ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2014


საბავშვოები

პლუტო
-------------
ძლიერ ვწუხვარ, თუმცა რა ვქნა,
ყველას უნდა გავებუტო.
ქეთევანი მქვია, მაგრამ
მეძახიან სახლში "პლუტოს".

სულ პატარა რომ ვიყავი,
მეც მეგონა ასე მერქვა,
ლაპარაკი არ ვიცოდი,
საყვედური როგორ მეთქვა?

ნეტა პლუტოს რა მიმიგავს,
ტანი? ფეხი? თმები? სახე?
ლამის გული წამივიდა,
მულტფილმში რომ დავინახე.

გინდ სნიკერსი მომიტანოთ,
გინდ ნაყინი, გინდაც ნუგა,
თუკი "პლუტოს" დამიძახებთ,
დავიყეფებ როგორც ცუგა.

ამანაც თუ არ მიშველა,
ოთხზე ვირბენ, მაშინ ნახეთ!
სანამ სულ არ გავცოფდები,
ქეთევანი დამიძახეთ!


ტყუპების დიალოგი
--------------------
-ირო, ასე გავიგე,
გავიზრდებით მაღლები,
თუკი შევჭამთ სტაფილოს
მოდელები გავხდებით.

-ტასო, ხომ არ გეშლება?
არ მგონიხარ სულელი!
სულ სტაფილოს არა ჭამს?
მაღალია კურდღელი?!



არგუმენტი
-----------
დედამ სთქვა: მასწავლებელი
ყველაფერს ხვდება...
–იცი რაა?
ასე რომ იყოს, ბებიკო,
თუ გვაქვს ორთავეს კიკინა,
იმას ხომ  აღარ გვკითხავდა,
"შენ ტასო ხარ თუ ირინა"?


ანარეკლი
---------------
პაწაწინა ტასიკომ
ბებოსთან მიირბინა:
-ბებო, ბებო, წამოდი,
სად შემძვრალა ირინა!
სტუმრად მოსულ ტყუპისცალს
ბებო უცხობს ალადებს,
მარწყვის ჯემს გადაუსმევს,
თეფშზე კოხტად ალაგებს,
თან იცინის: ირინა -
სახლში სულაც არ არის,
ტასომ ალბათ კარები
გამოაღო კარადის.
კარის უკან სარკეა,
მაღალი და კრიალა,
შიგნით თვითონ გამოჩნდა,
მართლა ირა კი არა.



გათვლა - ცისარტყელა
------------------
რა ფერია  ვარ–დი?
წი–თე–ლი.
შენ  გავარდი
პირ–ვე–ლი.

მანდარინი?
ნა–რინ–ჯი.
შენც  მიყევი
ნა–ბი–ჯით.

ახლა ცისარ-ტყელა–ზე
ყვითე–ლია  ფე–რი.
დადგა  შენი  ჯე–რი.

მერე  მოდის
მწვა–ნე.
შენც  გადიხარ  მა–ლე!

ცის–ფერია  ზე-ცა.
ახლა  გადის  ე-სა!

ლურჯი  არის ზღვა.
ვინ–ღა დარ–ჩა  სხვა?.

იის ფე-რი  მე–ლა–ნი.
ვი–მა–ლე–ბით
ყვე–ლა–ნი.

დაიხუჭე  შენ!



ეზოში
--------
-აუზში  „აუ“ ზის,
არ ჩახტე, ირინა,
აუ გაბრაზდება, ვაი თუ გიკბინა.
-ტასიკო, დაიკო,
არ არი კბენია!
პატარებს გვაშინებს მაგითი ბებია.




ტასო
--------

სახლი გრგვინავს და ზანზარებს,
ირინას დასდევს ლაზარე,
ტასო ქოთქოთებს - ხმაურში
ვეღარ ვაძინებ თოჯინას,
ნერსე, შენ მაინც გაჩერდი,
ნუ დააჭენებ ჭოჭინას.
ამ ბებოს რაღა აცინებს,
ტკბება ამათი ყურებით!
ნეტა, ნამდვილი აბია,
თუ მიახატეს ყურები?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები