ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2008


მ ა გ დ ა (რომანი)

პროლოგი

ივლისის პაპანაქება დგას. ხალხი სულს ღაფავს სიცხისაგან. მიჩუმებულა თბილისის ხმაურიანი ქუჩები, - სტუდენტები და მოსწავლეები, კარგა ხანია, დასასვენებლად არიან გაკრეფილები, მოსამსახურენი - შენობებში შეყუჟულან, აბიტურიენტები კი - თავაუწევლად მეცადინეობენ: ათ დღეში მისაღები გამოცდები იწყება.

ჟურნალისტი მაგდა გელოვანი რედაქციიდან გამოვიდა.
"ამ სიცხეში რა დროს ინტერვიუ იყო?! მონახეს იმათაც, რა, დრო გასტროლებისთვის!... მივალ ახლა სახლში, დავამუშავებ ამ მასალას და საღამომდე, შეიძლება, დავასრულო კიდეც... ნეტა თეა თუ მეცადინეობს? რა მეშველება, რომ ვერ მოეწყოს? თუმცა, რა, ჯარში ხომ არ გაიწვევენ?! რა მანერვიულებს?!.. მაგრამ, მაინც ძალიან მინდა, რომ მოეწყოს... ჩვენც დავისვენებთ და თვითონაც... ეჰ, თავს არ ვუტყდები, თორემ ძალიან მეპარება ეჭვი, ასე, პირველივე წელს მოეწყოს სამედიცინოზე..."

მაგდამ ცას ახედა. სადამდეც კი თვალი მიუწვდა, მხოლოდ მოკრიალებული ლურჯი ცა დაინახა, უძირო ლურჯი ცა და ბრდღვიალა მზე, შეუბრალებლად რომ აცხუნებდა დედამიწას. ღრუბლის ნაფლეთიც კი არსად ჩანდა. ასეთი ცის დანახვაზე მაგდას უცნაური გრძნობა დაეუფლა, - თითქოს სიტყვა "ღრუბელი" საერთოდ გამქრალიყო, ამოვარდნილიყო ხმარებიდან თვით ღრუბლის არარსებობის გამო.

"საწყალი ბავშვები! რა სიცხეა მაინც?! ამ სიცხეს თან გამოცდების ციებ-ცხელება რომ დაემატება, აი, მაშინ იქნებიან ცოდონი!... ათი დღით ადრე ცხრა კაცია ერთ ადგილზე, საბუთების მიღება კი ჯერ არ დამთავრებულა!  დამთავრებულა კი არა, ახლა იწყებს ეს ხალხი საბუთების შემოტანას, მგონია!... სად იყვნენ აქამდე, არ მესმის... ღმერთო, ნეტა სადამდე გაიზრდება კონკურსი?!..."

ამ ფიქრებში გართული მაგდა სახლს მიუახლოვდა. კარი თავისი გასაღებით გააღო. სახლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.
"ნეტა სად წავიდა? გამაგიჟებს ეს ბავშვი! ნეტა ის ქეთინოც დასასვენებლად წასულიყო! იმას რა ენაღვლება? მესამე კურსის სტუდენტია უკვე! ჩემი სულელი გოგო კი იქ მირბის, რამდენჯერაც დასვენება მოუწევს. შორს მაინც ცხოვრობდეს?! მაშინ, შეიძლება, დამეშალა მასთან სიარული... ახლა კი რა ვუთხრა, "გვერდით სადარბაზოში არ გადახვიდე-მეთქი?" ან რატომ არ უნდა წავიდეს მასთან? რატომ მეკუმშება გული, როცა ამ ქეთინოს ახსენებს ხოლმე? მშვენიერი გოგონაა, მაგრამ... აი, ეს "მაგრამ" არის, რომ ვერ მომიშორებია თავიდან! არადა, თავადაც არ ვიცი, რას ვგულისხმობ ამ "მაგრამ"-ში... სად წავიდა ეს ბავშვი?..." - ფიქრობდა მაგდა და ოთახიდან ოთახში გადიოდა. სამზარეულოშიც შეიხედა, თეას საძინებელშიც... არავინ იყო.

მაგდამ თავისი საძინებლის კარი შეაღო და... კარებშივე შეჩერდა.
თეა სავარძელში მიწოლილიყო, თვალები დაეხუჭა და ოცნებას მისცემოდა, - ხან ბედნიერი ღიმილი გაკრთებოდა მის სახეზე, ხანაც სევდის ღრუბელი გადაეფარებოდა. მაგდას მოსვლა, თითქოს არც გაუგიაო, თვალი არ აუხელია.

- თეა! თეა, რას აკეთებ?! ოცნების დრო გაქვს? გამოცდა კარს მოგდგომია!...
- არა, დედა, არ ვოცნებობ... ვფიქრობ!...
- ფიქრობ? - მაგდა თეას მიუახლოვდა და გაოცებით დააკვირდა სახეზე, - კი, მაგრამ, რაზე ფიქრობ?! არ გეტყობა, გამოცდებზე ფიქრობდე! გამოცდამდე ათი დღეღა დაგრჩა და შენ კი... არ გრცხვენია?!...  არა, მაინც რაზე ფიქრობ?!
- ყველაფერზე, დედა, ყველაფერზე!... ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ლამაზია ცხოვრება, რა ლამაზია და თან რა იდუმალი, ამოუცნობი... გინდა ყველაფერს ჩაწვდე, ყველაფერი შეისწავლო მისი, მაგრამ რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ნაკლები გესმის...
- რისი, თეა?!
- ცხოვრების, დედა, ცხოვრების! - თეამ თვალი აახილა, სავარძელში წამოჯდა და ისე ღრმად ამოიოხრა, გეგონებოდა გულიც თან ამოაყოლაო.
- კი, მაგრამ... - მაგდამ სიტყვებიც კი ვეღარ მონახა კითხვის დასასმელად.

ასე, ცხოვრებაგამოვლილი ქალის სიტყვებით ელაპარაკებოდა მას მისი ერთადერთი ქალიშვილი, 17 წლის გოგონა, მისი თეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაამთავრა საშუალო სკოლა და ახლა მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა. მას ხომ ჯერ არაფერი უნახავს ცხოვრებაში?! არ იცის, რა არის გაჭირება, მწუხარება... მაგდა ხომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თეა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ბავშვი?!.. არა, ეს უკვე ბავშვის სიტყვები აღარ იყო!

- თეა, დედიკო, შენ რაღაც გაწუხებს... - მაგდა თეას გვერდით ჩამოჯდა, ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა, - ჩვენ ხომ ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის?! ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით?! რა მოხდა, თეა?!
- არა, არაფერი, დედა... - ჩუმად ამოთქვა თეამ და დედის მკერდში ჩამალა ცრემლმორეული თვალები.

მაგდამ იგრძნო, როგორ აუცახცახდა თეას სუსტი მხრები. თავი ააწევინა, - თეა ტიროდა.
- თეა, შენ ტირი, დედი? მითხარი, რა მოხდა!..  - შიში შეეპარა მაგდას ხმაში.

თეამ ცრემლიანი ცისფერი თვალები შეანათა მაგდას და ისევ უხმოდ ატირდა.
მაგდას ვერაფერი გაეგო. ხვდებოდა, რომ რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა თეას ცხოვრებაში, მაგრამ - რა?!... რა გამოეპარა დედის თვალსა და გულს?!...

"იქნებ ვინმე შეუყვარდა? ეს ჩვეულებრივი ამბავია მის ასაკში! მაგრამ - ცრემლები? რატომ ტირის თეა?! ეს ხომ საშინელებაა, როცა სიყვარულის გამო ტირიან?!... მაგრამ თუ სულ სხვა არის თეას ტირილის მიზეზი? მაშინ?... და რა არის ეს სულ სხვა?!... "

- თეა, რა მოხდა?! ნუ დამიმალავ, მითხარი, გიყვარს ვინმე?!... - მაგდამ თვალებში ჩახედა თეას.
- ჰო, დედა, მიყვარს, მაგრამ... - მწარედ ამოიკვნესა თეამ, - ო, რა უბედური ვარ, დედიკო!...
- "უბედური?!"... - მაგდამ ფერი დაკარგა, - თეა, რატომ ხარ "უბედური?!"... რატომ ამბობ ამ საშინელ სიტყვას?!...
- მას სხვა უყვარს, დედა, სხვა! გესმის? მე მას არ ვუყვარვარ! - თეა გულამოსკვნით ატირდა, მაგდამ კი შვებით ამოისუნთქა.
- თეა, შენ ხომ უკვე დიდი გოგო ხარ?! რასაც შენ ამბობ, ეს ჯერ კიდევ არ არის უბედურება!... ვინ გიყვარს? ან მას ვინ უყვარს? შეგიძლია, მითხრა?...
- ვინ და... ქეთინო!...
- შენ? შენ ვინღა გიყვარს?
- მე? - თეამ ტუჩი მოიკვნიტა და, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ჩუმად წარმოთქვა: გურამი...
- გურამი?... ვინ გურამი?!...
- შენ მას არ იცნობ, მე ის ქეთინოსთან გავიცანი... ქეთინო და გურამი ერთად სწავლობენ... გურამი ყოველდღე დადის ქეთინოსთან... მე არ ვიცოდი, თუ მათ ერთმანეთი უყვარდათ... ქეთინოს დღემდე არაფერი უთქვამს ამის შესახებ... გურამი ისეთი კარგია, ისეთი მხიარული, ისე კარგად უკრავს და მღერის... მე ყოველთვის მიხაროდა მის გვერდით ყოფნა. ამიტომ დავდიოდი ასე ხშირად ქეთინოსთან... და აი, დღეს ქეთინომ მითხრა, რომ... რომ... - თეა გაჩუმდა და თავი დახარა.
- გააგრძელე... ქეთინომ გითხრა, რომ... - მაგდამ თავი ააწევინა თეას და თვალებში ჩახედა.
- ისინი სექტემბერში ხელს აწერენ!.. და თან მთხოვა, რომ მე ვიყო მისი მეჯვარე! რა უბედური ვარ, დე!...
- თეა, გონს მოდი! გესმის, რას ამბობ?
- ჰო, მესმის... რა ვქნა, დედა, გულს ვერ უბრძანებ, "ნუ შეიყვარებო!" შემიყვარდა და რა ვქნა?! რა ჩემი ბრალია?!... მე რატომ არ შევუყვარდი გურამს, რატომ?!.. ნუთუ ვერ ხვდებოდა, რომ მიყვარდა, ჰა, დე?!
- კი, მაგრამ, ქეთინოს რა პასუხს აძლევ? შენი სიყვარული - სიყვარულია და მისი - არა? მისმინე და კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: მეგობრებს უსიტყვოდ, უთქმელად ესმით ერთმანეთის. მე ახლა ვრწმუნდები, რომ შენ მეგობრობა არ შეგძლებია და არც გდომებია!.. გურამი ყოველდღე აკითხავდა ქეთინოს, შენ კი მათ სიყვარულს ვერ მიუხვდი! შენ ქეთინოსგან მოითხოვ, უარი თქვას თავის სიყვარულზე? უარი თქვას იმ პიროვნებაზე, ვინც უყვარს და ვისაც ის უყვარს?! შენ მოითხოვ გურამისგან, რომ მან ერთი ხელის დაკვრით ამოირეცხოს გულიდან ქეთინოს სიყვარული და შენ შეგიყვაროს?!... და შენ ფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც შესძლებს მიაღწიოს იმას, რომ დააშოროს ორი საყვარელი ადამიანი ერთმანეთს, ის ბედნიერი იქნება? ან ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, ერთი ადამიანის სიყვარული უმიზეზოდ ამოირეცხოს გულიდან და სხვა შეიყვაროს, შესძლებს, ბოლომდე ერთგული იყოს თავისი "ახალი" სიყვარულის?!... იქნებ, ისიც უცებ დაივიწყოს და სხვას დაუწყოს ძებნა?! მაშინ?... თეა, დედიკო, ირწმუნე ეს უბრალო ჭეშმარიტება: სხვის უბედურებაზე ბედნიერება არავის აუგია... ან, თუ ეს მაინც მომხდარა, ბოლომდე არავინ ყოფილა ბედნიერი... მალე ინგრევა მსგავსი ბედნიერების ხუხულა!... გამიგე?!...
- რას ამბობ, დედა?! თურმე შენ არ გესმის ჩემი!  ნუთუ ასე მიცნობ?! განა მე ჩემს სიყვარულს თავს ვახვევ გურამს?!.. ან ქეთინომ იცის ამ ჩემი უბედური სიყვარულის ამბავი?!... ნუთუ შენ ასეთი გგონივარ?! მაშინ მე აღარაფერი მაქვს სათქმელი!!!
- არა, თეა, ჩემო გოგონა, მე შენში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ... მაპატიე, მე ასე არ უნდა მეთქვა! მე, უბრალოდ, მინდოდა, რომ შენ არ გამოგეცადა... ჰო, არასოდეს გამოგეცადა უიმედო და უპასუხო სიყვარულის სიმწარე... და თუ ეს მაინც მოხდა, შენ უნდა სძლიო საკუთარ გულს და, სწორედ რომ, უბრძანო: "შენთვის მისი შეყვარება არ შეიძლება-თქო!..." აი, მაშინ დაგაფასებს ყველა, როგორც ნამდვილ მეგობარს, ნამდვილ ადამიანს!...
- მესმის, დედა!
- ჰოდა, თუ გესმის, ისიც უნდა გაიგო, რომ ათ დღეში გამოცდა გაქვს და ამ თემაზე ფიქრებს, სჯობია, გამოცდებზე იფიქრო!...

მაგდა თავის კაბინეტში გავიდა, ტახტზე ჩამოჯდა... თითქოს რაღაც აწუხებდა, არ ასვენებდა!... გამალებით მუშაობდა მისი ტვინის ყოველი უჯრედი. მის მეხსიერებას რაღაცის პოვნა უნდოდა წარსულის ღრმა ხვეულების ბრმა ლაბირინთებში...

მაგდამ ფეხები აიკეცა, უფრო მოხერხებულად დაჯდა.

მაგდა, მაგდა... მოგესწრო შვილი! თეა, რომელიც შენ დღემდე ბავშვი გეგონა, შენთან ერთად სიყვარულზე მსჯელობს!.. არა, თეა ბავშვი აღარ არის და შენ თავად დარწმუნდი დღეს ამაში. შენ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალს, რომელიც ახლახან გახდი 37 წლის, თითქმის გასათხოვარი ქალი გყავს!... რა უცებ გაიფრინეს წლებმა!...

იმ დღეს ვაჟა გეუბნებოდა: "შენ და ნათიამ ასე როგორ დაიმსგავსეთ ქალიშვილებიო." მართლაც როგორ გგავს შენი თეა: ისეთივე სუსტი და მაღალი, ოქროსფერი თმებით, ცისფერი, უძირო თვალებით, სწორი, თლილი ცხვირით, სიფრიფანა, თითქოს-და გამჭვირვალე ნესტოებით, პატარა და ლამაზი ტუჩებით, საიდანაც მარგალიტივით ასხმული კბილების ორი მწკრივი მოსჩანს... მაგრამ მამასაც ჰგავს რაღაცით... ალბათ ნიკაპითა და შოლტივით სწორი თმით... და გამოხედვით!... შენ ამაყი გამოხედვა გქონდა, მაგდა! შენი თვალებიდან, დროდადრო, სიცივე გამოკრთებოდა-ხოლმე, თეას კი რბილი გამოხედვა აქვს, კეთილი და საოცრად თბილი გამოხედვა...

თუმცა, იქნებ, ის სიცივე შენს თვალებში მთლად შენი ბრალი არც იყო?!...

და მაგდას თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები