ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2014


დავიწყების მდინარე

“წვიმს.
წყალი ჩხრიალით ჩამორბის კიბეებზე და სანიაღვრე ჭასთან მრგვალად ტრიალებს. წითელკრამიტიანი სახლები ტერასებად შეფენილან.
საიდანღაც ვიოლინოს ხმა ისმის.
სახლი № 373. რიცხვები ვერტიკალურად.
შემინულ კართან ლამაზი ქალი დგას, ცისფერი თვალებით და ცისფერი წინსაფრით.  დაორთქლილ მინას გულები ახატია. . .”

ცხადშიც წვიმს. მესამედ ვიდუღებ ყავას. ფრჩხილების ლაქს ვარჩევ, არ ვიცი რომელი წავისვა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ფანჯარას ვიღაც აწყდება ჩიტივით და სახლში შემოსვლას ცდილობს. თხელი ფარდიდან ვხედავ – უზომოდ მსუქანი ქალი საბავშვო ბაღისკენ მიემართება უზარმაზარი ქოლგით. გაუქმებულ ჯიხურთან მეგობრულად მიყუჟულან: ბებერი ლოთი, ერთი შავი და ორი ჭრელი ძაღლი. მზესუმზირის გამყიდველი ისევ ქუჩაში ზის. თავზე პარკი აქვს გადაფარებული და გამოდარებას ელოდება. ერთი თვის წინ შვილიშვილი მოუკვდა. მეცოდება. მე ყველა მეცოდება. კარდიომაგნილს ვიდებ ხელისგულზე.  ვერ ვიხსენებ, მივიღე თუ არა დღეს. არ დამავიწყდეს ამის წაღება!

“სახლი ეზოს მხრიდან. მშვენივრად მოვლილი ბოსტნეულის კვლები, უამრავი  ყვავილები. დიდი რაოდენობით ზამბახები – ღვინისფერი, თეთრი, ლაჟვარდისფერი. იგივე ქალი. ჩამუხლული კრეფს მარწყვს. რაღაცას მელაპარაკება. მერე კალათას მაწვდის გაღიმებული. საოცრად ცხადი სიზმარია. მარწყვის სურნელსაც კი ვგრძნობ. მეზობლის მესერიდან თავგამოყოფილი ძაღლი ყეფს და ენა უვარდება პირიდან. ხეზე მიყრდნობილი, ქერათმიანი ბიჭი ტუჩის გარმონზე უკრავს. . .”

სიას ვადგენ, არაფერი დამრჩეს. ასე ვიცი ყოველი გამგზავრების წინ. ბილეთი ჩავწერე, პასპორტი, მობილური, ფული და ათასი წვრილმანი. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი  მოვაკელი. დროდადრო სიზმარში ნანახი უცნობი ქალის მახსენდება და ვგრძნობ, გული როგორ მეკუმშება აუხსნელი სევდით. აივნის მოაჯირზე მიკაკუნებენ. ოთხმოცი წლის, მარია დიმიტრიევნა ითხოვს ჩემს ყურადღებას. ჩვენი აივნები ერთმანეთისგან ხელის გაწვდენაზეა. აბა, გაბედე და მამის სახელის გარეშე მიმართე. ვაშლის ღვეზელს მაწვდის ანტიკვარული თეფშით, მერე, “უბორკის” დროს ნაპოვნ, გახუნებულ, სარვამარტო ბარათს მიჩვენებს და ზედ მიწერილ ლექსს მიკითხავს.  თავი ბებრულად უცახცახებს. გარკვევით ვხედავ შეთხელებულ თმაში, კანზე, სიბერის ლაქებს. პარიკი უნდა ვუყიდო ჩეხეთში. შეყვარებული ავტორისთვის, რომელიც დიდი ხანია ბარბარეს სასაფლაოზე განისვენებს, ყველაფერი მშვენიერია: წვიმა, ცივი ქარი და თოვლი. მადლობას უძღვნის ტრფობის საგანს არსებობისთვის. და ეს, მეუღლეზე უზომოდ შეყვარებული ძვირფასი ანატოლი, მეზობლის ქალს მოუკვდა საწოლში მხურვალე სექსის დროს. 

“ რაღაც საშინელი დავინახე, არ უნდა დამენახა. ნაძვნარში მივდივარ. ზურგში მიბიძგებენ. კაშხალიდან წყლის ხმა ისმის. ირგვლივ ყველაფერი სველი და ნესტიანია. წვეთები შიშინით და მონოტურად წკაპუნობენ ფოთლებზე. გზა რკალივით უხვევს. ბეტონის კედელზე გავდივართ. კაცი, რომელიც უკან მომდევს, ცალ ხელს მხარზე მხვევს ზურგიდან, მეორეს ყელში მიჭერს და ყურში ჩამსისინებს. ხმაურში არ მესმის, რას ამბობს. თავს ოდნავ ვატრიალებ. გვერდულად ვხედავ - მუქ მაჯაზე შავი დისკო აქვს ამოსვირინგებული დაგრეხილი სხივებით. . . ხელებგაშლილი ვეშვები ქვემოთ. სუნთქვა მეკვრება. წყლის უწვრილეს ნაწილაკებში იკარგება კაცის სახე. ვცდილობ რაღაცას მოვეჭიდო. ნაქსოვი მდოგვისფერი ჟაკეტი კედლიდან გამოშვერილ არმატურის ნაჭერზე რჩება. ნელ-ნელა მშორდება მოკრიალებული ზეცა და თვითმფრინავის დატოვებული თეთრი ზოლი. . .”

ვიცი,თვითმფრინავში ვერ მოვისვენებ. ხომ არ დავიძინო? ვინ გაცდის? როზა ამოევამ რაღაცის გამოცხობა გადაწყვიტა და პატარა მემეს მიგზავნის. - “მამა ხლებნი სოდა ხოჩეტ.” დაქალის შვილმა, ნორჩმა ინტელექტუალმა მესიჯებით ამიკლო - “სასწრაფოდ მომწერე, რომელი მუშკეტერის შვილი იყო ვიკონტ დე ბრაჟელონი?” “რომელი ხელი აკლდა ჰორაციო ნელსონს?” ზარმაცი! ვპასუხობ – “ნაპირა ხელი.” გამებუტება, მაგრამ ვიცი, მალე გაუვლის წყენა. პუტკუნა, ყურებამდე გაღიმებული იეღოველები, ერთმანეთის მოქმედებას, რომ აკონტროლებენ, წარბაწეულმა გავისტუმრე სხვა სართულზე. ჩვენების მოსვლამდე შხაპის მიღება გადავიფიქრე. რატომ უნდა გამოვიდე ვიღაცის დაჟინებულ ზარზე სველი და პირსახოცშემოხვეული?

მიყვარს აეროპორტის ხმაური, რეისების გამოცხადება, ბარგის წონას რომ არ აჭარბებ და ზედმეტს არ იხდი. მიყვარს, გაცილება და დახვედრა, მგზავრების თვალიერება, დაბნეულები რომ დადიან და ჩემოდნებს მიაგორებენ. არ მიყვარს - ხნიერი ქალები სალონში გაუთავებლად რომ ლაპარაკობენ, კაცები კი - ხვრინავენ.

ჩეხეთის დედაქალაქშიც წვიმს. . .
ეს სიმპათიური და მაღალი ბიჭი ჩემი ძმაა, რეზი. პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში არარეიტინგულ მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობს. წინაპრების ტრადიციას აგრძელებს. ასე შორს იმიტომ, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვევა. მთლად დამოუკიდებელობისთვის ვერ ვიმეტებთ და დიდი უარის მიუხედავად, სანახავად ჩამოვდივარ. . .

ვლტავის ორივე ნაპირზე ციხესიმაგრეები მოვინახულეთ. “ნოვე-მესტოს” რაიონში უფრო სლავი ტურისტები ირევიან. ვაცლავის მოედანზე რამდენიმე ნაცნობი ქართველიც შეგვხვდა. გავიხარეთ, ვიჭორავეთ, მტრედები დავაპურეთ, ჩეხური ლუდი დავაგემოვნეთ. კარლშტეინის ციხე-დარბაზთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მერე, მე და რეზი ძალიან ლამაზ, მოვლილ, გამწვანებულ “სტარე – მესტოს”უბანში გავედით. რიყის ქვით მოკირწლული ქუჩა ვიწროვდებოდა და აღმართზე პატარა ჩასახვევებად იყოფოდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ნამყოფი ვიყავი აქ. მეუცნაურებოდა კოხტა სახლები, ლამაზად მოჩუქურთმებული დარაბებით და ფანჯრებზე არშიებიანი ღია ფერის ფარდებით. მესამე ჩიხში ჩავუხვიეთ. გრძელი და ვიწრო კიბე ახალი მორწყული იყო. ვერ მივხვდი, გულმა აქეთ რატომ გამომიწია. ყვითელ, ზოლიან ჯიხურში პოპკორნი და ნაყინი ვიყიდეთ. ყურებგაწითლებული გამყიდველი ბიჭი პირს არ აჩერებდა. გველაპარაკებოდა და გველაპარაკებოდა აღტაცებული. მწვანე წინსაფარი სადღაც მოისროლა. სურათები გადაგვიღო და სუვენირები გვაჩუქა. ერთი სიტყვა გავიგე მხოლოდ –“პანი”.

დავიღალე. საფეხურზე მშრალი ადგილი მოვნახეთ და ჩამოვსხედით. ულამაზესი ხედი მოჩანს ქვემოთ. სკალიჩკას სახელობის ქუჩაზე ვართ. მივირთმევთ და ყველაფერზე გვეცინება: იმ ბიჭზე, ცოტა რომ დაოკდა და მუშტებზე ნიკაპდაყრდნობილი, თვალს არ მაცილებს. კატის კნუტზე, ნასვამივით რომ მიბარბაცებს დედის გვერდით. ქუჩის სახელზე. ჩემგან მარცხივ, ზემოთ, რაღაც გაჯახუნდა. მექანიკურად მივიხედე უკან. ხნიერმა ქალმა შემინული კარი დაკეტა, გასაღები ჩანთაში ჩადო და მოტრიალდა. ღმერთო! მე ვიცი ეს სახე, უკან გადავარცხნილი ჩალისფერი თმა და თბილი, ცისფერი თვალები. ჩემდა უნებურად წამოვდექი, ნელა, როგორც ფილმის შენელებულ კადრში. გარკვევით დავინახე სახლის ნომერი – 373. რიცხვები ვერტიკალურად. რაღაც აუხსნელი დამემართა, გავშტერდი. ძალა გამომელია, პარკი ხელიდან გამივარდა და მერე არაფერი მახსოვს. . .
   
“პატარა, სადაფისფერი, ბრტყელი წრეები თოვლის ფანტელებივით ირევიან ჰაერში. ცახცახებენ, გადაადგილდებიან, ძლივს გასაგონი ჩუმი შრიალით. ცუდი ხილვადობაა. გზას ვერ ვიკვლევ. არ ვიცი, სად ვარ, საით უნდა წავიდე. მიწაზე ვჯდები. მერე ვიღაცის სილუეტი მიახლოვდება. გამხდარი,შავგვრემანი ქალია. თხელი, სელისფერი კაბიდან წვეტიანი მხრები უჩანს. ლავიწის ძვლებთან ფოსოები ორმოებივით აქვს ჩაღრმავებული. წამომყევიო, მეუბნება და ხელს მკიდებს. მორჩილად მივდევ ვერცხლისფერ მდინარემდე. მუხლამდე შევედივართ. ცივი წყალი მაფხიზლებს.
- აქ რა გვინდა?
- იქითა ნაპირზე უნდა გავიდეთ.
- ცურვა არ ვიცი, დავიხრჩობი.
იღიმება. დიდი, მრგვალი და სევდიანი თვალები აქვს.
- მე აქ რისთვის ვარ? წელამდეა წყალი, არ დაიხრჩობი.
- შეიძლება, მაგრამ, მაინც არ წამოვალ.
ფეხი მისხლტება ქვაზე. სახით ზედაპირს ვემხობი. გარკვევით ვხედავ, ფსკერზე როგორ დასრიალებენ კუნაპეტივით შავი და ოქროსთვალა თევზები. წყალმცენარეები დინების მიმართულებით ირხევიან და წვივებზე წურბელებივით მეჭიდებიან. ქალს ხელიდან ვუსხლტები შეშინებული და ნაპირს ვაწყდები. თან მომყვება. ნიკაპზე მეხება ორი თითით. რძის სუნი ასდის. ვერ ვიტან რძეს.
- გგონია, მე მეხალისება ნაპირიდან ნაპირზე სიარული? შენთვის გავდივარ იქით. ახლა, ზუსტად ეს გჭირდება. არა? კარგი, იყოს ნება შენი! მერე, არ დაიწუწუნო, წარსული ცხოვრების მოგონებები, რომ გაწუხებენ და გტანჯავენ
მიდის ნაპირ-ნაპირ. განზე მიაქვს გაღუნული კანჭები. ფეხშველაა. . .“

სამი წყვილი თვალი დამცქერის. ყველას ვცნობ: რეზი,  “ნაცნობი”ქალი და გამყიდველი ბიჭი. თავზე ხელს მისვამენ, მეფერებიან. ტახტზე ვწევარ. ცალ მხარეს პატარა ბალიშების გროვა აღმართულა ბარიერივით. ვერ ვხვდები რა ხდება. რეზის ვექაჩები სახელოზე.
- აქ რატომ ვარ?
- გონება დაკარგე. პანი მარგიტის ნებართვით აქ შემოგიყვანეთ. გტკივა რამე?
- ჰო. აი, აქ, გვერდში.
ადგომას ვცდილობ. უფლებას არ მაძლევენ ექიმის მოსვლამდე. დრო გადის. ოთახს ვათვალიერებ. აქ ყველაფერი ძველია: შავი ხის მრგვალი მაგიდა, ვენური სკამები და სამშვენისებით გადატვირთული კომოდები. მაისური  სველი მაქვს. ეტყობა, წყალი მომასხეს გულწასულს. ასეთი რამ არასდროს მომსვლია. “პოპკორნის ბიჭი”, ასე შევარქვი გუნებაში, დარწმუნდა რომ სასიკვდილო არაფერი მჭირდა და ბოდიშის მოხდით დაგვემშვიდობა. პანი მარგიტმა მარწყვის წვენი  გამოგვიტანა. გვერდით მომიჯდა. დაწვრილებით გამოგვკითხა: ვინ ვართ, საიდან ვართ და რატომ ვართ ჩეხეთში. თვალს ვერ ვაცილებ. რამდენჯერმე უხერხულად ჩაახველა. მერე თავის ოჯახზე მოგვიყვა რაღაცეები.

მისი შვილი, ლიზი, იმედისმომცემი მუსიკოსი, ოცდასამი წლის წინ,ზაფხულის ერთ დღეს კოლეგებთან ერთად პიკნიკზე გავიდა ქალაქგარეთ. როგორც ასეთ დროს ხდება, დაიშალნენ ახალგაზრდები. ყველას თავის წილი საქმე ჰქონდა. ზოგი სოკოზე წავიდა, ზოგი წყალზე, კარავს შლიდნენ. . .შუადღისას ლიზი მოისაკლისეს. ყველგან ეძებეს. რკინაზე დაკიდული ჟაკეტი რომ არა, ვერავინ მიხვდებოდა, რომ გოგონა კაშხალიდან გადავარდა და დაიხრჩო. შემთხვევით მოხდა თუ გადააგდეს, ვერ გაარკვიეს. გვამი მეორე დილით ამოიღეს. იმავე დღეს, კაშხალთან ახლოს, ტყეში, სხვა გოგოც იპოვეს მკვდარი - მაგდა ირასეკი, ლიზის სკოლის ამხანაგი, ვიღაცამ გააუპატიურა და მოკლა. იმ საღამოს წვიმდა და მკვლელის ყველა ნაკვალევი წაშალა. ორივე საქმე გაუხსნელი დარჩა.

სათითაოდ გვიჩვენებდა, ჩარჩოებში ჩასმულ, სხვადასხვა ასაკში გადაღებულ ლიზის სურათებს. ტიროდა. მეც ვტიროდი. გული ამომიჯდა. რეზი გაშტერებული გვიყურებდა. პანი მარგიტი შეწუხდა. ნანობდა ეს ისტორია, რომ მოგვიყვა. მაქმანებიანი ცხვირსახოცით თვალები შეიმშრალა და ეზოში გამავალი კარი გამოაღო. ჰაერის სუფთა ნაკადი ოთახში შემოიჭრა და რამდენიმე გამხმარი ფოთოლიც შემოიყოლა. ტანსაცმლის საკიდი მიშლიდა ხელს. ტახტის კიდეზე მივიწიე  და გარეთ გავიხედე. გული რამის გამიჩერდა. ზამბახები ყვაოდნენ ბაღში. . .

ოჯახის ექიმი, მაღალი, შავგვრემანი, ხანშიშესული კაცი ხმაურით შემოვიდა. კუთხეებში შემოცვეთილი ძველი ჩანთა დაუდევრად დააგდო იატაკზე, ბუჩქივით ულვაში გადაისწორა და მერე გაგვეცნო. - კარლ ბენეში. დააზუსტა რა ენაზე შეეძლო ჩემთან საუბარი. მშვენივრად ფლობდა რუსულს. პაციენტთან მარტო დარჩენა ისურვა. რეზიმ და პანი მარგიტმა დაგვტოვეს.

გასინჯვა უცნაურად დაიწყო. თვალებში ჩამცქეროდა დიდხანს.  ჩემისთანა ლამაზი პაციენტი არ ყოლია არასდროს. ფეხებზე წერტილი არ დატოვა, რომ არ მოეშინჯა. საოცრად მომცრო და მშვენიერი ტერფები, ჩემს დიდებულ წარმოშობაზე მეტყველებდნენ თურმე. დამტანჯა გაუთავებელი კითხვებით. აქ გტკივა? იქ გტკივა? ფეხი ასწიე! ხელი დასწიე! მარჯვენა მხარეს ნეკნი მოტეხილი მაქვს. სტაციონალური მკურნალობაა საჭირო. თავბრუ არ მეხვევა. ო, ეს ძალიან კარგია! ფონენდოსკოპი ცივად დამადო მკერდზე. გულში შუილები შეინიშნება. ამის მკურნალობა ძალიან ადვილია. თავი გვერდზე გავწიე. მაწუხებდა გაუთავებელი ქსიტინი. მაისურის აწევაში დამეხმარა. ფილტვებიც უნდა მოვისმინოთ, სხვანაირად არ შეიძლება. მაქსიმალურად უნდა შემოწმდეს ყველა ორგანო. ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე. მერე თეძოზე ვიგრძენი ცივი და ოფლიანი ხელი. არაფერს მეკითხებოდა. საეჭვოდ გაყუჩდა ზურგს უკან. ხელმა მდებარეობა შეიცვალა და მუცლისკენ გაცურდა. მკვეთრად შემოვტრიალდი და ბალიში ჩავარტყი.

- ო, შე გარყვნილო! ფილტვები მუცელზე მაქვს?
ისეთი გულისამრევი იყო, ისეთი, ზიზღისგან გამაჟრჟოლა. სველი, წითელი ტუჩები გვერდზე მოექცა. კარს გახედა.
- ჩუ, ბარიშნია, ჩუ! ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ.
- ბინძურო, ბარიშნიას რუსეთის მიყრუებულ სოფლებშიც აღარ ხმარობენ.
- თქვენ სხვანაირად გამიგეთ. . . უბრალოდ, ერთი მოხუცი კაცი ვარ, ეტყობა წნევამ ამიწია. მოგეჭიდეთ, რომ არ წავქცეულიყავი. . . ახლავე დაგარწმუნებთ, ახლავე. . .
პერანგის სახელო აიკაპიწა. წნევის აპარატი გამომიწოდა.
- აი, გამიზომეთ და დარწმუნდით, რომ. . . ცოტა ასთმაც მაწუხებს. . .
მაჯაზე შავი დისკო ეხატა დაგრეხილი სხივებით. ენა ჩამივარდა. ზეთიანი თვალებით მაკვირდებოდა ბებერი. ჭადრაკის მოთამაშესავით ჩემს სვლას ელოდა. მოულოდნელად, საოცარი, გაბედული გადაწყვეტილება მივიღე. მეშინოდა, რეზი არ შემოსულიყო და  დაბალი ხმით დავუმარცვლე:
- კარლ ბენეშ, თქვენ მოკალით ლიზი და მაგდა ირასეკი.

ჯერ გაყუჩნდა, მერე გააცნობიერა, რაც ვუთხარი. ისედაც შავი უარესად გაშავდა. დაბნეული კედელს მიაწყდა დამფრთხალი ნადირივით. ყელსახვევს დაეჯაჯგურა, ძლივს შეიხსნა.
-საიდან. .  საიდან იცით?
სხვა, უფრო გამჭრიახი და ჭკვიანი გადაიხარხარებდა და რაღაც ამდაგვარს იტყოდა: “რას ამბობთ გოგონი, გააფრინეთ? ”მარცხენა ხელი და ფეხი აუკანკალდა. სულს ვერ ითქვამდა.
- მე ყველაფერი ვიცი. 
- არ მინდოდა. . . მე. . . მე. . . ვინ, ვინ გითხრათ?
ატირდა. სახეზე ნერვიულად ისვამდა ხელებს. ცრემლები და დორბლი ერთმანეთში აურია. არაჯანსაღი სუნთქვა ჰქონდა. გატეხილ ნეკნზე ხელი მივიჭირე და ტახტიდან შორს დავდექი. გაოგნებული ვიყავი ჩემი ექსპერიმენტის შედეგით.
- მოკვდი! მკვლელო! გარყვნილო!

ყველა ცუდი სიტყვა, რუსულად რაც ვიცოდი, შეუბრალებლად მივახალე. რაღაცას ლუღლუღებდა, პანი მარგიტმა არ უნდა იცოდესო, მგონი ამას მთხოვდა და იატაკზე მოწყვეტით დაეცა. რამდენიმე წამი ფართხალებდა. მერე,  გაშეშდა, პირი ღია დარჩა. სიკვდილის სუნი ვიგრძენი.

საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. გულგრილად გადავაბიჯე პან კარლ ბენეშს. უფრო ახლოდან გავხედე ბაღს. ღვინისფერ, თეთრ და ლაჟვარდისფერ ზამბახებზე ფრთახატულა პეპლები დაფარფატებდნენ. . .







       




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები