულით.

რანაირი ხარ,  არ ვიცით კარგად,
არსებობს სადმე მსგავსი ყაიდის?
ფერად ღრუბლიდან ისე აშკარა,
არ ცვივა დაბლა  წვეთები წვიმის,
შენი დასწრებით ჰანგთა წვიმა როგორც გაისმის. 



შენ ხარ მგოსანი, რომ მიმალულა
ბრწყინვალებაში ნათელ აზრების,
ნებაყოფლობით მღერი ძალუმად
და გამოგვჭედავ ისეთ ჰანგებით,
გვავსებ იმედით, არ გვაშინებს საფრთხე თანმდევი.

ხარ, ვით ქალწული წარჩინებული
მაღალ გოდოლში მდიდრულ პალატის,
სიყვარულისგან დამძიმებული
სევდას რომ იხშობს მღერის ტალანტით,
ივსება სახლი ტრფიალივით ტკბილ ბაიათით.


მსგავსი ოქროსფერ ციცინათელის,
ცვარიან მდელოს რომ დაფარფატებს
და მიმოფანტავს დაუნახველი
ჰაეროვან ფერს და ცვარს ანათებს,
თვალს რომ ვერ ჰკიდებ, ეფარება რადგან ბალახებს.

     
ანდაც ვითარცა ვარდის ყვავილი,
რომ ფარავს მისივ ფოთლები მწვანე,
თბილ ქარებისგან ყვავილგაძრცვილი,
სანამ სურნელი, რომელსაც გვაძლევს,
ზედმეტი ტკბობით დაასუსტებს ფრთოსან ავარებს.

ხარ გაზაფხულზე ხმა თავსხმისდარი,
მბრწინავ ჯეჯილზე  წვიმის ძახილი,
როს გააღვიძებს ყვავილთ ისხარი
და აგვავსებენ ნათლით, ხალისით,
შენი მუსიკით გადაჩრდილე ყველა ყვავილი.

გვასწავლე ჩიტო, ანდა ფერიავ,
თუ როგორი გაქვს  აზრები ტკბილი,
რადგან არასდროს მომისმენია,
ქება-დიდება ტრფობის ან ღვინის,
შენებრ აღმტაცად გაეჟღერა, ღვთაებრივ ხიბლით.

შენ, საქორწინო გუნდის სიმღერა,
ტრიუმფალური ანდა გალობა,
თუ შეგედრება; თუმც ორივ ერთად,
იქნება ფუჭი ბაქიაობა,
რადგან შევიგრძნობთ უკმარობას, შენთან სხვაობას.




რა არის შენი მღერის საგანი,
მელოდიების წყარო ნეტარი?
რომელი წყლები, ცანი ცათანი,
მთაგრეხილები, ველნი, ნეტავი?
ტანჯვის არცოდნა? როგორია ტრფობა შენდარი? 

როცა გაისმის ჟღურტული შენი,
დაღვრემილობა შენთან არ სახლობს
და არც აჩრდილი როდესმე წყენის,
არ მოვა შენი ტრფიალის ახლოს,
არ შეუძლია მოყირჭებას შენ გადაგძალოს.

როცა მღვიძარებ თუ ძილად მიხვალ,
ფიქრობ სიკვდილზე და მასზე მიწყივ,
რასაც სიღრმე აქვს და თვლი ნამდვილად,
ვიდრე ვოცნებობთ ჩვენ, შვილნი მიწის,
ვით ძალუძს შენს ჰანგს მჭვირვალ ღვარის დარად ლიკლიკი?

გავყურებთ წარსულს თუ განვჭვრეტთ მერმისს,
გვანაღვლიანებს ის, რაც არ არის,
თვით ყველაზე წრფელ სიცილს თან ერთვის,
დარდის ნიშანი დაუფარავი
და ავსებულა უტკბილესი მღერაც ვარამით.


არ გვექნებოდა თუკი ჩვევანი
ამპარტავნების, ზიზღის და ელდის,
თუ ვიქნებოდით ჩვენ არსებანი,
რომ არ გვეფრქვია არასდროს ცრემლი,
შენდარ სიხარულს, მე არ ვიცი, როგორ შევძლებდით.

უკეთესია ზომა და ტაქტი
აღმტაც ბგერებზე, შენი საარის,
უკეთესია, ვიდრეა განძის,
აუარება  წიგნში  მარაგი,
ხარ მაგალითი პოეტთათვის,  მგმობო ტალახის!

თუნდ ნახევარი იმ განცხრომანის
მასწავლე, ზეცამ რაც დაგანათლა,
მსგავსი სიშლეგე კეთილხმოვანი,
ჩემი ბაგიდან დაიწყებს რაკრაკს,
მთელი სამყარო მე მომისმენს, ვით ვისმენ ახლა.


1 მაისი, 2014 წ.

ორიგინალი იხილეთ აქ:

http://www.poetryfoundation.org/poem/174413

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები