ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2014


გეშხაპე

გეშხაპე
სოფლის თავში, სადაც გეშხაპე ცხოვრობს, მამალი არ ყივის. რაც არა ჰყავს, რა იყივლებს. არც ცხენი, არც ძროხა, ღორი,თხა და არანაირი ფრინველი არ ჭაჭანებს მის ეზო- გარემოში. მამამისმა ერთი ვირი დაუტოვა და ისიც მგელმა შეუსანსალა. მგონი არც გაუგია, ისევ ტყეში თუ ჰგონია. დილით რომ ადგებ ა და მიმოიხედავს, მისი ჩამოფლეთილი კარ-მიდამოს მეტს ვერაფერს მოჰკრავს თვალს, ვერც მეზობელი გამოეხმაურება, სხვა რა დარჩენია, ისევ ძილს უნდა მისცეს თავი, ან გადაჰკრას თუ რამე გააჩნია. ხშირად დედის სიკვდილს აღნიშნავს ხოლმე -დედის სიკვდილი არ უნდა აღნიშნოს კაცმა?! -თავს იმართლებს,გადაჰკრავს და დაეშვება თავდაღმართში.-ეეეეეეეეე გარბის წინ მისი ღრიალი და უკან გეშხაპე მისდევს. მუხრუჭს ჟორესის ჭიშკართან დაარტყამს და მძიმედ დაენარცხება " სკამეიკაზე", მწყრალად შემოხედავს იქ მჯდომი ოთარი ან ბერდიკო. -"ჰიკ"-, მიუტანს ყურთან პირს რომელიმეს, რაღაც უნდა თქვას, მაგრამ სლოკინი წინ უსწრებს.-" ვაი შენ და ზურნა-" გამოეპასუხება ერთ- ერთი. სხვათაშორის, აქ ასეთ მიმართვებს ხშირად გაიგონებთ: ოჯახქორო, ოჯახკეტიანო, ოჯახდასაქცევო, წაგიღოს წყალმა , ვაი შენს პატრონს და მისთანანი.
-ღაჭიდან ღიონს ღოღები ღო წამოუღია იცით?- როგორც იქნა აბამს თავს სათქმელს.
-წადი იქეთ, ნუ ბჟუტურობ ერთი ,თუ კაცი ხარ-
-შენი ბოდიალი გვაკლდა კიდე-
ესენი უფრო საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობენ:- არც წელს ივარგა მოსავალმა, ძროხის საჭმელ ჩალას ვერ მოიწევ კაცი, არც თივა იქნება, ამ ძროხასაც ვერ გააცილებ ეზოს, მგლები და დათვები სახლში გვიხტებიან,
-ჰიკ, ტურებიც-
გამოხედა ისევ მძიმედ ბერდიკომ
-მალე ფეჩთანაც გაგვათბეო, გვეტყვიან-აგრძელებს ოთარი და დამსკდარ ხელებს ითვალიერებს,
-რამდენი დავაგე ხაფანგი,იმდენჯერ ჩემი ბოთე შვილი გაება შიგ-
"ჰიკ" ასლოკინებს გეშხაპეს,  გაცინება უნდა და არ გამოდის. მისთვის საინტერესო აქ არაფერი ხდება  და ისევ დიდი ინერციით ეშვება უფრო ქვევით.ის ისე არაფერს  არ უფრთხილდება  ცხოვრებაში, როგორც ცხვირს. მამამისი და ბიძამისი სიმთვრალის დროს ცხვირებზე კბენდნენ ერთმანეთს და ბოლოს საფლავში ცხვირი არცერთს არ ჩაჰყოლია, ამიტომ სირბილის დროს არ დავეცე და ცხვირი არ მომტყდესო, სულ ცხვირზე უდევს  ხელი. ასე სირბილით უახლოვდება ცისანას ჭიშკარს და ენარცხება აქაც  "სკამეიკაზე", აქ უფრო დემოკრატიული განწყობაა და არავინ უბღვერს, პირიქით დასცინიან, რაც შეუძლიათ.
საქილიკოს მართლაც ბევრს მოძებნიან მის პორტრეტში...
-წადი ბიჭო, მაგ თავი ან დეიბანე, ან დეივარცხნე, ან მეიჭერი და კვახი დეიდევი ზეთ, კაცს მაინც არ შეაშინებ!
-შენ სავარცხელი იცი რას ნიშნავს?
-ეს რო ღამე სასაფლაოსთან შეგხვდეს, ხო წახდი კაცი!-
-ჰიკ, ვაი თქვენს პატრონს-.
-გაგიხეთქავს ძმარი მაგ კუჭს ერთ დღეს და წეიღებ წერილს რუბენასთან, მაინც ქე გკითხულობს თურმე, სად არის ჩემი ძმაკაციო.-
-დამალევიე მერე შენ კაი ღვინო-
-კი , ხვალ თხას დაგიკლავ , ასე თერთმეტ საათზე ჩამოდი, მანამდე  ვერ გავაღვიძებ მეცოდება,  ჭურს მოვხდი თავს და თამადად დაგნიშნავ!...
აქაც არაა ხეირი, დგება და ჭალისკენ მიემართება. იქ ჩასული ფხიზლდება უკვე. დაკვირვებით იხედება აქეთ -იქეთ. ანკესა არ იყოს სადმე. გიჟია ,გამოვარდება ნაჯახით და  ვინც შეხვდება, რეკავს  თავში. ქუჩაში არც სულელია ვინმე და არც ჭკვიანი, არც ფრინველი ჭაჭანებს და არც ცხოველი. სკოლის დირექტორი მოჩანჩალებს შორიდან. სრული შარვალი და გაჩეჩილი თავი ყველა მანძილიდან კარგად ჩანს." ამის შეხვედრა და ლექციები აკლდა ახლა. გზას უქცევს და სასაფლაოზე შედის.
მოითქვა სული კაცმა. აქ ერთადერთი ადგილია, სადაც არ დასცინებენ, არ შეუბღვერენ,გვერდს არ შეაქცევენ. პირიქით, ვალში არიან კიდეც მასთან. მხოლოდ ერთხელ სჭირდება სოფელს მისი თავი, ისიც მაშინ, როცა ვინმე მოკვდება. ეძებენ ყველგან, სახლში, კარში, ეზოში, ტყეში ველში-"სად წავიდა ეს უპატრონოო"- იძახიან. იპოვნიან და მიჰყავთ მკვდრის საპატრონოდ და საფლავის გასათხრელად. მასაც გადაეფინება სახეზე საქმიანი კაცის იერი და არაფერს ისე პასუხისმგებლობით არ ეკიდება, როგორც ამ საქმეს. ურტყამს მიწას წერაქვს, ლომს, თხრის თავგამეტებით, წვიმაში, ქარში, სიცხეში , მკვდარმა მაინც დაინახოს "რომ არაა გლახა კაცი" .
ჩამოჯდება რომელიმე საფლავთან, ესენი უკვე ყველა მისი მოკეთეები და ახლობლები არიან. დარჩება სადამდეც უნდა და როცა ქათამიც კი მიაგნებს თავის ადგილს, აითრევს წელს, და მძიმედ გაემართება იქ, სადაც მამალი არ ყივის.

-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები