ნაწარმოებები



ავტორი: უგლავა ალექსანდრე
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2014


კატები

როცა ირგვლივ ყველა კედელი ჩამოდნება,
ადამიანები მიხვდებიან, რომ გასაყოფი უკვე გაიყვეს.
მიხვდებიან, რომ ცხოვრება სადენზე სულის მოსათქმელად
შესვენებული საფოსტო მტრედია,
ხოლო სიკვდილი - შინ დაბრუნება.
მიხვდებიან, რომ სიცოცხლე ვიღაცისთვის გაგზავნილი წერილია
და ისწავლიან ერთმანეთის წაკითხვას.

როცა ადამიანები ამას ისწავლიან,
ღრუბლები გაქრებიან და იწვიმებს მოწმენდილ ციდან.
წვიმა ჩარეცხავს ჭუჭყს,
წვიმა ჩააქრობს ხანძრებს,
წვიმა გააქრობს წყურვილს
და წვიმას ექნება შინ დაბრუნებული ადამიანების სუნი.

მაშინ ჩვენ ბოლოჯერ გავათევთ ღამეს თუნუქის სახურავებზე,
გამთენიისას გავუყვებით
ცისკრის ლურჯ მინდვრებს, იმ პლანეტისკენ,
საიდანაც ოდესღაც მოვედით
და თუ იქაც ადამიანები დაგვხვდებიან,
ჩვენ მათ კვლავ მოვიშინაურებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები