ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2014


არც კი ვიცოდი, რა დამერქმია (ციკლიდან "ნიკა")

ცხოვრებაში ერთადერთხელ გავებუტე ადამიანს .  არა კი არ გავებუტე, დავემდურე და მთელი რვა წლის განმავლობაში მას არ ველაპარაკებოდი.
მოძღვართანაც კი ვამბობდი აღსარებაში,რომ არ ველაპარაკებოდი ადამიანს,რომელსაც ძალიან ვუყვარდი...

  რუსულის გაკვეთილზე ერთად ვიჯექით... კლასელი იყო. ის კი  ყველა გაკვეთილზე სიყვარულს მიხსნიდა და მეც გულუბრყვილოდ ვუსმენდი. ვუსმენდი, რომ ჩემი სიყვარულით დაბრმავებული და დაყრუებული იყო და მხოლოდ ჩემი ხმა ესმოდა და მხოლოდ მე მამჩნევდა  და რომ სკოლის დამთავრებისთანავე მომიტაცებდა, თუ ნებით არ გავყვებოდი.

რუსულის მასწავლებელი ყველაფერს  ხვდებოდა.მე საშინლად მრცხვენოდა,  მაგრამ ვერაფერს ვუხერხებდი.
მაშინ ცამეტი  წლის ვიყავი,  ყველაფერი  მჯეროდა და ამიტომ მართლა მეშინოდა მისი.
არ მინდოდა  მოვეტაცებინე. არ მინდოდა გათხოვება. ვფიქრობდი,  რომ მავიწროებდა და მაშინებდა..ამიტომ ცამეტი
წლისა რომ  გავებუტე, თავი დამანებე,  მე არ  მიყვარხარ მეთქი, დიდხანს გაგრძელდა.

მერე...
მერე მე წავედი სასწავლებლად სხვა სკოლაში და მასზე არაფერი ვიცოდი...საერთო მეგობარი თუ მომწერდა ხოლმე,
ისიც გაკვრით....
სკოლის დამთავრების ხუთი წლისთავზე მიმიწვიეს კლასელებმა.
ნიკას    არ ველოდი და  ამიტომ თავისუფლად წავედი.ის კი მოვიდა...
ბავშვებმა სკოლაში შევიარეთ და ჩვენი დამრიგებელი მოვინახულეთ.    მააწავლებელმა, შემოდით და გაკვეთილი ჩავატაროთო,შემოგვთავაზა.
იდეა მოგვეწონა და დავთანხმდით.
მასწავლებელი ყველა ჩვენგანს სიამოვნებით გვისმენდა,ვინ რისი გაკეთება მოასწრო ამ ხუთ წელიწადში.
ყველა თავის ხუთწლიან    ისტორიას მოკლედ ყვებოდა:
----მესამე შვილს ველოდებიო---ღიმილიანმა  აღიარა გელამ.
---მე სტუდენტი ვარ ჯერ---ვთქვი გაწითლებულმა.
---მე ხუთი წელი „აგარაკზე“ ვიყავი და სამი დღის წინ გამოვედიო---ისე თქვა  ნიკამ, როგორც ამბობდა ხოლმე ,გაკვეთილი
არ ვიციო....თითქოს ვინმეს ბრალი იყო....ყველა თანაკლასელმა ერთმანეთს გადახედა.მე არ ვიცოდი და    პირველად მაშინ გავიგე, რომ ნიკა  თურმე ციხეში იჯდა ამ ხუთი წლის განმავლობაში.
არაფერი მესმოდა....არადა ციხიდან ახლად გამოსულსაც  რომ არ ჰგავდა?!  მას  ყველაზე მოდურად ეცვა მთელი კლასის ვაჟებს შორის...ეს ფაქტი უკვე ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი . მე მისი დანახვისთანავე დაძაბული ვიყავი და როცა ციხეც ახსენა, ვინანე , აქ რომ აღმოვჩნდი.  მუხლები მომეკვეთა და შემეშინდა.
სკოლიდან გამოვედით და სუფრასთან  გავაგრძელეთ ქეიფი, მეგობრის ოჯახში.ნიკა გვერდით მომიჯდა....ჩვენი უბრობა არც ახსოვდა,ისე გამიბა ლაპარაკი....ვისაუბრეთ,ყველაფერი გამომკითხა,ვინმეს ხომ არ ხვდებიო,დაინტერესდა.
თავის თავზე არაფერი მითხრა.
მთავარი,რისთვისაც ციხეში იჯდა , დამიმალა...ჩხუბი მომივიდაო,მხოლოდ ეს მითხრა. მეტი არც არაფერი მიკითხავს.

ბიჭები კარგად რომ შეზარხოშდნენ და ქეიფიც რომ გახურდა.მეგობარმა საცეკვაოდ გამომიწვია.უარს ხომ არ ვეტყოდი და ვიცეკვე.გამოვხედე,ნიკა  აჯაგრული იჯდა.
---ვაიმეეე---გამიელვა თავში,ახლა ამან რომ ხუშტურები ატეხოს,ვინღა მიშველის მეთქი.

დავჯექი ისევ ჩემს ადგილზე, ნიკამ ჟილეტი ოდნავ გაწია და იარაღი დამანახა.მივხვდი,ეს სპეციალურად გააკეთა. მე
ცუდად    გავხდი. ვატყობ , გულის წასვლას არაფერი  მიკლია და მეშინია, გული რომ წამივიდეს,  მის ხელებში 
აღმოვჩნდები,ეს კი წარმოუდგენელი რამაა.

მუსიკა გაჟღერდა და  მეორე  თანაკლასელი  კვლავ  ჩემსკენ წამოვიდა საცეკვაოდ.ინტიქტურად  ნიკას გადავხედე.
წამოდგა,მე  წინ გადამიდგა და ერთი წუთითო,  გარეთ გაიხმო ცეკვის მსურველი.  ვზივარ და ველოდები, მაგრამ კარგს არაფერს.  უცებ ხმაური  ატყდა .  ყველანი გარეთ გავცვივდით.  ნიკას ჩემი კლასელი  ერთი ხელის მოსმით მეორე სართულის აივნიდან გადაუგდია და  რას ვხედავ: ყველანი  გარბი-გამორბიან,  რომ როგორმე უშველონ დაბლა მოფართხალე ადამიანს.

ნიკასთან მივედი და ვუსაყვედურე.
---რა არის  ,  შენ რა გჭირს მეთქი
---ცხოვრებაში სულ მხოლოდ შენ გამო ვჩხუბობ,გოგოო!__გადმომიბრიალა თვალები და იქაურობა დატოვა.
ქეიფი აირია ....გაგრძელებას აზრი არ ქონდა და დავიშალეთ.ბიჭებმა სახლში მიმაცილეს. გვიანიც იყო,მაგრამ რა დამაძინებდა.  რაღაცას კიდევ მოველოდი. კარი დავკეტე და ფანჯარა გავაღე,  სული რომ არ შემხუთვოდა..

ნიკა მთელი ღამე სახლში არ წასულა, ის ღამე ჩემი საძინებლის ახლოს,ფანჯარასთან  გაატარა.იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.ხანდახან გულისცემაც კი მესმოდა მისი.
არც მე მძინებია და არ მას.
დილით,როცა კლასელებმა ისევ გამომიარეს,უკვე იქ აღარ იყო...ჩვენ შევიკრიბეთ მეორე დღეს,მაგრამ ნიკა აღარ  მოსულა.

მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა..მეტად არ მინახავს..
როგორც ვიცი, არც დაოჯახებულა.  რამდენჯერმე გამოვიდა და ....ახლაც ზის.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები