ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2014


* * *

ლაჟვარდისფერი დაედო ზეცას,
პორტში გუგუნით შემოდის გემი,
თოლია-ღამით დასვრილ ფრთებს კეცავს,
ღამენათევი ვზივარ და გელი,

ვზივარ, ზღვასა და ხეივანს შორის,
პალმის ტოტები ხვეტავენ ქუჩას,
შენზე ფიქრები ვერ მოვიშორე,
უშენო დღეებს ბოლო არ უჩანს,

ვზივარ,უაზროდ გავყურებ სივრცეს,
თვალებში ჩაქრა სიცოცხლის ალი,
ჩემთან რომ იყო რას აღარ მივცემ,
ამ ლექსსაც შენთან მოიტანს ქარი,

ვიცი, შენც დარდობ ჩემო ნიბლია,
ვიცი ლოდინი როგორ გაწამებს,
ჩვენ, განშორება არ შეგვიძლია,
უნდა დასრულდეს ჩემი წანწალი...

მაგრამ მე ჯერაც,სველ ნაპირს ვართობ,
ალბატროსები ძიძგნიან დილას,
სულ ცოტა ხანი ვიქნები მარტო,
და მერე შენთან მოვალ და ფრთხილად

გადავწევ ბნელი ოთახის ფარდას,
ჩაგიკრავ გულში და გავმთელდებით,
გეტყვი-მიყვარხარ, როგორც მიყვარდი,
დრო გავაჩერე-ჩვენ არ ვბერდებით...

სიყვარულს ვერას აკლებს მანძილი,
სიყვარულისთვის რას ნიშნავს წლები?!
სიკვდილს ღიმილით ვეტყვით სამძიმარს,
ჩვენ არასოდეს გარდავიცვლებით!

მიყვარხარ!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს