ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2014


პლაცებო

მე მოგიყვებით ამბავს,
სადაც პერსონაჟები –
პიჟამოებში, ხალათებში და კედელ-კედელ,
მოდიან  ჩემთან,
შეწამლული ძილიდან, დილით -
და მაბარებენ ართრიტივით მტკივნეულ სიზმრებს.

დეიდა ლილი.
ის ხატავდა
თვალის ჩინი ვიდრე დააკლდა,
ახლა ყვება, ვითომ წუხელ ესტუმრა შვილი.
ხვდები –
საწოლთან  მიბნეული
სურათები გაგიფერადეს…

ბატონი კოტე!
(ერთი თვის წინ მოუკვდა ცოლი)
“ეჰ, თქვენ რა იცით...”
მერამდენედ იწყებს თავიდან
ამბავს, რომელიც დამთავრდება:
“…...როცა მიდის მეუღლე.”
ვამბობ:
-ასეა! ნუ, მე - საიდან?...
ვფიქრობ:
“მე და თქვენ ალბათ  იმათ - ცაში შევხვდებით”…

დეიდა ნატა, ნატალია,
ის  მთელ დღეს ქარგავს –
სოხუმის პალმებს, ზღვას, თოლიებს
ხოლო დროდადრო
ხედავ -
როგორ სველდება კანვა...

ძია აკაკი,
მხიარული, ღაჟღაჟა კაცი.
(გვითხრეს – წლების წინ ამოეწვა სახლში ცოლ-შვილი)
ის - დღეს დავკრძალეთ...
ეს ამბავი  არასოდეს, არავისთვის მოუყოლია...

ზინაიდა ზის სავარძელში, ხმას სულ არ იღებს,
(ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან)
ერთხელ, შემთხვევით  გავიგე რომ -
ის ლექსებს წერდა,
და შემეშინდა...

თავშესაფრის    ექიმი ვარ
სტეტოსკოპით, ხშირად უმისოდ
ვუსმენ რა მძიმედ -
ჩაიფიქრეს...
ამოიფიქრეს...
და მე მაქვს  აბი „თანაგრძნობა“-
ნაღდი პლაცებო!
ყველაფერს არჩენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები