ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია ცეცხლაძე
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2014


4 ლექსი

* * *

მახსოვს ლამაზი გოგო სკოლიდან,
ზეიმზე ჩემთან არ სურდა ცეკვა,
ის წყენა გულთან ხინჯად მოვიდა
და ხასიათში თანდათან შემყვა.

გოგო უეცრად ჩემს მკლავებს მოწყდა,
მე კარგად მახსოვს, ღმერთო, ის დილა,
ზურგი აქცია საკლასო ოთახს
და ფარდის მიღმა დიდხანს იტირა.

ასე დამფრთხალი მირბოდა დროც და
ვეღარ თოკავდა გრძნობებს პერანგი,
ჯიუტად ვსდევდი ლამაზებს როცა
და ვაცილებდი სახლის კარამდე.

ხოლო ის ხინჯი მზერაში ჩამრჩა,
ვერ გავაყოლე თვალის მირონსაც,
ჩემში დათოვლილ ნაადრევ ზამთარს,
ყველა ლამაზი ქალი ტიროდა.

და ციხესავით პირქუში სკოლა,
მდუმარედ წერდა ჩემთვის განაჩენს:
შენ მარტოობას შეირთავ ცოლად
და ლამაზ-ლამაზ ლექსებს გააჩენ.


20 თებერვალი, ბათუმი. 2010.



არ წვიმდა წუხელ

                და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
                მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

                                                ო. ჭილაძე


არ წვიმდა წუხელ, ცას გაეხსნა ნაჭრილობევი
და მთელი ღამე სულ სახეში მცემდა მარილი,
ველურ მოხეტედ ერთადერთი დავრჩი, რომელიც,
თვითონ გავუვლი ტკივილს, როცა სევდა გამივლის.

არ წვიმდა წუხელ, ცას ცრემლებმა სისხლი გაუშრეს,
ნამტირალევი ზეცა ზღვაში კენჭებს ისროდა,
მეც ღმერთი ციდან გადამისვრის ნისლის აუზში,
მთის ბილიკივით მისი გზებიც რადგან ვიწროა.

არ წვიმდა წუხელ, ცა დაიბნა მარცვლებად ბრინჯის,
რწმენა სიჩუმეს თამაშობდა შიშის ხმაურთან,
მკვდარი ფიქრები შეგრძნებებმა ძარცვეს, დაგლიჯეს,
ხოლო სიკვდილი სიგიჟესთან მოშინაურდა.

არ წვიმდა წუხელ, ცა დაიმსხვრა, სარქველი ბროლის
გამთენიისას დედამიწას ჰქონდა ახდილი,
ჩემი სინდისის ნამსხვრევებმაც არ შემიბრალეს -
მხოლობით ღმერთთან მრავლობითი ცოდვა ამხილეს.

არ წვიმდა წუხელ, სეტყვის ნაცვლად ამ ერთადერთხელ,
ძვლები ცვიოდა ბზარებიდან აკლდამის თეთრი,
და თუ საკუთარ ნანგრევებში პირქვე დავემხე,
ძალას ძვლებივით მოვიკრებ და აღვდგები მკვდრეთით.


2 ნოემბერი, 2010. ბათუმი


* * *

ვისხედით უხმოდ და სიჩუმეს ვინაწილებდით,
ჩვენ ორის ნაცვლად ერთადერთი – დუმილი ენთო,
შენი სუნთქვიდან შევისუნთქე ვიბრაციები
და მთელი ღამე მოვანდომე დიმინუენდოს.

თითები ყელში გიკვნესებდა მფეთქავ კაპილარს,
როგორც კლავიშებს, აწყდებოდა ძარღვებს სტაკატო,
სიცოცხლის წყარო ამღვრეული სისხლი ყოფილა
და ახლა მინდა მის დინებას (გ)ავყვე, დავხატო

შენი სხეული მხოლოდ კოცნის კარნაციებით,
რომ ტუჩებიდან მოვიკვნიტო ყველა სიშიშვლე,
როგორც რევანში, რომ საერთოდ არ მაძინებდი,
რომ ყველა ხილვა ცხადში იყო – ვერ დაგისიზმრე.

და თითქოს თითებმომწყვდეული ფორტეპიანოს
ვუკრავ. სიჩუმეს სულს ვუბერავ, რომ სულ გადაწვას
ჩვენს შორის ყველა ბარიერი, რომ დამიაროს
ვიბრაციებმა წარღვნასავით მოსულ კადანსად.

და თითქოს ვსხედვართ ჩვენთვის, უხმოდ, კვლავინდებურად,
ჩვენ ორის ნაცვლად დუმილია ახლა და აქ და
შენს ძარღვებს როგორც ამ თითების კლავიატურას,
სხეულს – ტუჩების სუფთა ტილოს, მინდა დავაკვდე.


29 იანვარი, 2011. ბათუმი



* * *


Influenza

მოკლე დღეების ყოველდღიურ, წვრილმან საზრუნავს,
დაძინებამდე სიზმარივით როცა მოვილევთ,
დარჩენილ სიზმრებს ნამქერივით სისხლი აბრუნებს
და ახდენილი ფანტაზია გვმოსავს თოვლივით.

მერე იღვიძებ შუაღამით - ჩემი ზარია,
გეტირება და ხმანაკლული ცრემლებს ახველებ,
სიცხემ ძალიან აგიწია და მეც ძალიან,
ავადმყოფურად მინდა ვიყო შენი მნახველი.

რომ გამიცივდი, ვერ გაგითბო სულმა სხეული,
იმის ბრალია, რომ შორიდან გეალერსები,
რომ ჩვენ სადგურში განშორებამ დაგვასნეულა,
რომ ჩვენ კიარა დედამიწას სტკივა რელსები.

ჩემი ბრალია – ჩავიხვიე სისხლში პათოსი
ძალიან გვიან - არ მომსვლია მაშინვე აზრად,
რომ ვერ გნახავდი ალბათ მერე სუსხით გათოშილს,
და ნაადრევი ყვავილივით საშინლად დამზრალს

და ვერ გაგათბე, ვერ მოგხვიე მაგრად ხელები,
რომ შენს ძარღვებში ჩამექცია ზამთრის მარაგი,
ჩემკოცნანაკლულ ყელს იხვევ და კაწრავ ხველებით,
ბეტონის ძვლებში თებერვალი ამტვრევს ქალაქებს.


12 თებერვალი, 2011. ბათუმი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები