ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2014


მე წვიმა ვარ!

მე წვიმა ვარ!
ქალაქის ქუჩებს რომ აწყდება მრავალწერტილად.
თავდაღმართს მივსდევ წესისამებრ ზიარჭურჭელის,
"ბორდიურსა" და ასფალტს შორის არსებულ კუთხეს
აჩქარებული მივუყვები,
მაგრამ მყოფნის დრო დასაფიქრებლად,
ვიდრე მივაღწევ "კოლექტორის" პირღია მესერს,
რომ არსებობენ სხვა წვიმები_ტყისა და მინდვრის,
მოწყურებულ მცენარეებს რომ უგრილებენ
ვარჯსა და ფესვებს...
და კიდევ სხვები,
ხელის გულიდან გამგზავრებულ,
საგზლად იმედგატანებულ მარცვლებს რომ გააღვივებენ...
სადღაც გვალვით დაბზარულ,გამოფიტულ მიწებს
მხსნელად რომ ევლინებიან
და შვებით ამოასუნთქებენ...
მე კი...

ვიცი არ ვარგა
მუდმივად რომ ჩემს თავს ვჩივი, მაგრამ...
მე წვიმა ვარ გულდაწყვეტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები