ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2014


***

მე და შენს შორის გაჭიმული ბაგირი წყდება.
ვინ იფიქრებდა?!
ეს ხომ არ იყო თმა , თოკი, ძაფი... 
დრო დანას ლესავს და მასზე უსვამს.
ჩვენ ამ ბაგირზე უთვალავჯერ გავსულვართ, ვიცით.
ხან ფიანდაზად გაგვფენია, ხან ბეწვის ხიდად.  მაინც გავსულვართ.
ახლა კი ისე ვიწრო შემორჩა ზოგან, რომ ბეწვის ხიდსაც ვეღარ უწოდებ.
მე ხელს ვაფარებ, შენ ხელს აფარებ
და რა გამოდის...
დაგდის ცრემლებად ხელიდან სისხლი,
და დამდის  სისხლად თვალიდან ცრემლი.
ორივეს გვტკივა. რადგან ვიცით უნდა დასრულდეს.
დრო დანას ლესავს.
გულის ჯიბეში ჩამიდე რკინად.
ბოლო ბრძოლაში შენს გულს დავიცავ.
ბოლო ბრძოლაში კვლავ ერთად მივალთ.
მერე კი...
მერე მე ამ ბაგირს ხელებს გავუშვებ.
უნდა დასრულდეს.
ყველაფერი, რაც იწყება უნდა დასრულდეს.

მერე კი ავკრეფ მე ძირს დაყრილ ძაფის ნაკუწებს და შევაერთებ.
ძაფებს შემორჩა იმ წვიმის წვეშ ნაცეკვი ვალსი,
ხალხის თვალები, შეშლილები რომ ვეგონეთ, მე მახსოვს დღესაც.
ძაფებს შემორჩა  ფანტელები, ჩემთვის რომ თოვდა.
სიგიჟეები, სიხარული  და აღტაცება.
იცი, ის ნაძვი , ამ ფანჯრის წინ შენ რომ დამირგი,
ორი წელია რაც უკვე გახმა.
ერთი საღამო გაათბო მხოლოდ.
სიხარულის და სიყვარულის ძაფებს დავგორგლავ და ჩვენს შვილებს ჩავუდებ მზითვად.
ტკივილებისას _კოცონზე დავწვავ.


წყალწაღებული  არასოდეს ვეძებდი ხავსებს. ეს იმიტომ რომ ცურვა მასწავლე.
ქარწაღებული არასოდეს ვეძებდი ხეებს, იმიტომ რომ ფრენა მასწავლე.
მიწაზე მყარად სიარულიც ვისწავლე უკვე, ტვირთი მძიმეა.

ბედნიერების ოთხი წელი, დიდი ტკივილის ათ წელიწადზე გადაგიცვალე.
და ხურდა მომრჩა.


მე იმ ხურდით ვიყიდი ბაგირს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები