ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2014


დიდი მზე. პატარა მზე.

- როდის გამოგწერენ?
- მალე.
- როდის მალე?
- მალე.
- თმა რატომ შეიჭერი?
- მომბეზრდა.
- შეიძლება, მხარზე თავი დაგადო?
- შეიძლება.
- ტირიხარ?
- რას ამბობ?! თვალში რაღაც ჩამივარდა.
- ჩაგეხუტები რა?
- ფრთხილად, არ გადამაგდო!

- აუ, იცი რა გამახსენდა ახლა? სხვათა შორის, ხშირად მახსენდება და მიხარია, რომ მყავხარ. დედაჩემი მივლინებაში იყო და მშობელთა კრებაზე შენ გადაწყვიტე მოსვლა. დაგვიანებით მოხვედი. ბოდიში მოიხადე, გაწითლდი. გაშლილ თმას ატარებდი მაშინ, ოქროსფრად გიბრწყინავდა. ძალიან ლამაზი იყავი. მზესავით შემოანათე ჩვენს უბადრუკ, გასარემონტებელ საკლასო ოთახში. რიგებს შორის ამაყად ჩაიარე და ჩემი საყვარელი სუნამოს სურნელი დატოვე. საოცარი სიჩუმე იდგა. ყველა შენ გიყურებდა. ბოლოში დაჯექი. ბავშვები ერთ მხარეს ვიყავით მიყუჟულები. მესმოდა, როგორ ჩურჩულებდნენ - მარის მამიდა, მარის მამიდა. . . თვალებით მომძებნე და გამიღიმე. ძალიან სხვანაირი იყავი, ყველასგან განსხვავებული. ჩანთა მუხლებზე კი არ დაიდე, იატაკზე დააგდე, სკამთან ახლოს, დიპლომატი ქალივით..

- რატომ არ მახსოვს ეგ წვრილმანები?
- გიორგის მამა ხო გახსოვს? ერთადერთი მამაკაცი კრებაზე. დამრიგებლის შემდეგ სიტყვა რომ ითხოვა და მიკროფონი ვერ წავგლიჯეთ ხელიდან. რაღაც უაზრობებს ლაპარაკობდა. აი, მაშინ მოიწყინე, ფეხი ფეხზე გადაიდე და შემეშინდა, სიგარეტი არ  გაგებოლებინა.
- რა მიკროფონი?
- ო, ისე, პირობითად ვიძახი. ბევრი ილაპარაკა, თვალს არ გაცილებდა და კრების დასრულებამდე მთავარ ორატორობას ინარჩუნებდა.
- მერე?
- დერეფანში შემხვდა. მოგიკითხა. მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარო. ესაო, ისაო. აქ რა გინდაო. მოვატყუე, ბებიაჩემი წევს მეთქი მეორე სართულზე.
- როცა, ასეთ უწყინარ  ტყუილებს იძახი, ჩემი შვილი მგონიხარ.
- მართლა მალე გამოგწერენ?
- მართლა.
- რაზე გეღიმება? მითხარი, რა, მითხარი!
- შენი დაბადება გამახსენდა.
- ვაიმე! მიდი აბა, მიდი!

- შენ რომ დაიბადე, იმ დღესაც ასეთი საშინელი სიცხე იყო. რაღაც ვირუსი დადიოდა და სამშობიაროში არავის უშვებდნენ. შენს უნახავად როგორ წავიდოდი სახლში? შენობის ნაწილს უცხოელი მფლობელი არემონტებდა. ეზო სავსე იყო სამშენებლო მასალებით. როცა საჭიროა, მაშინ საოცრად გაბედული ვარ. პირამიდასავით დაწყობილ ბლოკებზე ავედი. მოვძებნე ჩვილების ოთახი. მერე ჩამოვხოხდი. ვიღაც მუშა საღებავებს აზავებდა. კიბე ვეთხოვე. უარს როგორ მეტყოდა. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებაო, გადამეკიდა. დავაი მეთქი! რა გაოცებული მიყურებ გოგო? ეს ჩემთვის ვთქვი. ჰო, და, მივადგი ფანჯარას კიბე და პალატაში გადმოვიპარე. ბავშვების სუნი იდგა ისეთი. . .
- როგორი?
- თბილი, სუფთა, ტკბილი. თხუთმეტი ბავშვიდან მაშინვე გამოგარჩიე. კოპლებიან, ვარდისფერ ნაჭერში დაუდევრად იყავი გამოხვეული. ეტყობა მომვლელი ახალი იყო. მხარი გიჩანდა და ფეხი გარეთ გქონდა გამოყოფილი.  მძივივით მრგვალ თითებს ოდნავ ამოძრავებდი. იმ ბავშვებიდან მარტო შენ გქონდა გრძელი, ოქროსფერი თმა. პატარა მზესავით იწექი. ტუჩებს აცმაცუნებდი. სიცხისგან ყელი წითლად გქონდა დახორკლილი. დროდადრო სლუკუნებდი. ისეთი უმწეო იყავი, ისეთი სათუთი და საყვარელი, სუნთქვა შემეკრა. შეიძლება არ დაიჯერო და მუხლები მომიდუნდა. იმ წუთიდან სიგიჟემდე შემიყვარდი. კოცნა ვერ გავბედე. ბალიშივით გამობურცულ ფეხისგულზე ხელი გადაგისვი და დავიფიცე, რომ შენი გულისთვის უამრავ სიგიჟეს ჩავიდენდი ცხოვრებაში. . .

- იცი, რა მაგრად მიყვარხარ?
- ვიცი.
- თვალში კიდევ ჩაგივარდა რაღაც?
- ჰო.
- როცა, ასეთ უწყინარ ტყუილს იძახი, დედაჩემი მგონიხარ.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები