ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2014


სტიგმა


დედაჩემი იქამდე ამაყობდა ჩემი პროფესიით,
ვიდრე იმ ბოლო გადასხმას
ქრისტესთან ზიარება არ ამჯობინა.
(მიუხედავად შეუთავსებელი რეზუს-ფაქტორისა.)
ან რა სანდო იყო
ვინმე ლოთის გაყინული ერითროციტი.
შეიძლება უიღბლო კაციც იყო,
"მამასისხლად"  უნდოდა
შვილებისთვის ეყიდა პური.
ყველა ხომ ვერ მიუბრუნდება თავის მიკროსკოპს,
ვერც ელიავაზე ჩავა სხვისი კედლის ამოსაყვანად,
საკუთარი ვინღამ დაანგრიოს?
ჩემები ტუჩებს იბზუებენ:
"ლიცენზირებული მკითხავი" პოეზიით ერთობა.
იყოს "ერთობა"!
სიკვდილს თვალიდან მორი ამოვუღე,
ხიჭვები რა მოსატანია?
ბოლო დროს,
სულ უფრო თამამად ვახსენებ,
ჩემს გენთან შეჭიდული
სუიციდების ქრონოლოგიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები